Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ხელისუფლებას თავს ახსენებენ


3 დეკემბერს ინვალიდთა უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სახელმწიფო

კანცელარიის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლებას საკუთარი არსებობის ფაქტი შეახსენეს. “არ ვითხოვთ პრივილეგიებს, ვითხოვთ თანაბარ უფლებებს”; “ჩვენ არა ვართ უნარშეზღუდულები, ჩვენ ვართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ხელისუფლებისგან შესაბამის დამოკიდებულებას მოვითხოვთ"- საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ამ შინაარსის ტრანსპარანტები კანცელარიის წინ რამდენიმე საათით გამოფინეს. რა უჭირთ და რას ითხოვენ საქართველოში მცხოვრები ინვალიდები?

ინვალიდებისათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესები გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 20 ოქტომბრის რეზოლუციაშია ასახული. დავით მაისურაძე, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, განმარტავს, რომ ქართველი ინვალიდებიც ხელისუფლებისგან არა დახმარებას, არამედ თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ.

[დავით მაისურაძის ხმა] “ახლა ტენდენცია წავიდა, რომ მაინცდამაინც ყველა ინვალიდი დამოკიდებული უნდა იყოს ჯანდაცვის თანამშრომელზე. გავიარეთ ჩვენ თავის დროზე სამედიცინო რეაბილიტაცია და ახლა გვჭირდება ჩვენ სოციალური რეაბილიტაცია. არ არის ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი მუშაკების საქმე, ცხოვრების ბოლომდე როგორც პაციენტებს, ისე გვიყურონ. ზოგს ჰგონია, რომ ფულს ვითხოვთ. არ ვითხოვთ ფულს არავითარ შემთხვევაში. რაც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, ის შეგვისრულონ, რომ გვქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ყველას. შეგვეძლოს გადაადგილება, შეგვეძლოს შრომა, შეგვეძოს სწავლა.”

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ამტკიცებენ, რომ წლიდან წლამდე მათი მდგომარეობა უარესდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავაც არ არის ადაპტირებული ინვალიდთა საჭიროებისათვის, ხოლო უკვე მოწყობილი პანდუსები რატომღაც მოშალეს და ქუჩებს ძველი იერსახე დაუბრუნეს.
[მამაკაცის ხმა] “დღეს პირიქით ხდება - სწორდება ის ბორდიურები და ისევ კიბე ჩნდება იმ ადგილებზე, სადაც ასასვლელი იყო. შენდება ახალი შენობები, სადაც შეღწევა ინვალიდებისა შეუძლებელია. არადა, მიღებულია კანონი, რომ ყოველ ახალ შენობაში უნდა იყოს გათვალისწინებული ეს მომენტები, თან გადასახადებისგან არიან თავისუფალი, თუკი მოაწყობენ შენობას.”

ინვალიდები შეღავათების გაუქმების გამოც ჩივიან.

[მამაკაცის ხმა] “ასეთი რამე იქნება, კაცო? არაფერს არ გვაძლევენ. ავტობუსში რომ შევდივართ, გვაგინებენ, ინვალიდის საბუთს როცა ვაჩვენებთ.”

აქციის მონაწილეთა თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები მათი ოჯახების მდგომარეობაზე დადებითად არ ასახულა. უფრო პირიქით.

[ისმის ხმები] “ჩვენთვის არაფერი არ შეიცვალა აბსოლუტურად. უფრო გაუარესდა, წინ არ წასულა… “

მდგომარეობის გაუარესებამ უსინათლოთა თეატრის მუშაობასაც დაასვა დაღი. თეატრის ხელმძღვანელის სერგო სამხარაძის თქმით, ორი წარმატებული დადგმის შემდეგ დასის მუშაობა, ფაქტობრივად, პარალიზებულია:

[სერგო სამხარაძის ხმა] “უსინათლოთა თეატრი შევქმენით 4-5 წლის წინ. ორი სპექტაკლი ვითამაშეთ, ახლა მესამე სპექტაკლი გამოშვების სტადიაშია, მაგრამ არ არის ფული, რომ გამოვუშვათ. დეკორაცია ხომ გვინდა, ტანსაცმელი ხომ გვინდა… უსინათლოთა საზოგადოებას კი იმის ფული არა აქვს, რომ ჩვენ დაგვეხმაროს.”

უსინათლოთა საზოგადოების მსგავსად, არც ომის ვეტერანებს ულხინთ. ვახტანგ ჯორჯიკია, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დარწმუნებულია, რომ ომის ინვალიდთა სათანადო დაფასების გარეშე ქვეყანაში მხედრული სულის გაღვიძება შეუძლებელია:

[ვახტანგ ჯორჯიკიას ხმა] “ჩვენ ვამბობთ, რომ ჯარი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ როდესაც ჯარისკაცი ნახავს, ომის ინვალიდი როგორ ცუდ მდგომარეობაშია, რომელსაც პენსიასაც ვერ აძლევენ, არ აიცრუებს გულს?” (სტილი დაცულია)

ექსპერტთა თქმით, ინვალიდთა ყოფაზე ასევე არასახარბიელოდ აისახება ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, რომლის თანახმადაც, ინვალიდთა ორგანიზაციებს სოციალური გადასახადის ოდენობა 14-დან 20 პროცენტამდე ეზრდებათ. ხოლო იმ ფაქტს, რომ პარლამენტში ინვალიდობის საკითხზე მომუშავე ქვეკომიტეტი გაუქმდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ერთადერთ ახსნას უძებნიან: საქართველოში ინვალიდობის საკითხს ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG