Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვალიდები ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოალიცია ”დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

კოალიციაში გაერთიანებული ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ. საუბარია მათ მიერ სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართული მიტინგის უხეშ დარბევაზე, რაც 3 დეკემბერს, შეზღუდულობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, მილოცვისა და ადამიანური მოპყრობის ნაცვლად, ხელისუფლებისგან მხოლოდ ძალადობა მიიღეს.

(ისმის მიტინგის დარბევის ხმები)

სახელმწიფო კანცელარიის წინ შეზღუდულობის მქონე პირთა აქცია პოლიციამ უხეშად დაშალა და ეს ყველაფერი ვიდეოფირზეც არის აღბეჭდილი. ასე ჩაიარა თბილისში 3 დეკემბერმა - ამ კატეგორიის პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღემ, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული.

მილოცვისა და ყურადღების გარეშე დარჩენილმა ინვალიდებმა, როგორც თავად ამბობენ, გადაწყვიტეს თავი შეეხსენებინათ ხელისუფლებისთვის და სახელმწიფო კანცელარიასთან სწორედ ამ მიზნით მოიყარეს თავი. თუმცა ყურადღება მაინც ვერ დაიმსახურეს:

(რევაზ ტატალაშვილის ხმა) ”ერთმა ადამიანმა, ყველაზე დაბალმა ჩინმაც კი, არ გამოიხედა იმ შენობიდან. უბრალოდ, თითქოს იქ არავინ არ მისულიყოს. ეს იყო ნულოვანი ყურადღება.” (სტილი დაცულია)

ეს რევაზ ტატალაშვილია - საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფონიჭალის ფილიალის თავმჯდომარე. პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს:

(რევაზ ტატალაშვილის ხმა) ”თუ ხელისუფლება არ გააკეთებს კომენტარს, თუ მართლა ბოდიშს არ მოიხდის, მე პირადად, ერთი ინვალიდი - რევაზ ტატალაშვილი, მივიჩნევ, რომ ეს ხელისუფლება არის ანტიჰუმანური. უნდა მოიხადოს ბოდიში ყველა ინსტანციამ, ვინც აქ ურევია - პატრული იქნება თუ მისი გამომგზავნი ან ის დამვალებელი.” (სტილი დაცულია)

ამავე აზრისაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი კოალიცია, რომელიც დაახლოებით 50 ორგანიზაციას აერთიანებს.

ინვალიდთა ლიგის თავმჯდომარეს გია ძნელაძეს ვერაფრით გაუგია, რატომ გაექცა აღმასრულებელი ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებთან შეხვედრასა და საუბარს:

(გია ძნელაძის ხმა) ”რა შიშია ეს?! მე ამ შიშის სინდრომს ვერ ვიგებ. ლაპარაკის შიშის სინდრომი?! მოდი, გამოდი, დაგველაპარაკე, გავარკვიოთ ერთად რა ხდება და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა, ეს ხომ ჩვენია, ყველასი - ზურასი, ვანოსი, პეტრესი, ანასი, ყველასი, მიშასი, ყველასი... თუ არასწორად ჩაუყარეს იმ სოციალურ პოლიტიკას საფუძველი, ის სახლი, რაც აშენებულია, თავზე დაგვენგრევა... და დაგვენგრევა სულ მალე.” (სტილი დაცულია)

სასაუბრო კი, შეზღუდულობის მქონე პირებს ხელისუფლებასთან, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი აქვთ. კოალიციის საბჭოს წევრი მანანა მებუკე ამ ვრცელი ნუსხიდან რამდენიმე ძირეულ პრობლემას ასახელებს:

(მანანა მებუკის ხმა) ”არაადაპტირებული ყოფითი გარემო, კერძოდ - სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში შეუღწევადობა, არაადაპტირებული ტრანსპორტი, ინფორმაციული ვაკუუმი (განსაკუთრებით ყრუთა და უსინათლოთა კავშირის წევრებისათვის), განათლებისა და დასაქმების პრობლემები.” (სტილი დაცულია)

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ კატეგორიის პირებს, მათივე თქმით, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არა აქვთ. შეზღუდულობის მქონე პირებს არ სურთ, რომ მათ ბედს მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განაგებდეს და ქვეყანა მათ ავადმყოფებად მიიჩნევდეს:

(რევაზ ტატალაშვილისა და გია ძნელაძის ხმები) ”ნუ განგვიხილავენ როგორც პაციენტებს, განგვიხილონ როგორც მოქალაქეები.../ თავისუფალი მგლის ცხოვრება მირჩევნია, ამ შემთხვევაში, რა... რომელიც საზოგადოებაში თავის ლუკმას, თავის საქმეს თვითონ იპოვის... მაგრამ შემიწყე, რა, ხელი...”. (სტილი დაცულია)

მართალია, შეურაცხყოფილი ინვალიდები 3 დეკემბერს კოშმარული სიზმარივით იხსენებენ, მაგრამ ხელის ბოლომდე ჩაქნევას მაინც არ ჩქარობენ. მათ მაინც რჩებათ იმედი, რომ 13-დან 18 დეკემბრამდე, ერთ რომელიმე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდებიან და გულის მოოხების საშუალება მიეცემათ. ამგვარი იმედი მათ სახელმწიფო კანცელარიამ მიტინგის დაშლის მეორე დღეს მისცა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG