Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სერგეი ბაღაფშს დიალოგის დაწყებას სთავაზობს


სერგეი ბაღაფშის მომხრეები 6 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას გეგმავენ, ბაღაფშის შტაბშიც და არძინბას გარემოცვაშიც ამ დღეს სერიოზულ გართულებებს არ გამორიცხავენ.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი უფლებამოსილების მოხსნას არ აპირებს, 6 დეკემბრისთვის დადგეგმილ ინაუგურაციის ღონისძიებას ის ხელისუფლების ძალისმიერი გზით მიტაცების მცდელობად განიხილავს და აფხაზეთის პრორუსული პოლიტიკის შეცვლის საშიშროებაზე ლაპარაკს იწყებს. ამ საშიშროებაზე მოსკოვშიც სერიოზულად ფიქრობენ. არძინბას გარემოცვის სასარგებლოდ მოსკოვი აფხაზეთის საშინაო საქმეებში ღიად ერევა, ამით აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ მიდის, მიხეილ სააკაშვილი კი სერგეი ბაღაფშს დიალოგის დაწყებას სთავაზობს. იცვლება თუ არა აფხაზეთში პრორუსული განწყობილებები?

აფხაზეთში მანდარინის სეზონი ჩაიშალა. რუსეთმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან საქართველოსთან შეუთანხმებლად აღდგენილი სარკინიგზო მიმოსვლაც ჩაკეტა და სახმელეთო საზღვარიც. ამ ღონისძიებით რუსეთმა აფხაზეთის მოსახლეობა სერგეი ბაღაფშის მხარდაჭერისთვის დასაჯა და მას სერიოზული ეკონომიკური დარტყმაც მიაყენა. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის ერთადერთი წყარო ციტრუსებია. საქართველოს ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, როგორ გაუხსნან აფხაზურ მანდარინს გზა ენგურს აქეთა საქართველოსკენ, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა.

სოხუმში, მანდარინის სეზონის ჩაშლის გარდა, 6 დეკემბრის მოახლოება ადარდებთ. ამ დღისთვის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციაა დაგეგმილი. მისი მომხრეები მოკრძალებულ ცერემონიალს ამზადებენ, მით უფრო, რომ ინაუგურაციის დღეს გართულებებს არ გამორიცხავენ. ბაღაფშის შტაბიდან ვრცელდება ინფორმაცია 6 დეკემბერს სოხუმში მოსალოდნელი არეულობის შესახებ. იქვე გამოთქვამენ ეჭვს, რომ წინასწარ დაგეგმილ არეულობას უნდა უკავშირდებოდეს სოხუმში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოადგილეების ჩასვლა. არძინბას გარემოცვის სასარგებლოდ აფხაზეთის საშინაო საქმეებში მოსკოვის ღია ჩარევა ბაღაფშის მხარდამჭერების აშკარა უკმაყოფილებას იწვევს, ისინი კი აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. იცვლება თუ არა მათი პრორუსული განწყობილება, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ არძინბას ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ ბოლო დროს მოსკოვის მიმართ საყვედურების გამოთქმას მოუხშირეს. “რა თქმა უნდა, მოსახლეობა შეშფოთებულია. რუსეთის მოქმედებით, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეები ზარალდებიან, ისინი კი აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, “ - ასეთია თავად ბაღაფშის კომენტარი რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე. მის შტაბში ეჭვი არ ეპარებათ, რომ 6 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, თუმცა როგორი იქნება 6 დეკემბერი სოხუმში, ვინ და რამდენად შეძლებს 6 დეკემბრის შემდეგ აფხაზეთის მართვას, ამ კითხვაზე პასუხი, ფაქტობრივად, არა აქვს არძინბას გარემოცვას.

[როინ აგრბას ხმა] “ პროგნოზირება ძნელია. გართულებები იქნება, თუმცა არა მგონია საქმე სისხლისღვრამდე მივიდეს. პრეზიდენტი არ აპირებს უფლებამოსილების მოხსნას და ამის შესახებ განცხადება მან დღესაც გააკეთა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლებაში ბაღაფშის არაკანონიერი გზით მოსვლის მცდელობასთან. “

ეს იყო ვლადისლავ არძინბას პრესმდივანი როინ აგრბა. როგორც მოვისმინეთ, მას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სოხუმში 6 დეკემბერს. თბილისში კი უკვე ბაღაფშთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას, თუმცა მზად არის დიალოგი აწარმოოს ჯგუფთან, რომელსაც აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ის ხალხი, ვინც ახლა აირჩა, გამოხატავს აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს. ამდენად, საქართველოს ხელისუფლება მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება ამ ჯგუფთან და პირადად სერგეი ბაღაფშთან. “

“ეგღა გვაკლდა. ეს პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს განხეთქილებას აფხაზებს შორის და აფხაზეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაპირებთ სააკაშვილთან მოლაპარაკებას,” - ჯერჯერობით ასეთია ბაღაფშის პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზე.
XS
SM
MD
LG