Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოვებს თუ არა პოსტს კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი


გავრცელდა ხმა, რომ თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი დავით ოქიტაშვილი პოსტიდან მიდის და რომ ეს მისი ნება-სურვილით

სულაც არ ხდება. თუმცა თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ შეთავაზებულ გადადგომას ხელოვანთა თვალსაჩინო წრეებში პოპულარული ოქიტაშვილი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ ჩქარობს. მერსა და სამსახურის უფროსს შორის დაპირისპირების დეტალები ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ხმაურდება, თუმცა საკრებულოს წევრი ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერს, შესაძლოა, პოლიტიკური სარჩული ედოს.

დავით ოქიტაშვილის საქმიანობა უთვალავ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას ითვლის - მათ შორის, ბევრ გახმაურებულსა და სადავოსაც. სწორედ ის გახლდათ წლევანდელი თბილისობისა და “ვარდების რევოლუციის” წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მთავარი ფიგურა. მისი გავლით ხდებოდა დასაფინანსებელი თანხების განაწილება და ადრესატების შერჩევაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთია თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის და მისი უფროსის ფუნქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ოქიტაშვილის საქმიანობის ზოგიერთი ფრაგმენტი ხშირად გამხდარა მწვავე კრიტიკის საგანი და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკრებულოს ლეიბორისტების მხრიდანაც, შრომის პარტიის წევრი იოსებ შატბერაშვილი პირადად მისი მისამართით საკმაო სიმპათიებს გამოხატავს:

(იოსებ შატბერაშვილის ხმა) ”არა - მომღერალი, არა - მხატვარი, არა - მოცეკვავე, ნუ, არა - ხელოვანი... მაგრამ მე მასზე ცუდი წარმოდგენა არ მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას გუნდის წევრია, ის წლების მანძილზე შესანიშნავად უძღვებოდა ქალაქის კულტურის სამსახურს.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება უწინ გამოთქმულ პრეტენზიებს, მათ ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი ოქიტაშვილის სახელს არ უკავშირებს:

(იოსებ შატბერაშვილის ხმა) ”ჩვენ გვქონდა პრეტენზიები, როდესაც თბილისობაზე 180 ათასი ლარი გადაერიცხა კულტურის სამსახურს, მაგრამ პირადად ოქიტაშვილთან არ გვქონდა ეს პრეტენზია. ჩვენ გვქონდა თბილისის პრემიერთან, თბილისის მერთან და საკრებულოს საპრეზიდენტო უმრავლესობასთან, რომელმაც 180 ათასი ლარი ჩამოაჭრა ქალაქის განათლების სამსახურს, რომელსაც სკოლები თავზე ენგრევა, და მოაწყო რაღაც სამარცხვინო შოუ. 23 ნოემბრის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ გამოყო 10 ათასი ლარი ბანკეტისთვის. ესეც ოქიტაშვილის გავლით მოხდა. მსგავსი თანხები ოქიტაშვილის გავლით ხდება, მაგრამ, მე კიდევ გიმეორებთ, ოქიტაშვილი არის ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ამ ამბავში.” (სტილი დაცულია)

შატბერაშვილი ოქიტაშვილის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ეს ყველაფერი დედაქალაქის მთავრობაში ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდებს შორის დაპირისპირების გამო მომხდარიყო.

თბილისის მერია ამ საკითხზე კომენტარისაგან თავს იკავებს. ხოლო თავად ოქიტაშვილის უწყებაში ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ. კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ფატი გვიმრაძე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და რომ ოქიტაშვილსა და ჭიაბერაშვილს კვლავაც მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ:

(ფატი გვიმრაძის ხმა) ”არა, უბრალოდ, დათო არ არის სამსახურში, გავიდა და მოვა... ტყუილი ინფორმაციია ნამდვილად. არა, რას ბრძანებთ, ბატონი ზურაბი ისე კარგად არის... დავალებები მისცა უამრავი საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით... ეს არის, ალბათ, იმ ხალხის აზრი, ვისაც უნდა, რომ ეს ასე იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის. არანაირი პრობლემა არ არის (იცინის) .” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, თბილისის მერიასა და საკრებულოში მაინც ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამსახურის უფროსს კარისაკენ თავად მერმა მიუთითა. მართალია, დეტალები არ იცის, მაგრამ ამის შესახებ საკრებულოს წევრსა და უმრავლესობის აქტივისტს დავით იოსელიანსაც სმენია:

(დავით იოსელიანის ხმა) ”მე როგორც ვიცი, ქალაქის მერმა შესთავაზა, უფრო სწორად, უთხრა, რომ დაეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ და იმის მერე მე არაფერი არ ვიცი, რა... ყოველ შემთხვევაში, კიდეც რომ დაწეროს განცხადება გათავისუფლების შესახებ, თანხმობა უნდა დაადოს ქალაქის პრემიერმა.” (სტილი დაცულია)

პრემიერი ბიძინა ბრეგაძე თბილისში გუშინ დაბრუნდა, მაგრამ ჯერჯერობით მის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG