Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუქი არ გვაქვს - სამაგიეროდ, გვაქვს შესრულებული ბიუჯეტი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ეკონომიკურ წრეებში ისევ ფინანსურ ამნისტიაზე კამათობდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულებით კმაყოფილებას გამოხატავდნენ და

ენერგოკრიზისს ებრძოდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფისკალური უწყებების მუშაობის შედეგად, ნოემბერში ბიუჯეტმა, საგადასახადო შემოსავლების სახით, 157 მლნ 700 ათასი ლარი მიითვალა, რითაც მთავრობა კმაყოფილებას ვერ მალავს, ხოლო ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე კოლეგებს ახარებს, რომ ეს ციფრი საქართველოს ყველა დროის რეკორდია. 2004 წლის ბიუჯეტის გეგმა, საერთო ჯამში, 110 ლარიანი გადაჭარბებით არის შესრულებული, რის გამოც აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისგან საბიუჯეტო ცვლილებებს მოითხოვს. ნოღაიდელის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში აუცილებელია, რათა დამატებით მობილიზებული თანხები დაუყოვნებლივ მოხმარდეს პრიორიტეტულად მიჩნეული სფეროების აღორძინებას.

წლევანდელი ფისკალური გამოცოცხლება ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლებში მუდმივი სიამაყის თემაა, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან აქამდე საქართველოსათვის საბიუჯეტო წესრიგთან მინიმალურ მანძილზე მიახლოებაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, წელს კი სამართალდამცავებისა და ფისკალური ორგანოების, ხშირად გადამეტებული, მონდომების წყალობით, ხაზინაში რეალური ფული გაჩნდა, თანაც გაჩნდა იმაზე მეტი, რისი ოპერატიულად დახარჯვაც საფინანსო უწყებას შეუძლია. სავარაუდოა, რომ წლის დასაწყისიდან აღებულ არცთუ ურიგო სტარტს, ფინანსთა სამინისტრო არც დამაგვირგვინებელ ფინიშს დააკლებს და ”რეკორდსაც” გააუმჯობესებს. მომავალი წლის ფისკალური წესრიგი კი, დიდწილად, ახალ საგადასახადო კოდექსსა და იმ საკანონმდებლო აქტების რეალიზებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პარლამენტშია გადაგზავნილი და რომელსაც, არცთუ მცირერიცხოვანი საკამათო ”სენტენციების” გამო, მიღება ვერა და ვერ ეღირსა. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ეკონომიკური ხასიათის თითქმის ყველა კანონპროექტი, რომელთა შორის გამორჩეულია ახალი საგადასახადო კოდექსი და საგადასახადო და ფინანსური ამნისტია. თუმცა ამ შემთხვევაში საკამათოა არა ამგვარი საკანონმდებლო აქტების მიღების მართლზომიერება, არამედ შინაარსი. იმავე ფინანსური ამნისტიის გავრცელების არეალის თაობაზე დღემდე ვერ თანხმდებიან არათუ განსხვავებული პოლიტიკური ძალები, თავად სახელისუფლებო ფრაქციაშიც არ არის ბოლომდე ყველაფერი გარკვეული. ამ პლურალიზმის გამო, რაც, ერთი შეხედვით, მისასალმებელია, პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა გაძნელებულია და, შედეგად, კანონის მიღება ჭიანურდება. ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით საქმე მიდის იქამდე, რომ, ალბათ, საჭირო გახდება იმ თანამდებობის პირთა ერთგვარი ნუსხის შექმნა, რომლებზეც ამნისტია არ გავრცელდება. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი ამგვარი გამიჯვნის მომხრეა და კულუარებში ამგვარ ე.წ. უპატიებელთა სიის არსებობაზეც საუბრობენ. პარლამენტარ გიგა ბოკერიას აზრით, ეს ნუსხა უნდა მოიცავდეს როგორც პოლიტიკურად მაღალი თანამდებობის პირებს, ისე სახელმწიფო მოხელეთა ფართო სპექტრს, რეგიონალურ და რაიონულ ჩინოვნიკებს:

[გიგა ბოკერიას ხმა]”პრეზიდენტის რწმუნებული, გამგებელი, მსხვილი დეპარტამენტების - მაგალითად, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების - უფროსები და ა.შ., რაიონული პროკურორები - მე არ მიმაჩნია, რომ მთელი ეს ხალხი იყოს სიტუაციის მსხვერპლი. აქ არ არის ლაპარაკი რიგით თანამშრომლებზე ან, შესაძლოა, წვრილი თანამდებობის პირებზე.”

