Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ვაჟა მთავრიშვილი გაზეთ ”თავისუფლებას” გამოსცემს


ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ვაჟა მთავრიშვილსა და მის მიერ გამოცემულ გაზეთ ”სვობოდაზე” (თავისუფლებაზე) გესაუბრებით.

ვისაც საქართველოს ეროვნული მოძრაობის წლები ახსოვს, მას არ გაუჭირდება ძველი დისიდენტის, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, შემდეგ კი ”მოქალაქეთა ლიგის” დამაარსებლის ვაჟა მთავრიშვილის გახსენება. მან საქართველო 1994 წლის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ უცხოეთში მოღვაწეობს, ბოლო წლებში კი - პრაღაში. რამ აიძულა ვაჟა მთავრიშვილი საქართველოდან წამოსულიყო და რატომ გამოსცემს იგი პრაღაში გაზეთ ”თავისუფლებას”? ამის გასარკვევად მას გაზეთის რედაქციაში ვესტუმრაე.

[ისმის ძველი მიტინგის ხმა]

ეს ხმები, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ამსახველი ხმები გამახსენდა, როდესაც გაზეთ ”სვობოდას” (“თავისუფლების”) რედაქციის წინ ვაჟა მთავრიშვილი დავინახე. იგი მერაბ კოსტავასთან, გიორგი ჭანტურიასთან, ირაკლი წერეთელთან, ზვიად გამსახურდიასა და სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოში 1988 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა. ვაჟა მთავრიშვილმა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ადრეც სცადა და ამის გამო, 20 წლის ასაკში, საბჭოთა ციხეშიც ამოაყოფინეს თავი.
მან ბევრ სხვა გასაჭირსაც გაუძლო და, უამრავი სირთულის მიუხედავად, საკუთარ შეხედულებათა რეალიზებისთვის პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოში 1994 წლის ბოლომდე განაგრძობდა.

[ვაჟა მთავრიშვილის ხმა ] ” 10 კაციანი სია იყო შედგენილი, რომელთა მოკვლაც ჰქონდათ განზრახული. იმ სიაში იყო გია ჭანტურიაც. გია ჭანტურია მოკლეს და მეც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა.”

თუმცა საქართველოდან წამოსვლა მაინცდამაინც მარტივი არ ყოფილა. თავის გადასარჩენად ვაჟა მთავრიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა კასპის რაიონში გემიც კი ააგეს. თავად გახლავართ ამ გემის უშუალო მხილველი. მეორე გემი კი მთავრიშვილის პარტიის წევრებს ბათუმში ჰქონიათ, თუმცა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა საქართველო სხვა გზით დატოვა. მე ვკითხე, ისეთი მაინც რა პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდა, რომ საქართველოში ახლაც არ დაედგომება.

[ვაჟა მთავრიშვილის ხმა] ”დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც მისი წინამორბედი, არალეგიტიმურია, იმიტომ რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია არაფრად ჩააგდეს და საბჭოთა კონსტიტუციით მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ეს კოლაბორაციონისტული ხელისუფლებაა.”

ვაჟა მთავრიშვილის ასეთი პოზიცია გაზეთ “სვობოდას” რედაქციაში შეკრებილ ქართველებშიც კი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და, როგორც ჩანს, პოლიტიკით დაინტერესებულ პრაღელ ქართველთა კამათიც უცხო არ არის გაზეთის რედაქციის კედლებისთვის.

[ისმის კამათის ხმა]

დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვაჟა მთავრიშვილი მტკიცედ იცავს თავის პოზიციებს და სწამს, რომ საქართველო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მაშინ გახდება, როდესაც ქვეყანა 1918 წელს მიღებული კონსტიტუციით ცხოვრებას დაიწყებს.

[ვაჟა მთავრიშვილის ხმა] ”ეს არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა -უარყოფილია კონსტიტუცია, გერბი, დროშა....”

[ისმის დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი]

ვაჟა მთავრიშვილი თავისი პოლიტიკური შეხედულებების გავრცელებისა და ქართული საზოგადოებისთვის გაცნობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად პრაღაში გამომავალ გაზეთ ”თავისუფლების” ინტერნეტვერსიას მიიჩნევს, რომლის მისამართია www.libertydp.org

გაზეთს ვაჟა მთავრიშვილი პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული პარტიის პოპულარიზების მისიასაც აკისრებს და საკმაოდ ამბიციური გეგმის განხორციელებასაც ფიქრობს.

[ვაჟა მთავრიშვილის ხმა] ”ყველაფერი რასაც ვაკეთებდი არარეალური ცანდა ხოლმე. ახლაც ასეა, ვცდილობ აქ დასავლეთში შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც საქართველოს რუსეთის ზეწოლისგან გადაარჩენს.”
XS
SM
MD
LG