Accessibility links

logo-print

ბჰოპალის ავარიის მე-20 წლისთავი


20 წლის წინ ინდოეთში მოხდა სამრეწველო ავარია, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ქიმიურ კატასტროფად ითვლება. ლაპარაკია 1984 წლის 2 დეკემბრის მოვლენაზე,

როცა ადამიანისათვის მეტად სახიფათო მომწამვლელმა ნივთიერებამ - მეთილის იზოციანატის გაზმა - გაჟონა კონტეინერიდან ამერიკულ კომპანია “იუნიონ კაბაიდ კორპორეიშენის” ბჰოპალის ქარხანაში და ძილში მოკლა ათასობით ადამიანი. ძილში იმიტომ, რომ ავარია ღამით მოხდა. თუმცა, ტრაგედია იმ ღამეს არ დამთავრებულა.

1984 წლის 2 დეკემბრის ღამეს ცენტრალური ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში 3 500-მდე ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ დღემდე, 20 წლის მანძილზე, 15 000-ზე მეტი ადამიანი. ასეთია ოფიციალური მაჩვენებლები, რომელთაც ინდოეთის მთავრობა იძლევა. ამ დროს, ბჰოპალელების უფლებათა დამცველები ირწმუნებიან, რომ დაღუპულების რიცხვი სინამვდილეში თითქმის ორჯერ მეტია. ცნობილი “ამნესტი ინტერნეშენალი”, მაგალითად, 25 000-მდე მსვხერპლზე ლაპარაკობს. ლაპარაკია დაღუპულებზე, თორემ დაზარალებულების, ავარიის შედეგად დაავადებულების რიცხვი 800 000-ს აღწევს - და ეს ოფიციალური ინფორმაციით.

რას შეიძლება მოელოდნენ, ან რას უნდა მოითხოვდნენ ფირმისაგან, რომლის საქმიანობაც ასეთი კატასტროფის მიზეზი გახდა? ამ საკითხზე მოსაზრებებს გამოთქვამს ვიჯაი ნაგარაჯი, “ამნესტი ინტერნეშენალის” მიერ ბჰოპალის კატასტროფის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი: [ვიჯაი ნაგარაჯის ხმა] “რაც შეეხება "იუნიონ კაბაიდს", უნდა ჩამოვიდნენ და სასამართლოს წინაშე პასუხი აგონ, უნდა გაწმინდონ მათი ქარხნით დაბინძურებული გარემო. სრული ანაზღაურება უნდა გადაუხადონ მსხვერპლს და გაავრცელონ სრული ინფორმაცია იმ ღამეს გაჟონილი გაზის შემადგენლობაზე”.

კომპანია იუნიონ კაბაიდის ვალდებულებებზე, ცხადია, ახლა არ ალაპარაკებულან. ამერიკულმა კომპანიამ და ინდოეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1989 წელს გააფორმეს შეთანხმება, რომლის შესაბამისად, კომპანიამ გადაიხადა 470 მილიონი დოლარი - მსხვერპლის დასახმარებლად განკუთვნილი თანხა.

კომპანიამ, მართალია, გადაიხადა, მაგრამ ამ თანხის ნახევარზე მეტი (თითქმის ორი მესამედი) დღემდე არ არის მისული დანიშნულების ადგილამდე - ავარიის მსხვერპლამდე.

[პრაკაშ ჯაინის ხმა] “რა კომპენსაციაც უნდა მივიღოთ, საკმარისი არ იქნება, რადგან ტრაგედია მეტისმეტად დიდი იყო. ადამიანები აქ ცოცხალი ლეშებივით არიან - ყველა რაღაცით ავადმყოფობს, ჩვენ არაფერი გვეშველება. ცოლის მკურნალობაში 200 000 რუპიაზე მეტი დამეხარჯა, კომპენსაციის სახით კი აქამდე სულ 25 000-მდე რუპია მომცეს”, ამბობს ბჰოპალის ავარიით დაზარალებლი რამ პრაკაშ ჯაინი.

ის რომ არ აზვიადებს, ბჰოპალის მოსახლეობის მდგომარეობა რომ მართლაც ძალიან მძიმეა, აბდულ ჯაბარის სიტყვებითაც დასტურდება - ჯაბარია აქტივისტი, რომელიც ავარიის შედეგად მოწამლულებს ეხმარება. [აბდულ ჯაბარის ხმა]
“ხალხი, უბრალოდ, იხოცება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იხოცება არასწორი მკურნალობის გამო. დიაგნოზი არ არსებობს, ექიმბაშები არიან გაბატონებული. ხალხს ფული არა აქვს. იმის გამო, რომ გაუთავებლად ავადმყოფობენ, წესიერად ვერც საქმე აკეთებენ.”

ამდენი უბედურების გამომწვევი ქარხანა, რომელშიც ერთ დროს პესტიციდებს ამზადებდნენ, წლების მანძილზე მიტოვებული და დაცარიელებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ბჰოპალისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. ორგანიზაცია ¨გრინპისის¨ ინფორმაციით, ქარხნის შენობაში მოხვედრა ძალიან ადვილია ღობის, დამცავი კედლისა და მცველების მიუხედავად. შენობის წინ გადაშლილ მინდვრებს კი საძოვრებად იყენებენ, არც ბავშვებს უშლიან იქ თამაშს.

არადა, ბრიტანელი ჟურნალისტი პოლ ვიკერსი, რომელსაც ავარიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით მოუწია ბჰოპალში ჩასვლა, ირწმუნება, რომ ჰაერში ქიმიური ნივთიერებების სუნი დგას და გაჩერებულ ქარხანასთან შეამჩნევთ დაჟანგულ კონტეინერებს, რომლებიდანაც ქიმიური ნივთიერებები ჟონავს.

ამ ვარაუდის შესამოწმებლად პოლ ვიკერსმა, რომელიც BBC-ის კორესპონდენტია, იქვე, ჭიდან წყლის სინჯი აიღო და ბრიტანეთში ჩაიტანა. ლაბორატორიაში კი ანალიზმა აჩვენა, რომ წყლის დაბინძურების დონე 500-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ნორმას.

ბჰოპალის ადგილობრივი მმართველობაში უარყოფენ ცნობას, თითქოს სასმელი წყალი ასე დაბინძურებული იყოს. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ დაიწყო ავარიის ადგილის მორიგი შემოწმება, რასაც მისი ასევე მორიგი გაწმენდა უნდა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG