Accessibility links

logo-print

გასულ კვირას ქართველმა კინოკრიტიკოსებმა უკვე


გასულ კვირას ქართველმა კინოკრიტიკოსებმა უკვე

ხმამაღლა და, რაც მთავარია, ერთხმად დაიწყეს საუბარი ეროვნულ კინოში შექმნილ კრიზისზე. ქვეყანაში აღდგა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებული ტრადიცია - კინოკრიტიკოსებისა და რეჟისორების ერთობლივი კონფერენცია, რომელიც ყოველთვის ვნებათაღელვით გამოირჩეოდა ხოლმე. თბილისის კინოს სახლში გამართულ ამ ღონისძიებაზე ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ, დღეს კი თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ეგრეთ წოდებულ “ალტერნატიულ კინოზე”, ე.ი. არაპროფესიონალების მიერ გადაღებულ ფილმებზე, რომელიც კრიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა... “არაპროფესიონალებში” ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც კინორეჟისორის დიპლომი არა აქვს და ამის გამო უჭირს კინემატოგრაფისტთა ელიტაში დამკვიდრება. თუმცა მინიმალური ბიუჯეტით ან მცირე გრანტით გადაღებულ მათ ფილმებში პროფესიონალიზმი ზოგჯერ უფრო საგრძნობია, ვიდრე იმ ხალხის ნამუშევრებში, ვინც თავის თავს “კინორეჟისორს” უწოდებს.

ქართულ სივრცეში “უდიპლომო კინორეჟისორების” მომრავლება თავად ეპოქამ განაპირობა. კინოწარმოება დღეს გამარტივდა იმ დროსთან შედარებით, როცა ჩვენი რეჟისორები თავიანთ შედევრებს იღებდნენ. კინოკამერა – ვიდეოკამერამ შეცვალა; ციფრულმა ტექნიკამ კინემატოგრაფისტები ფირის გამჟღავნებისა და ბეჭდვისგან გაათავისუფლა... და, რაც მთავარია, კინო განთავისუფლდა ცენზურის მარწუხებისგან - კინოხელოვანი თავის თავთან მარტო დარჩა. იგი არჩევანის წინაშე დადგა: ან დაგროვილი, ცენზურის მიერ დათრგუნვილი ვნებები (თუ იდეები) უნდა გამოეხატა, ანდა “გარეთ გაეხედა” - დაენახა, რა ხდება ქვეყანაში. პროფესიონალ კინორეჟისორთა უმრავლესობამ პირველი გზა აირჩია. არაპროფესიონალებმა კი ვიდეოკამერა აიღეს ხელში და იმის აღბეჭდვა დაიწყეს, რაც პროფესიონალი კინემატოგრაფისტების კამერაში ვერ მოხვდა.

ვერ მოხვდა ვერც ტელეკამერების ობიექტივში. იმ დროს, როცა ელექტრონული მედია ქართველი პოლიტიკოსების შეხლა-შემოხლას ასახავდა, მერე კი, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ხელისუფლების ბრიფინგების, პრესკონფერენციების გაშუქებამ გაიტაცა, კინოკამერის ყურადღების მიღმა რჩებოდნენ ადამიანები, რომელთაც პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებდათ... უბრალოდ, დრო არ ჰქონდათ პოლიტიკისთვის. ისინი უფრო იმაზე ფიქრობდნენ, როგორ გამოეკვებათ შვილები, როგორ გადაერჩინათ ოჯახი, როგორ შეენარჩუნებინათ ღირსება მაშინ, როცა ადამიანის ღირსების შელახვა ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

ქართული “ნეორეალიზმი” სწორედ ამ სივრცეში დამკვიდრდა და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, “ნეორეალისტების” როლში არა პროფესიონალი კინემატოგრაფისტები, არამედ “არასამთავრობო სექტორთან” დაახლოებული ადამიანები მოგვევლინნენ. ერთ-ერთი მათგანია ლია ჯაყელი - ქალის უფლებებისთვის მებრძოლი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ “სტუდია მობილი” დააარსა - სტუდია, რომლის დევიზია “აქცენტი მოძრაობაზე”, ე.ი. განვითარებაზე, პროგრესზე; სტუდია, რომელიც არა მარტი იმ ადამიანთა ცხოვრებას ასახავს, რომლებიც კინო და ტელეკამერების ობიექტივში ვერ ხვდებიან, არამედ საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ტაბუდადებულ თემებსაც ეხება... ასეთია, მაგალითად, ლია ჯაყელის ახალი დოკუმენტური ფილმი “რა ვიცი” – კახეთის ერთი ჩვეულებრივი სოფლის ჩვეულებრივ მკვიდრთა ამბავი; “ჩვეულებრივი ოჯახისა” ჩვენთვის, ქართველებისთვის: ფილმის გმირს 12 წლის წინ ქმარი გარდაეცვალა, მაგრამ არ გათხოვილა; თინიკომ გაუთხოვარ მულთან ერთად გაზარდა თავისი ორი შვილი... “არაჩვეულებრივი ამბავი” უცხოელებისთვის, თუნდაც ამ ოჯახის მეგობრებისთვის – მშვიდობის კორპუსის მოხალისე ამერიკელებისთვის, რომლებიც ლია ჯაყელის ფილმში აღნიშნავენ, რომ არასდროს შექმნიან ოჯახს ქართველებთან ერთად, რადგან ერთ-ერთი მათგანის, ამერიკელი ყმაწვილის, თქმით, “საქართველოში ადამიანები საკუთარ თავს ოჯახთან აიგივებენ, მათ რაობას ოჯახიშვილობა განსაზღვრავს, ამერიკაში კი უფრო იმის მიხედვით ხასიათდება ოჯახი, თუ ვინ არიან მისი წევრები”... “ამერიკაში ადამიანები ქმნიან ოჯახს, საქართველოში კი ოჯახი ქმნის ადამიანებს”... რომ ის “ამერიკაში თვითონ ამზადებს საჭმელს, რეცხავს ტანსაცმელს, საქართველოში კი ახალგაზრდებზე მშობლები ზრუნავენ.”

ქართველ დედას სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. თინიკო დარწმუნებულია, რომ ქალის უპირველესი მისია დედობაა:

[ხმა. “რა ვიცი...”] “სიზმარიც კი მაქვს ნანახი, რომ არ მყავს შვილები. ვფიქრობდი, რა მეშველება?”

ასევე ფიქრობენ თინიკოს შვილები. უმამოდ გაზრდილი დათო და ვალერი თბილისელი სტუდენტები არიან, ინგლისურად ლაპარაკობენ, მოდურად აცვიათ, მაგრამ ქალისა და მამაკაცის როლებზე საუბრისას თავიანთ ამერიკელ მეგობრებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან:

[ხმა. “რა ვიცი”] “ღმერთმა დაიფაროს, დედა დიდხანს მიცოცხლოს, მაგრამ დედა რომ დაღუპულიყო და მამა დარჩენილიყო ცოცხალი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...კაცს უფრო მეტის უფლება აქვს, იმავე ტრადიციებიდან გამომდინარე, მას ექნებოდა იმის უფლება, რომ შეერთო ცოლი, შეექმნა ახალი ოჯახი.”

დისკუსიაში კინოკამერა არ ერთვება. ფილმის ბოლომდე გაურკვეველი რჩება თავად ავტორის პოზიცია. ასეთ კინოს გადაჩვეული მაყურებელი კი შეიძლება დაიბნეს კიდეც; “სტუდიამობილის” კამერა ყველა პერსონაჟს განსაკუთრებული სიყვარულით, განსაკუთრებული ყურადღებით გამოხატავს. მაყურებელი ხედავს, რომ ავტორი პატივს სცემს ყველა ამ პოზიციას და, “დაბნეული”, უბრალოდ, იძულებული ხდება თავად გააკეთოს დასკვნები... ხოლო, როცა სიმართლე ერთი არ არის, სიმართლე, მინიმუმ, ორია, მაყურებელი აუცილებლად “შეათავსებს” ამ სიმართლეებს, ე.ი. “აქცენტი მოძრაობაზე” დასმულ იქნება.

იგივე უნდა ითქვას ლია ჯაყელის მეორე, ასევე, ახალ ფილმზე “გენერალური რეპეტიცია”, რომელიც თბილისის სოციალური თერაპიის სახლშია გადაღებული და ასახავს ეგრეთ წოდებული “გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე” ადამიანთა ცხოვრების რამდენიმე დღეს... ფილმის ტიტრებიდან შევიტყვეთ, რომ 2003 წელს საქართველოში 19 489 ასეთი ადამიანი აღირიცხებოდა. “ეგრეთ წოდებულს” იმიტომ ვამბობთ, რომ ლია ჯაყელის ამ ფილმის ნახვისას დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს უაღრესად ნიჭიერ, ხალას, გულწრფელ, ძალიან მშრომელ ადამიანებთან, რომელთაც თავისებურად ესმით სიტყვა “ჰუმანიზმის” მნიშვნელობა:

[ხმა. “გენერალური რეპეტიცია”] “რას ნიშნავს თქვენთვის ჰუმანიზმი?” “ჰუმანური ადამიანი – მოწესრიგებულია, ზრდილობიანი...” “ჩვენ იმისთვის ვარსებობთ, რომ სხვას მაგალითი მივცეთ კეთილი საქმეებისთვის.”

ფილმის ტიტრებში აღნიშნულია, რომ “გენერალური რეპეტიციის” ავტორები არიან სტუდია “მობილის” მესვეურები – ლია ჯაყელი, ოპერატორი მიხეილ შესტოვსკი, სცენარის თანაავტორი გიორგი მანელაშვილი და “კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ მზრუნველობას რომ საჭიროებენ”... ეს კავშირი ფილმის პერსონაჟებს, ჩვენ თვალწინ რომ გადიან “რომეო და ჯულიეტას” რეპეტიციას, გატაცებით რომ კითხულობენ შექსპირის ტექსტს, როგორც ჩანს, არ აღიქვამს “გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე” ადამიანებად. მით უმეტეს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებენ აქ შექსპირიც და ეს უჩვეულო მსახიობებიც, რომლებიც შექსპირის ტექსტს კითხულობენ.

[ხმა. “გენერალური რეპეტიცია”] “თუ აზრს შეიცვლი, ყველაფერი გამოიცვლება.”

“თუ აზრს შეიცვლი, ყველაფერი გამოიცვლება” – ამას გვახსენებენ ლია ჯაყელის ფილმის გმირები. ამ სიტყვების ადრესატი ყოველი ჩვენგანია, მათ შორის, ქართველი კინემატოგრაფისტებიც, რომელთა უმრავლესობა დღეს კინოწარმოებაში შექმნილ კრიზისზე საუბრობს და ხელისუფლებას კინოხელოვნების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. “აზრის შეცვლა” კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთეულებს უნდათ – პროფესიონალ კინემატოგრაფისტებს სერიოზული კონკურენტი გაუჩნდათ არაპროფესიონალების სახით. იმარჯვებს ის, ვინც აქცენტს მოძრაობაზე აკეთებს.
XS
SM
MD
LG