Accessibility links

logo-print

ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური პროექტების განხილვაზე მომუშავე ევროკომისიის რეაბილიტაციის პროგრამების საორგანიზაციო კომიტეტის

სხდომა ოსური მხარის მოთხოვნით გადაიდო. მიზეზი ბანალური და საპატიოა: კომიტეტის წარმომადგენელი ოსური მხრიდან, ცხინვალის ხელისუფლების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი თიბილოვი, ავადაა. კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომისიის რეაბილიტაციის პროგრამების საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მეორე სხდომა უახლოეს დღეებში - სავარაუდოდ, პარასკევს - გაიმართება.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებიდან პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულადაა მიჩნეული: ქემერთის წყალსაქაჩის რეაბილიტაცია, ქურთის თემის მოსახლეობის გაზმომარაგება, ცხინვალის საკანალიზაციო და გაზმომარაგების სისტემების აღდგენა და სხვ. ცხინვალის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესის განახლება დროში დემილიტარიზაციის პროცესს ემთხვევა. ეს უკანასკნელი, მხარეთა ურთიერთბრალდებების ფონზე, საკმაოდ ნელა და არადამაჯერებლად ხორციელდება. დემილიტარიზაციის პროცესის შეფერხების მიუხედავად, კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის აქტუალიზებით დაინტერესებას ამჯერად უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ, ეუთო, ევროკომისია და გაერო იჩენენ. სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზატორი ეუთოა, დამფინანსებელი ევროკომისიაა, ხოლო შემსრულებელი - გაეროს განვითარების პროგრამა. შესაბამისად, კონფლიქტის მხარეები, თბილისი და ცხინვალი, ცდილობენ ევროპული დახმარება სამშვიდობო პროცესისთვის იქნეს გამოყენებული. სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორს გაუსვა ხაზი ჩვენთან საუბარში კონფლიქტების დარგში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ევროკომისიის რეაბილიტაციის პროგრამების საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა საქართველოს მხრიდან, გია ვოლსკიმ:

[გია ვოლსკის ხმა] ”განიარაღების პროცესი, ისევე როგორც ურთიერთნდობის აღდგენის პროცესი, ისევე როგორც ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი, ეს ყველაფერი არის სამშვიდობო პროცესის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები.”(სტილი დაცულია)

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის ორ-ნახევარი მილიონი ევროა გამოყოფილი. კონფლიქტის მხარეთა შორის ამ თანხის გაყოფის საკითხი თავიდან სადავოდ იქცა, თუმცა მოგვიანებით ქართულმა მხარემ პოზიციები დათმო, როგორც ამბობენ, პრაგმატული გათვლებით.

[გია ვოლსკის ხმა]” ჩვენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, ისე როგორც მის მოსახლეობას, ვიხილავთ როგორც საქართველოს ტერიტორიას.”

პროგრამის პოლიტიკური პოზიტივების გარდა, კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია ასევე მისი სოციალური პოზიტივიც. როგორც ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური იუწყება, რეაბილიტაციის პროგრამა პრაქტიკულად უკვე მოქმედებს:

[გოგა აფციაურის ხმა]”გზა იგება სოფლების ტერიტორიაზე.ესეც მაგათი გამოყოფილი თანხებითაა. ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალი ცხინვალიდან ჯავამდე - ამის დაგება ხდება. ტრანსმაგისტრალს რო ეძახიან, მანდ მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება ინტენსიურად. ესეც მაგ პროგრამითაა, როგორც ვიცი.”(სტილი დაცულია)

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის მესამე პროგრამის რამდენიმე პროექტი - ძირითადად, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და გზების კეთილმოწყობის სფეროში - დამუშავების პროცესშია. ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა უახლოეს ხანში - სავარაუდოდ, ცხინვალის საგანგებო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოჯანმრთელებისთანავე - შედგება.
XS
SM
MD
LG