Accessibility links

თბილისელი ტელეჟურნალისტები “მგლის ბილეთით”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესის ყურადღება მიიპყრო პროცესმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნას.



ბუნებრივია ისიც, რომ არაერთი წერილი მიეძღვნა აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კრემლის სანქციებს სოხუმის მიმართ.

3 ნოემბრის “ნეზავისიმაია გაზეტა” ბეჭდავს წერილს, სათაურით “მგლის ბილეთი” თბილისელი ტელეჟურნალისტებისთვის”. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი ტელევიზიის პირველი არხის რეორგანიზაციის მონიტორინგის დროებითი კომისიის წევრებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ კომისია კატეგორიულად ეწინააღმდეგება განახლებულ ტელევიზიაში ძველი კადრების მიწვევას.

დროებითი კომისიის წევრმა, “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა გაზეთს განუცხადა, რომ საქართველოში იქმნება ახალი ტიპის ტელევიზია და ჟურნალისტებს, რომლებიც “ერთგულად ემსახურებოდნენ შევარდნაძის რეჟიმს, იქ არაფერი ესაქმებათ.”

გაზეთი წერს: “ესოდენ მკაცრი შერჩევა და სახელმწიფო დაკვეთით მომუშავე ჟურნალისტების ეთერში დაუშვებლობა - პრაქტიკულად ერთადერთია, რაც მკაფიოდაა განსაზღვრული მონიტორინგის დროებითი კომისიის მიერ. სხვა უამრავი საკითხი, რომელიც უკავშირდება ახალი ტელევიზიის ფუნქციონირებასა და დაფინანსებას, ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია.”

“თუმცა ასეთ მიდგომას ყველა როდი იზიარებს საქართველოში. ასე, მაგალითად, ცნობილმა იურისტმა დავით უსუფაშვილმა “ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა: “თუ საპრეზიდენტო დროებითი კომისიის წევრების ლოგიკიდან გამოვალთ, მაშინ ამჟამინდელი მთავრობის უმრავლესი მუშაკიც უნდა დავითხოვოთ - ისინი ხომ შევარდნაძის დროსაც მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში.

ეჭვგარეშეა, რომ უმთავრესი აქ პროფესიონალური ჩვევები უნდა იყოს. მართალია, პირველი არხი მთავრობის ინტერესებს იცავდა და მისი თანამშრომლები შევარდნაძის რეჟიმს ემსახურებოდნენ, მაგრამ ეს მათი უბედურებაა. არხის ძველი ხელმძღვანელებისა და თვით სახელმწიფოს დანაშაულია, რომ ისინი თავიანთ წესებს უკარნახებდნენ და ამიტომ არ შეიძლება ჟურნალისტებს ამგვარად გავუსწორდეთ.

არის კანონები, რომლებიც უნდა დავიცვათ.”

ახლა კი აფხაზეთთან დაკავშირებულ ორიოდე პუბლიკაციას გაგაცნობთ. რაზე საუბრობდა რუსეთის პრესა არჩევნების ხელმეორედ ჩატარების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებამდე? 4 ნოემბრის გაზეთ “ტრიბუნას” თქმით, “ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ერთნაირად მისაღებია აფხაზეთის მეთაურის პოსტზე როგორც ყოფილი პრემიერი ხაჯიმბა, ისე ბაღაფში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართ შემოღებული მკაცრი ზომების არსი ძნელად გასაგებია: რუსეთმა შეწყვიტა სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვსა და სოხუმს შორის... რუსეთის ხელისუფალთა დაპირებით, აფხაზეთში ვითარების სტაბილიზაციის მიღწევისთანავე მიმოსვლა აღდგება.”

7 ნოემბრის “როსიისკაია გაზეტას” თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ, რუსეთის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით, პრეზიდენტობის კანდიდატების მომხრეები კომპრომისზე წავიდნენ, “ჩრდილოელი მეზობელი” ჯერჯერობით არ ჩქარობს აფხაზეთის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების გაუქმებას და ეს სრული მოცულობით “სატრანსპორტო ბლოკადასაც ეხება”.

გაზეთის ინფორმაციით: “როგორც სოჭში, ისე ჩრდილო კავკასიის რკინიგზის სამმართველოში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებული რაიმე ვადების დასახელებაზე უარს აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ყველა გადაწყვეტილებას ამ საკითხის გარშემო მოსკოვში იღებენ.”
XS
SM
MD
LG