Accessibility links

logo-print

სპარტაკ ბაღაშვილი – 90


7 დეკემბერს საქართველოში სპარტაკ ბაღაშვილს გაიხსენებენ.

ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ, ყველაზე თვითმყოფად მსახიობს 90 წელი შეუსრულდებოდა. ბაღაშვილის შესახებ ხალხი დღესაც ლეგენდებს ჰყვება. თუმცა, როგორც წესი, საუბრობენ სპარტაკ ბაღაშვილზე, როგორც პიროვნებაზე, და ნაკლებად - მის შემოქმედებაზე... არადა, სწორედ შემოქმედებაში წარმოჩნდა სპარტაკ ბაღაშვილის, როგორც ადამიანის, ტრაგიკული ბედი.

ეს არის იშვიათი (ყოველ შემთხვევაში, ქართულ და, მით უმეტეს, ქართულ-საბჭოთა კულტურაში იშვიათი) შემთხვევა, როცა ხელოვანი იმდენად გაითავისებს როლს, რომ ცხოვრებაშიც როლში რჩება.

ეს არის სპარტაკ ბაღაშვილის ბიოგრაფია. უნიკალური – ქართული კინოს ისტორიაში. ბიოგრაფია კაცისა, რომელსაც ერთნაირ როლებს სთავაზობდნენ. იგი ამ როლებს კარგად თამაშობდა – ისე, როგორც უნდა ეთამაშა ნამდვილ კინომსახიობს, ზედმეტი პირობითობისა და თეატრალურობის გარეშე. მერე კი ხალხმა დაიჯერა, რომ ამ როლების შემსრულებელი ცხოვრებაშიც ასეთია – სულით ავადმყოფი თუ არა, ყველასგან განსხვავებული და “არც ისე ბუნებრივი”... მერე თავად მსახიობმაც დაიჯერა ეს. გარდაცვალებამდე, ე.ი. 1977 წლის თებერვლამდე, რამდენიმე წლით ადრე ბაღაშვილი მართლაც გახდა ავად – მსახიობს, რომელსაც ქართული კინოს კლასიკოსად ნათლავდნენ, კინოში აღარ იღებდნენ. ხალხი მას ქუჩაში ხედავდა, ხშირად ნასვამსაც... ბაღაშვილი გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის ლექსებს კითხულობდა. ასეთი შეხვედრია იგი მწერალ რეზო ინანიშვილს, რომელიც მოგვიანებით გაიხსენებს: შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა, ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს, რა ელის ცხოვრებაში, მას ვერავითარი ძალა ვერ გამოიყვანს დედის საშოდანო.

არადა, შემოქმედებითი ცხოვრება მისთვის წარმატებით დაიწყო. 1937 წელს, როცა მიხეილ ჭიაურელს არსენას როლის შემსრულებლის ძებნაში ყველანაირი იმედი გადაეწურა, რეჟისორმა ქუჩაში შენიშნა, როგორც თავად აღნიშნავდა, “ძალიან ლამაზი ჭაბუკი”, რომელიც მუშტაიდის ბაღთან ორ გოგონას მისდევდა:

[მიხეილ ჭიაურელის ტექსტი] “მისმა გარეგნობამ ისე გამიტაცა, ისე ჰგავდა ჩემს წარმოდგენილ არსენას, რომ არ შემეძლო არ შემეჩერებინა. რა გვარი ხარ ყმაწვილო- მეთქი, ვკითხე. მან მიპასუხა: თუ ჩემთან რაიმე ანგარიში გაქვთ, მეორე ქუჩაზე გადავიდეთო. იძულებული გავხდი ჩემი გვარი მეხსენებინა – რეჟისორი ჭიაურელი გახლავართ-მეთქი. სულ ერთია, ვინც უნდა იყოთო, მიპასუხა. დაავლო ხელი თავის გოგონებს და სწრაფად გამშორდა. მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე იგი ჩვენი ცნობილი მუშა მსახიობის, ლევან ბაღაშვილის, შვილი ყოფილა. მან სპარტაკი ჩემთან მოიყვანა. ვთხოვე ალექსანდრე იმედაშვილს მხატვრული კითხვა ესწავლებინა და როცა ორი თვის შემდეგ სპარტაკმა ოტელოს მონოლოგი წაიკითხა, ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.”

მიხეილ ჭიაურელის ფილმში ბაღაშვილმა ოტელოს არა, მაგრამ არსენას მონოლოგები კი წაიკითხა. ბაღაშვილის ოსტატობით ისე აღფრთოვანდა სტალინი, რომ პირადად გასცა ბრძანება დაეჯილდოებინათ მსახიობი სახელმწიფო პრემიით, რომელსაც იმხანად “სტალინური პრემია” ერქვა.

