Accessibility links

საქართველოში ინვალიდთა საერთაშორისო დღე ინვალიდთა აქციის დაშლით აღინიშნა


თამარ ჩიქოვანიო, თბილისი საქართველოში ინვალიდთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა და ბევრიც უახლოესი ერთი კვირის მანძილზე გაიმართება. მაგალითად,

4 დეკემბერს „ძველ გალერეაში“ შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების ნახატების გამოფენა გაიმართა. 7 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში ინვალიდთა პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართება. თუმცა საეჭვოა, ის, რაც 3 დეკემბერს, საღამოს, კანცელარიის შენობის წინ მოხდა, საზეიმო განწყობილების საფუძველს ქმნიდეს.

3 დეკემბერს, ინვალიდთა საერთაშორისო დღეს, წევრები კოალიციისა „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ - ეს კოალიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს - კანცელარიის წინ აქციას აწყობდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ სურდათ ხელისუფლების პოზიციის დადგენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის დავით მაისურაძის განცხადებით, ისინი ხელისუფლებისგან არა დახმარებას, არამედ თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ:
[ დავით მაისურაძის ხმა] „ ახლა ტენდენცია წავიდა, რომ მაინცდამაინც ყველა ინვალიდი უნდა იყოს დამოკიდებული ჯანდაცვის თანამშრომლებზე. გავიარეთ ჩვენ სამედიცინო რეაბილიტაცია და ახლა გვჭირდება სოციალური რეაბილიტაცია. არ არის არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც მედიცინის მუშაკთა საქმე ცხოვრების ბოლომდე როგორც პაციენტებს, ისე გვიყურონ. ზოგს ჰგონია, ფულს ვითხოვთ. არ ვითხოვთ! რაც არის კონსტიტუციური უფლებები, ის შეგვისრულონ: რომ გვქონდეს თანაბარი უფლებები ყველასთან; შეგვეძლოს გადაადგილება, სწავლა, შრომა.“
გადაადგილებისა და სწავლის რა გითხრათ, მაგრამ 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოების იმ ნაწილთან ნამდვილად გაათანაბრეს, ვის საპროტესტო აქციებსაც ხელისუფლება ცივილიზებულად, მაგრამ მაინც, შლის. 3 დეკემბერს, როცა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოლოდინში გათოშილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა კანცელარიის შენობის წინ კოცონი დაანთეს, საპატრულო პოლიციამ აქცია დაშალა. დაშლის კადრები მხოლოდ ორმა ტელევიზიამ გაუშვა ეთერში - ტელეკომპანია „202“-მა და სახელმწიფო ტელევიზიამ.
კოალიციის გამგეობის წევრის გია ძნელაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტს არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ:
[ გია ძნელაძის ხმა] „ დაგვირეკეს: გვითხარით, თუა საჭირო, აქა ვართო...ვუთხარით, რომ დღეს რაღაც შეხვედრა იგეგმებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს...ისიც ვუთხარით, რომ ხვალ ვიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასე უბრალოდ ეს არ დამთავრდება. ამას არ გადავყლაპავთ.“
„დამოუკიდებელი ცხოვრება - ეს ნიშნავს, გააკეთო დამოუკიდებელი არჩევანი, გარისკო, დაუშვა შეცდომები და მიიღო გადაწყვეტილებები“ - ეს ნაწყვეტი გახლავთ კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრების“ მისიიდან. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, და მიიღეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგობის მიუხედავად, კიდევ უფრო ხმამაღლა უთხრან ხელისუფლებას, რომ ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.
XS
SM
MD
LG