Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთერშია ახალგაზრდული გადაცემა და დღეს ჩვენ


ეთერშია ახალგაზრდული გადაცემა და დღეს ჩვენ

ჯანსაღ ცხოვრებაზე ვილაპარაკებთ - ვნახავთ, რას აკეთებენ ქართველი ახალგაზრდები ფორმის შესანარჩუნებლად, რა სიამოვნებას იღებენ აქედან და იმ ხუთ სიმღერასაც შემოგთავაზებთ, რომლებიც, პირდაპირ თუ ირიბად, ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს.

მაგრამ სანამ ვარჯიშზე გადავიდოდეთ, მინდა ამ თემასთან სრულიად დაუკავშირებელი რჩევა მოგცეთ. თუ ვინმე ფიქრობთ ჰოლივუდის ახალი ფილმის “ალექსანდრეს” ნახვას დიდ ეკრანზე, გადაიფიქრეთ სასწრაფოდ. მე მქონდა პატივი ეს ბლოკბასტერი მენახა და ფილმის დასრულების შემდეგ ერთადერთი სურვილი გამიჩნდა, სასწრაფოდ გამომეგონებინა დროის მანქანა, დავბრუნებულიყავი დროში რამდენიმე საათით უკან და გამეფრთხილებინა ჩემი თავი, რომ კინოში არ წავსულიყავი. მე ამაზე ცუდი ფილმი - დიდბიუჯეტიანს ვგულისხმობ - ჯერ არ მინახავს და მოვალედ ჩავთვალე თავი, რადგან ეს ახალგაზრდული გადაცემაა, გამეფრთხილებინა ახალგაზრდები: არ მიჰქაროთ და ამ ნაგავში 1 თეთრიც კი არ გადააგდოთ.

მოკლედ გეტყვით, რა არ მომეწონა. ფილმი არის სამსაათნახევრიანი, აქედან საბრძოლო სცენები, რომლის სანახავადაც მივედი მე და, ალბათ, თქვენც ეგ გაინტერესებთ, სულ - გაწიე, გამოწიე - 15 წუთია. დანარჩენ დროს ავსებს ალექსანდრეს რაღაც გაუგებარი ტანჯვა და ნახევარსაათიანი იდიოტური დიალოგები. საერთო ჯამში, ფილმი ჰგავს ლელა წურწუმიას “თეთრი ქარავნის” კლიპს - აი, იმას, ოპერაში ბანანს რომ აწოდებენ ერთმანეთს ქალები და სიმღერა რომ არის: “რამდენი დღეა და რამდენი რამეა”... უბრალოდ, ბიუჯეტი აქვს დიდი “ალექსანდრეს” და წურწუმიას ამით სჯობია.

ახლა კი, რაკი ამ ფილმით ჩემი აღშფოთება გამოვხატე, გადავიდეთ გადაცემის მთავარ თემაზე - სირბილზე, ხტუნვაზე, ვარჯიშზე და, საერთოდ, ჯანსაღ ცხოვრებაზე.

ადრე მე ვვარჯიშობდი. ასე, 5 წლის წინ კარგა 9 თვის განმავლობაში დავდიოდი ტრენაჟორებზე და, სოლიდური კუნთების დაყენების გარდა, ჯანმრთელობაც გავიუმჯობესე. მას შემდეგ სიზარმაცემ მძლია და ფორმაც დავკარგე და ღიპიც მოვიზარდე.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საბედნიეროდ, მე გამონაკლისი ვარ და არა წესი. დღეს მოდაშია დილას სირბილი, აუზზე სიარული და ტრენაჟორებზე ვარჯიში. ტანის ცივი ტილოთი დაზელა მოდაში აღარაა.

[სტუდენტი] “აუზზე დავდივარ. ძალიან მიყვარს ცურვა და, ისედაც, ჩემი აზრით, ჯანმრთელობისათვის ყველაზე კარგი და ჯანსაღი სპორტი არის ცურვა.”
[სტუდენტი] “დავრბივარ დილაობით, ასე, 10 კილომეტრს, შემდეგ -მცირეოდენი ფიზიკური დატვირთვაც და დილით ესაა ჩემი პროგრამა, შუადღით კიდევ - სერიოზული დატვირთვა და საღამოს სირბილი. ესაა ჩემი წესი.”
[სტუდენტი] “ვვარჯიშობ ყოველდღე დილით, დაახლოებით, 45 წუთი.”
[სტუდენტი] “ბავშვობიდან მივდევ სპორტს. თავიდან გასართობად დავიწყე კალათბურთზე სიარული, მაგრამ შემდეგ ეს ჩემი ცხოვრების წესად იქცა და ახლა უკვე კალათბურთით ვცხოვრობ.”
[სტუდენტი] “როცა აცივდება ხოლმე ზამთარში და შემოდგომაზე, ვცდილობ ხოლმე, რომ ფიტნეს კლუბში ვიარო.”
[სტუდენტი] “ფიტნეს კლუბში არ დავდივარ. ვივლიდი სიამოვნებით, მაგრამ სახლში მაქვს ტრენაჟორები.”
[სტუდენტი] “როცა ვერ ვვარჯიშობ, ვცდილობ, რომ ბევრი ვიარო ფეხით.”
[სტუდენტი] “არ ვეწევი, არ ვსვამ. ქალები ითვლება?”

