Accessibility links

logo-print

საგადასახადო კოდექსის მიღების გადავადებამ მომავალი წლის ბიუჯეტს პრობლემა არ უნდა შეუქმნას


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალი საგადასახადო კოდექსის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებს შორის წინააღმდეგობაა.

ამის გამო კოდექსის მიღების ვადები რამდენიმე თვით გადაიწევს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2005 წლის ბიუჯეტი ამ კოდექსზეა დაფუძნებული და, შესაბამისად, თუ კოდექსთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნა მიღწეული, არ არის გამორიცხული, ეს პროცესი მომავალი წლის ბიუჯეტზეც გავრცელდეს. მოსალოდნელია თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების გაჭიანურება?

რამდენიმე თვის წინ მომზადებულ ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით დაპირისპირება ისევ გამწვავდა. კოდექსს, რომელიც, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაჟინებული მოთხოვნით, არაერთხელ გადაიხედა, წესით, საკანონმდებლო ხელისუფლებაში განხილვის წინ დიდი წინააღმდეგობა აღარ უნდა შეხვედროდა, მაგრამ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მოდავე მხარეების დასაშოშმინებლად პრეზიდენტის ჩარევაც კი გახდა საჭირო. ახალ საგადასახადო პოლიტიკასთან დაკაშირებით აზრთა სხვადასხვაობაა როგორც პოლიტიკურ ძალებში, ისე სახელისუფლებო სტრუქტურებსა და ბიზნეს წრეებში. ამ დღეებში განსაკუთრებით დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირებული განაკვეთების ამოქმედების ვადა გახდა ცხარე დისკუსიების თემა.

დღგ-ს სტრუქტურა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი მოსაკრებელია, ახალი კოდექსის მიხედვით, შეიცვალა. ცვლილება შეეხო მის განაკვეთსაც, რომელიც 20-დან 18 პროცენტამდე მცირდება. დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირებას, ტრადიციულად, დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება ფინანსთა სამინისტრო. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, თუ კოდექსის ეს მუხლი 1 იანვრიდან ამოქმედდა, ხაზინა მომავალ წელს დაახლოებით 35 მლნ. ლარს დაკარგავს. ამიტომ ფინანსთა მინისტრი დღგ-ს განაკვეთის შემცირების 6 თვით გადავადებას ითხოვს, რასაც პრინციპულად არ ეთანხმება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომლისთვისაც უკვე შეთანხმებულ საკითხთან დაკავშირებით თამაშის წესების ცვლა გაუმართლებელი ნაბიჯია. გოცირიძე არც იმ აზრს იზიარებს, რომ 2 პროცენტიანი ცვლილება ბიუჯეტს სერიოზულად აზარალებს.

[რომან გოცირიძის ხმა] „2 პროცენტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს 35 მლნ. ლარი. 35 მლნ ლარი თუ არის 2 პროცენტი, მაშინ დღგ ბიუჯეტში აკუმულირებული უნდა ყოფილიყო დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ოდენობით. ასე რომ, თვითონ გათვლები ამას არ ადასტურებს და 2 პროცენტი ბიუჯეტზე არსებით გავლენას არ ახდენს. თუ ჩვენ რაღაც რაოდენობის თანხები გვაკლია, ბიუჯეტში ამის მობილიზების ორი გზა არსებობს: ერთი -უკეთ მუშაობა - მათ შორის, გამართული მუშაობა საბაჟოზე - და, მეორე, არარაციონალური ხარჯების შემცირება . “

საბოლოოდ, პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ, ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოდექსის ამოქმედება 1 იანვრისათვის უკვე შეუძლებელი ხდება. ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის ძირითადი პარამეტრები პარლამენტში უკვე კარგა ხანია შეტანილია, შესაძლოა, გადახედვის საშიშროების წინაშე დადგეს, რადგან ეს პარამეტრები სწორედ ახალ საგადასახადო პოლიტიკაზეა დაფუძნებული. თუმცა ექსპერტ დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ბიუჯეტის პროექტს ახალ კოდექსთან ბევრი არაფერი აქვს საერთო და იგი ისევ ძველებურადაა შედგენილი; საგადასახადო ბაზა კი იმდენად დიდია, რომ ნორმალური ადმინისტრირების პირობებში საგადასახადო ლიბერალიზაცია შემოსავლების მობილიზებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის ირგვლივ გამართული დისკუსიები, ექსპერტების აზრით,. არცთუ სერიოზული არგუმენტი შეიძლება იყოს ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურებისთვის.
XS
SM
MD
LG