Accessibility links

logo-print

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას რეფორმირება სჭირდება

  • ნინო როდონაია

ორშაბათს სოფიაში მუშაობას იწყებს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს ორდღიანი სხდომა,

რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ეუთოს რეფორმირებაა.
ორგანიზაციის ამჟამინდელ თავმჯდომარეს სოლომონ პასის იმედი აქვს, რომ სოფიის ფორუმზე მიღწეული შეთანხმებები ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში ეუთოს გაცილებით კონკრეტულ ადგილს დაუმკვიდრებს და მის ავტორიტეტს აამაღლებს.
რამდენად შეუწყობს ხელს ამ პროცესს რუსეთი, რომელსაც ხშირად აღიზიანებს პოსტსაბჭოთა სივრცეში - მათ შორის, საქართველოში - ეუთოს აქტიურობა?!


მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ეუთო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისადმი ზედმეტ ინტერესს იჩენს ისეთ საკითხებში, როგორიცაა არჩევნები და საზღვრების მეთვალყურეობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთოს მიერ წარმოებული მონიტორინგი ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციადაა შეფასებული, მოსკოვი მის შეწყვეტას მოითხოვს და არგუმენტად ოპერაციის სიძვირე მოჰყავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ამჟამად სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრს ხელმძღვანელობს, მოსკოვის გაღიზიანებას იმით ხსნის, რომ ეუთოს მეთვალყურეები ხელს უშლიან რუსეთის გეგმების რეალიზებას:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,სწორედ ეს გახდა მიზეზი, პრაქტიკულად, ეუთოს საქმიანობის ტორპედირებისა ვენაში. მე მინდა გაგახსენოთ მოთხოვნა: საზღვრის მონიტორინგის ოპერაცია ნაკლებად ეფექტურია და ამაზე ფულის გადაყრა არ ღირს, ამიტომ ეს ოპერაცია უნდა შეწყდესო. წარმოიდგინეთ, როგორი განწყობის პოლიტიკური ძალა გააკეთებდა ასეთ განცხადებას?! მხოლოდ ის, ვისაც ეს მისია ხელს უშლის საკუთარი მიზნის მიღწევაში.”

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, იგი მოელოდა, რომ რეგიონში ეუთოს აქტიურობა რუსეთისთვის მისაღები არ იქნებოდა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გია ვოლსკი მოსკოვის გაღიზიანებას ნორმალურ სამუშაო პროცესს უწოდებს:

[გია ვოლსკის ხმა] ,,ეუთოს მეთვალყურეთა ყოფნა საზღვარზე თავად რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს, თუ მას რეალურად სურს, რომ საქართველოს მიმართ აღარ ჰქონდეს პრეტენზია, თითქოს რაღაც საფრთხე ელოდება ჩვენგან. ეს აბსურდული ბრალდებები რომ მოიხსნას და თვითონაც დამშვიდდეს, რასაკვირველია, მას უნდა აწყობდეს ეუთოს მონიტორინგი იქ.”

რუსეთის გაღიზიანების კიდევ ერთ მიზეზად გია ვოლსკი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ ეუთო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში საკუთარი როლის გაზრდას ცდილობს.
ცხინვალის რეგიონში ეუთოს მისიის მოქმედებას მნიშვნელოვანს უწოდებს ირაკლი მენაღარიშვილიც:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,ის, რომ გასულ ზაფხულს მისი საქმიანობა საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა, არ არის საკმარისი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ამ მისიას ყავლი გაუვიდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში მისია კვლავ შეასრულებს სერიოზულ როლს.”


სწორედ ეუთოს უკავშირდება საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც 1999 წელს სტამბულის სამიტზე მოხდა და სათავე დაუდო ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების გაუქმების პროცესს. ამასთან, ეუთოში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ, მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებისა, მოსკოვი საქართველოში საკუთარი ბაზების შენარჩუნებას ცდილობს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების დღევანდელი მდგომარეობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ წევრ ქვეყანას, რომელსაც არ სურს ფორუმის მოთხოვნები სრულყოფილად შეასრულოს, ჯერ კიდევ ეძლევა საშუალება საკუთარი ჩანაფიქრი განახორციელოს.”

მიუხედავად არაერთი ფორუმისა, ეუთომ ჯერჯერობით ვერ მიაღწია იმას, რომ რუსეთმა საბოლოოდ შეასრულოს საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები.
ეუთოს საქმიანობის არასრულყოფილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირაკლი მენაღარიშვილი ასახელებს ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესს, რის გამოც სხვადასხვა საკითხთა ბლოკირება ეუთოს ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ,,სწორედ ამ წესის ბოროტად გამოყენების ნიმუში გახლდათ ეუთოს რამდენიმე სამიტზე და მინისტრთა კონფერენციაზე მიუღებელი გადაწყვეტილება, ანუ ამ საკრებულოების დასრულება ისე, რომ ეუთომ ვერ შეძლო ფინალური დოკუმენტის მიღება. ყველა ამ შემთხვევაში, მინდა გაგახსენოთ, კონსენსუსი დაბლოკა რუსულმა მხარემ, რადგან მას სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში შექმნილი ვითარების შეფასება არ აწყობდა.”

ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ეუთოს სერიოზულად დაფიქრება და მუშაობა მოუწევს, თუკი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მართლაც ეფექტური ინსტრუმენტობა სურს.
ორგანიზაციის რეფორმირებაზე მსჯელობა ორშაბათს სოფიაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, დაიწყება.
უკვე ცნობილია ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ერთი ინიციატივაც, რომელიც ბალკანეთიდან კავკასიაში ეუთოს რესურსების გადანაწილებას ითვალისწინებს.
ამასთან, უკვე გამოითქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რუსეთი ეუთოს მომავალი საქმიანობის წარმართვას საკუთარი მოდელის მიხედვით შეეცდება. ექსპერტთა შეფასებით, მოსკოვის ზეწოლისგან გათავისუფლების შემთხვევაში, ეუთო დაამტკიცებს, რომ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არა ფორმალური, არამედ საკმაოდ წონიანი დამცველია.
XS
SM
MD
LG