რა აიძულებს ადამიანს, რომ დილას ადრე ადგეს და ივარჯიშოს 45 წუთი, ირბინოს ან იხტუნაოს? როგორც ჩანს, უმეტესობას მაინც - კარგი ფიგურის დაყენების ან შენარჩუნების სურვილი. თუმცა ფაქტია, რომ როდესაც ვარჯიშს იწყებ, მას ეჩვევი კიდევაც და შემდეგ ხელისა და ფეხის გაქნევის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგიდგენია - თავს, უბრალოდ, ცუდად იგრძნობ.

[სტუდენტი] “ძირითადად, წონის შესანარჩუნებლად, ზაფხულსა და გაზაფხულზე დავრბივარ ხოლმე დილაობით.”
[სტუდენტი] “ელემენტარულად, იმიტომ რომ ვიხარჯები და ენერგიას ვხარჯავ, რაც კარგია ჯანმრთელობისათვის.”
[სტუდენტი] “დიდ ენერგიას მაძლევს და ჯანმრთელობის მხრითაც მთელი წელი კარგად ვგრძნობ თავს და, რა თქმა უნდა, წონის შესანარჩუნებლადაც.
[სტუდენტი] “ფიგურის შესანარჩუნებლად, არც გასახდომად და არაფერი, უბრალოდ, ფიგურისთვის.”
[სტუდენტი] “რაღაცა ესეთი, სიმპათიური იყო, ფორმაში რომ იყო...”
[სტუდენტი] “კარგად ვგრძნობ თავს, დილას რომ ვვარჯიშობ. თუ ისე მოხდა და დილას ვერ ვივარჯიშე, დისკომფორტს განვიცდი.”
[სტუდენტი] “ქალებისთვის მისაღებ მამაკაცად რომ ითვლებოდე, ალბათ, მაგიტომ.”

მართალია ეს კაცი. ქალებს კაცის კარგი ტანი არანაკლებ მოსწონთ, ვიდრე კაცს ქალის. ასე რომ, მოდი, შევთანხმდეთ, რომ იქითა ორშაბათიდან აუცილებლად დავიწყებთ ვარჯიშს. ძალა ერთობაშიაო. მართალია, ზამთარია, მაგრამ ეს კიდევ უფრო გამოცდის ჩვენს ნებისყოფას. სიცივეში თუ დაიწყე, მერე, წარმოიდგინე, სიცხეში რაღას იზამ.

თუმცა რა სახის ვარჯიში აირჩიო, ინდივიდზეა დამოკიდებული. კუს ტბაზე სირბილი რამდენჯერმე ვცადე და ზუსტად მივხვდი, რომ ამას ვერასდროს შევძლებ. მაგრამ გადავწყვიტე და თქვენც გირჩევთ, ტრენაჟორებზე დაიწყოთ სიარული. იქ ხომ აბონემენტის ყიდვაა საჭირო და, როცა ფული გაქვს გადახდილი (ფასები, ასე, 20 ლარიდან იწყება), თავსაც უფრო აძალებ, რომ დახარჯული თანხა ამოიღო.

დახარჯულ ფულს რაც შეეხება, აქ პირველი მტერი ჩემიც და, ალბათ, თქვენიც სიგარეტია. ამასთან, ჯანსაღად ვერ იცხოვრებ, თუ სწორად არ იკვებე და სიგარეტი აბოლე. მე თვითონ მწეველი ვარ, 8 წელია რაც ვეწევი და ამიტომ ქადაგებას ვერ დავიწყებ, არიქა, ყველა შეეშვით მოწევას-მეთქი. მართალი რომ გითხრათ, სერიოზულად არც კი მიცდია თავი დამენებებინა. თუმცა ახლა ვფიქრობ, მაგრამ მეშინია, რომ არაფერი გამომივა.

მაგრამ არის ჩემზე ნაკლებად მშიშარა ხალხი, ვისაც თავისი სუსტი ნებისყოფის არ ეშინია და ცუდი ჩვევის დამარცხებას ცდილობს. ჩვენ ორ მათგანს გამოველაპარაკეთ და გავიგეთ, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი სიგარეტის გადაგდებას და რა გამოუვიდათ ბოლოს.

