Accessibility links

logo-print

“ნარინჯისფერი ზეცა” ისევ პოპულარული ხდება


4 დეკემბერს გაზეთ “იზვესტიას” ტელემიმომხილველმა “პროპაგანდისტული ისტერია” უწოდა რუსეთის ტელეკომპანია “პირველი არხის” პოლიტიკას

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებაში. ირინა პეტროვსკაიამ გაიხსენა პოპულარული სიმღერა “ნარინჯისფერი ზეცა”: გოგონა უმღერის ყველაფერს, რაც ნარინჯისფერია, მაგრამ საიდანღაც ჩნდება “ძალიან სერიოზული ბიძია”, რომელიც ბავშვს ეუბნება, “სისულელეა, ნარინჯისფერი ზეცა არ არსებობსო”... “იზვესტიას” ტელემიმომხილველი აღნიშნავს, რომ რუსეთის “პირველი არხი” დღეს სწორედ ამ “ძალიან სერიოზულ ბიძიას” დაემსგავსა: მისი ჟურნალისტები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ “ნარინჯისფერთა პროტესტი” – სრული სისულელეა. ამის მიუხედავად, კიევში კვლავაც მღერიან “ნარინჯისფერ ზეცას”... უფრო მეტიც, საბჭოთა ეპოქის ეს ჰიტი რუსეთშიც პოპულარული ხდება. მე ვესაუბრე მომღერალს, რომელმაც 40 წლის წინ პირველად შეასრულა კონსტანტინ პევზნერის ეს სიმღერა – ირმა სოხაძეს. ქართველი მომღერალი კიევში გასამგზავრებლად ემზადება.

[სიმღერა]

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ზოგიერთ რეგიონში და განსაკუთრებით რუსეთში ეს სიმღერა არ უყვართ იანუკოვიჩის მომხრეებს, გასულ კვირას “ნარინჯისფერი ზეცა” ლიუდმილა იანუკოვიჩმაც კი წაიმღერა:

[ლიუდმილა იანუკოვიჩის ხმა] “იქ ნამდვილი ნარინჯისფერი შაბაში აქვთ... ხელთათმანები, ყელსახვევები, ქურთუკები, კარვები, საბნები – ყველაფერი ამერიკულია... და ნარინჯისფერი ფორთოხლის გროვა და სიმღერა “ნარინჯისფერი ზეცა”.

მაგრამ ლიუდმილა იანუკოვიჩი ცდება – “ნარინჯისფერი ზეცა” არ არის ამერიკული სიმღერა. 40 წლის წინ “ნარინჯისფერი სიმღერა” ქართული საესტრადო ანსამბლის, “რეროს”, სამხატვრო ხელმძღვანელმა კონსტანტინ პევზნერმა, პოეტებთან არკადი არკანოვთან და გრიგორი გორინთან ერთად, სპეციალურად ირმა სოხაძისთვის დაწერა. ამის შემდეგ “ნარინჯისფერი სიმღერა” მარინა ვლადიმ შეასრულა, მოგვიანებით - ალა პუგაჩოვამ. ცოტა ხნის წინ საბჭოთა ეპოქის ჰიტი უკრაინაში გაიხსენეს და ირმა სოხაძესაც გაახსენეს:



[ირმა სოხაძის ხმა ] ”გააკეთეს კლიპი, რომელშიც ის სცენები იყო, შემაშინებლად რომ აღწერა იანუკოვიჩის მეუღლემ... ფონად ამ კლიპს გასდევდა ჩემი ბავშვობის “ნარინჯისფერი სიმღერა”... როგორც კი დავინახე, რომ ესენი ნარინჯისფრად იყვნენ შეღებილი, არ დავმალავ, დამებადა სურვილი, რომ რაღაცნაირად შევხმიანებოდი იუშჩენკოს, მაგრამ ვერ მოვაბი თავი... შემდეგ უკრაინის საელჩოსთან მივედი, ვიმღერე ეს სიმღერა, უკრაინის მეხუთე არხმაც გადასცა.”

გასულ კვირას ირმა სოხაძეს ვიქტორ იუშჩენკოს შტაბი დაუკავშირდა და კიევში დაპატიჟა. უკრაინაში, შესაძლებელია, უკვირთ, რომ “ნარინჯისფერი სიმღერის” პირველი შემსრულებელი “წვიმის მუსიკოსებს” კიევში არ გაჰყვა. ირმა სოხაძის თქმით, ამ აქციის ქართველ ორგანიზატორებს, უბრალოდ, დაავიწყდათ მისი არსებობა:

[ირმა სოხაძის ხმა] “არ შემომთავაზეს.. უკრაინაში უნდა გაახსენდეთ, რომ საქართველოში იყო ასეთი გოგონა, რომელიც ამას მღეროდა?... ქართველებს არ გვახსენდება ხოლმე, სანამ სხვა არ გვეტყვის.”

ირმა სოხაძის თქმით, უკრაინაში მისი სიმღერა კარგად ახსოვთ. ბავშვობაში “ვუნდერკინდი მომღერალი” თითქმის ყოველწლიურად მართავდა გასტროლებს კიევში. იმხანად მომღერალს “ნარინჯისფერი სიმღერის” ქართულად შესრულებაც სთხოვეს.
[ირმა სოხაძე მღერის ქართულად] “რაღაც ასეთი იყო...”

“რაღაც ასეთი იყო” და “რაღაც ასეთი არის”...ძალიან სერიოზული ბიძია “ნარინჯისფერების” დაშინებას ცდილობს, მაგრამ ახლა არა მარტო ბავშვებმა, არამედ მოზრდილებმაც იციან, რომ მზე და ზეცა შეიძლება იყოს ნარინჯისფერი, თუკი ხალხი ამას ძალიან მოინდომებს.
XS
SM
MD
LG