”უპატიებელთა” სიის ამგვარ ფართო გაგებას თავად უმრავლესობაშიც ჰყავს ოპონენტები. მიხეილ მაჭავარიანის აზრით, არ შეიძლება ამ აქტის მიღმა დავტოვოთ ყველა, ვისაც თანამდებობრივად დეკლარაციის შევსება ევალებოდა. ბევრი მათგანი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას და, უბრალოდ, გარემოებათა და გაუკუღმართებული რეჟიმის მსხვერპლი იყო. მიხეილ მაჭავარიანს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით დროზეა მისაღები:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ეს არის თემა, რომელსაც ან არ უნდა შევხებოდით საერთოდ და მიგვეღო მხოლოდ საგადასახადო ამნისტია, ან, თუ შევეხეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება. არ შეიძლება ასე ჰაერში ვილაპარაკოთ ამდენი.”

არანაკლებ რთულად არის საქმე საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის გამარტივებაზე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საუბრობდა მთავრობა და რომლის ბედიც დღემდე საბოლოოდ არ არის გარკვეული. სხვადასხვა დეტალების გარდა, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტებს შორის დაპირისპირებას იწვევს ქონების გადასახადის შინაარსი და განაკვეთი. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა და საკანონმდებლო ხელისუფლება კონსენსუსს უკვე კვირის დასაწყისში გვპირდებიან, თუმცა თავად საპარლამენტო განხილვებისას, უნდა ვივარაუდოთ, არც კოდექსის სხვა მუხლები იქნება კანონმდებელთა საყოველთაო აღფრთოვანების საგანი.

გასულ კვირას მთელი სიმწვავით შეგვახსენა თავი საქართველოსთვის უკვე ტრადიციულმა ენერგოკრიზისმა. იმას, რომ აცივებასთან ერთად ”სინათლე ჩვენს ფანჯრებში” პირდაპირპროპორციულად იკლებს, ვერც რევოლუციამ უშველა და ვერც სხვადასხვა რანგის ენერგეტიკოსების დაჭერამ. საქართველოს ჩაბნელებულ და გათოშილ რეგიონებს კვირის ბოლოს დედაქალაქიც ”ამოუდგა მხარში”. საქართველოში ენერგეტიკის მინისტრები იცვლებიან, მაგრამ ამ თანამდებობის პირთა მიერ დასახელებული ენერგოკრიზისის გამომწვევი მიზეზების ”არსენალი”, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. საზოგადოებას მხოლოდ იმაზე უწევს მარჩიელობა, ყოველ კონკრეტულ კრიზისზე რომელ მათგანს ამოეფარება მთავრობა.

ენერგეტიკა გასულ კვირას პრემიერთან გამართული პერმანენტული შეხვედრების მუდმივი თემაც იყო. ზურაბ ჟვანია 24 საათიან ელექტრომომარაგებაზე, როგორც ჩანს, უკვე აღარ ოცნებობს, უბრალოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ რამენაირი, მეტ-ნაკლებად ადამიანური, გრაფიკით მაინც მიეწოდოს მოსახლეობას ელექტოენერგია:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”მოლოდინი, რომ საქართველოს რეგიონებში იქნება 24 საათიანი ელექტრომომარაგება, არის აბსოლუტურად ტყუილი და ჩვენ უნდა მოვატყუოთ მოსახლეობა, რომ მსგავსი ილუზიები შევუქმნათ, მაგრამ ყველანაირად არის იმის წინაპირობა, რასაც ადრე ვაცხადებდით, რომ დაცული იყოს ადამიანური, ნორმალური გრაფიკი და დეკემბრის განმავლობაში ეს სისტემა უნდა ამოქმედდეს მთლიანად.”

ხელისუფლება, წინაც და ამჟამინდელიც, ყოველი წლის დასაწყისში გვპირდება, რომ სწორედ ეს წელი იქნება ენერგეტიკული კრიზისის დაძლევისათვის გარდამტეხი, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული ენერგეტიკული მონსტრი თავად ისეა წელში გადამტყდარი, რომ მასზე არანაირი ”თერაპია” აღარ მოქმედებს, მოსახლეობას კი თავის დასამშვიდებლად, ალბათ, ისღა დარჩენია, რომ ზამთარში, შუქი თუ არა, შესრულებული ბიუჯეტი მაინც ექნება.
XS
SM
MD
LG