[ხმა - “არსენა”]

ბაღაშვილის გარეგნობა, მისი, თუ შეიძლება ითქვას, “პირველყოფილი სილამაზე”, სწორედ ის იყო, რასაც ეძებდა ჭიაურელი; იმ მხედართმთავრებისგან განსხვავებით, რომელთა ტირაჟირებას ეწეოდა 30-იანი წლების საბჭოთა კინო და რომლებიც სტალინის ასოციაციებს ქმნიდნენ, არსენა არც ინტელექტით გამოირჩეოდა, არც განათლებით... 1937 წელს, როცა ინტელიგენციაზე შეტევები დაიწყო, ხელისუფლებას სჭირდებოდა სახე გულუბრყვილო, მაგრამ სამართლიანი გლეხისა, უფრო სწორად, “ლუმპენისა”, რომელსაც საზოგადოება შეიყვარებდა...

[ხმა “არსენა”]

მაგრამ “ველური არსენას” სახე სპარტაკ ბაღაშვილს აღარ აკმაყოფილებდა. 1944 წელს იგი თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობის სკოლას ამთავრებს და პროფესიონალი მსახიობი ხდება. იტაცებს ლიტერატურა და, შესაბამისად, მხატვრული კითხვა. თეატრს არ ეკარება, თუმცა გარდასახვის ნიჭით რომ გამოირჩევა, ამას უკვე ომის შემდეგ ამტკიცებს კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში “აკაკის აკვანი”, რომელშიც სპარტაკ ბაღაშვილმა, პირველად ქართული კინოს ისტორიაში, სამი როლი – გამზრდელი, მეწისქვილე ესტატე და ვაჟა-ფშაველა განასახიერა.

[ხმა “აკაკის აკვანი”]

ამის შემდეგ იწყება რთული პერიოდი სპარტაკ ბაღაშვილის შემოქმედებაში. რეჟისორები აღფრთოვანებულნი არიან მისი ტალანტით, მისი არათეატრალურობით (რაც, სამწუხაროდ, იშვიათია ქართული კინოს ისტორიაში), მაგრამ, როგორც წესი, იწვევენ სწორედ თეატრალური როლების შესასრულებლად, იმ როლებისა, რომელიც ხაზგასმულ ჟესტსა და მიმიკას, პათეტიკას მოითხოვს. თავდაპირველად სპარტაკ ბაღაშვილი ამ წინააღმდეგობასაც უმკლავდება: მაშინაც კი, როცა პერსონაჟის დასახასიათებლად ძალზე ღარიბ დრამატურგიულ პალიტრას სთავაზობენ, ახერხებს იყოს ბუნებრივი. ასეთია მისი ღვთისია თენგიზ აბულაძის “ვედრებაში”, იური მალფერი სერგო ფარაჯანოვის ფილმში “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები”, მწყემსი მარტია ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას “თეთრ ქარავანში”... მაგრამ მსახიობს არ შეუძლია გააცოცხლოს როლი, როცა მას სქემის თამაშს სთავაზობენ და, მით უმეტეს, როცა სქემას აკვიატებული აზრი ქმნის – “მთის კაცი”, “ველური”, “შეშლილი”, რომლისაც ეშინიათ ბავშვებს, “უზარმაზარი მონსტრი”, რომელმაც ყველა და ყველაფერი უნდა დათრგუნოს კადრში... აი, ასე აღიქვამდნენ სპარტაკ ბაღაშვილს არცთუ ისე ნიჭიერი რეჟისორები, რომლებიც მას 60-იანი წლების ბოლოს კინოში იწვევდნენ... არადა, 60-იანი წლები ქართული კულტურის ის პერიოდია, რომელმაც ადამიანური სითბო დაუბრუნა ხელოვნებას და ეკრანიდან განდევნა “მონუმენტური მონსტრები”.

ასე განიდევნა ეკრანიდან სპარტაკ ბაღაშვილიც. სწორედ იმ დროს, როცა ხევისბერ გოჩასა და მსგავსი კინოგმირების, “ოპერეტული ტრაგედიების” გმირების განსახიერება უწევდა, მას რადიოში იწვევდნენ და ნიკოლოზ ბარათაშვილს აკითხებდნენ. უჩვეულოდ რბილი, თბილი, ადამიანური იყო მისი ხმა და შესრულების მანერა. ის ხალხი, ვინც ამ ხმას ყურს უგდებდა, ხვდებოდა, როგორ დაანგრია დიდი მსახიობი უგუნურმა კულტურულმა იდეოლოგიამ და, რა თქმა უნდა, აკვიატებულმა აზრებმა, რომელიც დღესაც ხელს უშლის ქართული ხელოვნების ევოლუციას.
XS
SM
MD
LG