[პირველი მწეველი] “სიგარეტს ხუთი წელია, რაც ვეწევი.”
[მეორე მწეველი] “ვეწეოდი 4 წელი. ორი თვეა, რაც დავანებე.”
[პირველი მწეველი] “წავიკითხე ალან კარის წიგნი, სიგარეტის თავის დანებების ხერხი თუ მარტივი გზა.”
[მეორე მწეველი] “არანაირი არც ალან კარის ბოლო ღერისათვის და არც სხვა რაიმე ხერხისათვის არ მიმიმართავს თავის დასანებებლად.”
[პირველი მწეველი] “შენ თუ არ გსურს დაანებო თავი, ვერც წიგნი და ვერც წამალი ვერ დაგეხმარება, რომ შეწყვიტო ის მავნე ჩვევა, რითაც ჯანმრთელობას იფუჭებ.”
[მეორე მწეველი] “უნდა მოინდომო და ნებისყოფა გამოიჩინო იმდენი, რომ არ მოსწიო. მე მოვინდომე, რომ ჯანსაღი ცხოვრებით მეცხოვრა.”
[პირველი მწეველი] “შეჩვეული ხარ. რაღაცას რომ შეეჩვევი,გადაჩვევა ძნელია.”
[პირველი მწეველი] “6 თვის შემდეგ ისევ დავიწყე მოწევა.”

ერთმა შეძლო, მეორემ ვერა. ჩემი აზრით, ორმოცდაათი პროცენტი მაინც კარგი შედეგია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ეწევა.

ჯანსაღ ცხოვრებას გარშემომყოფთა მხარდაჭერაც სჭირდება. რთულია იყო ჯანსაღი, როდესაც გარშემო ყველა, სწორედაც რომ, არაჯანსაღი ცხოვრების წესს აქებს და ადიდებს. პირველ რიგში, ეს მუსიკოსებს შეეხებათ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების სტილით შეიძლება ბევრს მაგალითსაც აძლევდნენ. მე თვითონ ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ფაქტია, როდესაც შენი კერპი რაღაცას აკეთებს, ეს რაღაცა შენთვის, მისაღები თუ არა, ნაკლებად მიუღებელი მაინც ხდება.

პოპულარული მუსიკოსების შემთხვევაში ყველაზე ცუდი მაგალითი, ალბათ, მაინც ნარკოტიკების ხმარებაა. მართალია, ხშირად როკ, პოპ თუ რეპ ჯგუფები და შემსრულებლები ანტინარკოტიკულ სიმღერებსაც წერენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს აღიქმება ჭკუის სწავლებად და უაზრო პროპაგანდად.

თუმცა ხანდახან მსგავსი მცდელობა წარმატებულია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შემსრულებელი გულით მღერის და გრძნობ, რომ ის თავის ტკივილს გიზიარებს. ახლა სწორედ 5 ასეთ სიმღერას შემოგთავაზებთ.

მეხუთე ჩვენს ჩამონათვალში ლინდას “მარიხუანაა”. ჩვენს ხუთეულში ეს ყველაზე სუსტი სიმღერაა, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვებისგან განსხვავებით, ამ სიმღერაზე შეგიძლია იცეკვო.

მეოთხეზეა ელის ინ ჩეინზის სიმღერა “დაუნ ინ ა ჰოულ”. ელის ინ ჩეინზის ვოკალისტი ლენ სტელი ჩამპალი ნარკომანი იყო, ჰეროინზე იჯდა და თავის დანებებას ვერ ახერხებდა. “დაბლა ვარ, სოროში, როდის შევძლებ აქედან ამოსვლას,” მღერის ის. სოროდან ლენ სტელი ვერ ამოვიდა. წელიწად-ნახევრის წინ ის თავის სახლში მკვდარი იპოვეს, სიკვდილის მიზეზიც არავის გაჰკვირვებია - ნარკოტიკების ზედმეტი დოზა.

[Alice in Chains – Down in a hole]

მესამე ადგილზეა როლინგ სტოუნზის “სისტერ მორფინ”, რომელიც მორფის მოხმარების სურვილს გიქრობს კარგა ხნით.

[Rolling Stones – Sister Morphine]

მეორე ადგილზეა დიდი ბარდი ბობ დილანი, სიმღერით “მისტერ ტამბურინ მენ”. ბევრმა არ იცის, მაგრამ “ტამბურინ მენ” ამერიკულ სლენგზე ნარკოტიკების გამყიდველს, ანუ ბარიგას, ნიშნავს; ბარიგები კიდევ არავის უყვარს.

[Bob Dylan – Mr. Tambourine man]
და პირველ ადგილზეა ველვეტ ანდერგრაუნდის სიმღერა “ჰეროინ”, რომელშიც ლუ რიდი გვიყვება, თუ როგორ გახდა ჰეროინი მისი ცოლიც, ცხოვრების აზრიც და ყველაფერი. მოისმინეთ და, ხომ გახსოვთ, იქითა ორშაბათიდან ერთად ვიწყებთ ვარჯიშს.

[Velvet Underground – Heroin]
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG