Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი არ მოსწონთ


დღეს ,,საქართველოს გადამხდელთა კავშირმა” ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვა მოაწყო. პროექტი, რომლის საბოლოო ვარიანტი ამ დრომდე არ არსებობს,

საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით, სამშაბათს უნდა განიხილოს.
ბიზნესმენები და მეწარმეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელის შეწყობის დაპირება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.
რა იწვევს მათ უკმაყოფილებას?



საქართველოში ამჟამად მოქმედი საკმაოდ ცუდი საგადასახადო კოდექსი გაცილებით უკეთესია იმაზე, რასაც დღეს გვთავაზობენ - მიაჩნიათ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს, რომლებიც ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის დახვეწას ითხოვენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროექტის შინაარსი თითქმის ყოველდღე იცვლებოდა, ამ დროისთვის ბოლო ვარიანტი კი გადამხდელთა კავშირის ექსპერტებმა დღეს, დილის 6 საათისთვის, მიიღეს.
ირკვევა, რომ, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, ქონების გადასახადი კვლავ უცვლელია - მცირე და საშუალო მეწარმეებს არანაირი შეღავათის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, გამკაცრებულია ადმინისტრირების წესი, რამდენიმე სფეროს კი - მათ შორის, ენერგეტიკას - სერიოზული პრობლემები შეექმნება.
ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილებას ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ასე გამოეხმაურა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,რას ნიშნავს “რამდენიმე პუნქტი არის მიუღებელი”?! შეკვეთებით კი ვერ გაკეთდება ეს საგადასახადო კოდექსი, ბოდიშს ვიხდი, რა!” (სტილი დაცულია)

ის, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტზე მუშაობისას ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ინტერესებს ითვალისწინებს, სწორად მიაჩნია გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ისაკაძეს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველას ავიწყდება, რომ ბიუჯეტის წყარო ეკონომიკა და ბიზნესია, რომლის მოსაზრებებსაც საგადასახადო კოდექსი უნდა ეფუძნებოდეს:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ,,დღეს მიჯნაზე მეორე მოსმენისა, უბრალოდ, გავაკეთეთ განაცხადი იმ ყველაზე საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ერთნაირად ეხება სახელმწიფო და კერძო კომპანიებს. დარჩენილია პრობლემატური საკითხები - მათ შორის, პროცედურული. ვერ ესწრება ამ კოდექსის ადაპტირება. შეიძლება არასწორად გამიგონ, მაგრამ მე საგადასახადო ინსპექტორიც მეცოდება, რომელმაც ჯერ არც კი იცის, თუ როგორ უნდა დაიწყოს 1 იანვრიდან მეწარმეების დაბეგვრა.” (სტილი დაცულია)

გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ დანაპირები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.
საგადასახადო კოდექსის პროექტის ამჟამინდელი ვარიანტის მიხედვით, საქართველოში არც ქონების გადასახადი იცვლება და არც დამატებული ღირებულების გადასახადი მცირდება:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ,,შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ბრწყინვალე ბინაში, რომელსაც რემონტი სჭირდება, მაგრამ შემოსავალი არ ჰქონდეს. რას ვუშვებით ამ კაცს? წელიწადში ვახდევინებთ 20 ათას ლარს იმის გამო, რომ მისი მამა ან ბაბუა აკადემიკოსი იყო და მაშინ ჰქონდა შემოსავალი?!
ბოლო ინფორმაცია, რაც დღგ-თან დაკავშირებით იყო, თუ სიმართლეა, ეს იქნება ყველაზე მძიმე დარტყმა. ჩვენ თავს ვიწონებდით 18 პროცენტიანი დღგ-თი. სად არის ეს ყველაფერი?!” (სტილი დაცულია)

ბიზნესმენები და მეწარმეები ახალი საგადასახადო კოდექსის საბოლოოდ დამტკიცების გადადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პროექტი მათდამი ხელისუფლების თეორიულ მხარდაჭერას პრაქტიკულად არ გამოხატავს:

[თემურ ჭიჭინაძის ხმა] ,,კოდექსი, რომელიც ხვალ უნდა გავიდეს პარლამენტში, აბსოლუტურად არ გამოხატავს მხარდაჭერას. მე არა მგონია, რომ, თუ წავიდა მუხლობრივი განხილვა, რამეს მივაღწიოთ, მაგრამ, პრინციპში, უნდა გადაიდოს მისი განხილვა.” (სტილი დაცულია)

,,მოიჯარე ჰესების კავშირის” თავმჯდომარის თემურ ჭიჭინაძის მსგავსად, ბიზნესმენების ნაწილს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მათ თხოვნას გაითვალისწინებს. მაგრამ თუკი ფინანსთა მინისტრის განცხადებას ვენდობით, პარლამენტში განხილვის დაწყებამდე პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა არა საგადასახადო კოდექსი, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG