Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოს მთავრობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები


საქართველოს მთავრობის წევრებმა და პრეზიდენტმა ოთხშაბათს უარყვეს გავრცელებული ცნობა მთავრობაში მოსალოდნელი სერიოზული საკადრო ცვლილებების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახანძრო რეჟიმში საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, მით უფრო მაშინ, როცა პრემიერ -მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანაში არ იმყოფებიან. თუმცა სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გარკვეული მიმართულებების გაძლიერებისთვის ცვლილებები გამორიცხული არ არის. რა იგულისხმება ამ ნათქვამში, ალბათ, ჟვანიასა და ბურჯანაძის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა. პრემიერ-მინისტრის აპარატში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს ჰქონდათ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბარი.


პრემიერ-მინისტრის აპარატიდან გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე პრემიერსა და პრეზიდენტს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ საკადრო ცვლილებების გეგმასთან დაკავშირებით. ამ გეგმის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელი და, მათთან ერთად, პრეზიდენტი აცხადებს, რომ გარკვეული საკადრო ცვლილებები, შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ არა ისე, როგორც ბოლო 2 დღის მანძილზე ვრცელდება საინფორმაციო საშუალებებით. ბოლო 2 დღის მანძილზე გავრცელებული ვერსიები ასეთია: შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს, გიორგი ბარამიძეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ან უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანენ, ანდა გაეროში საქართველოს მისიას ჩაუყენებენ სათავეში. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი იუსტიციის მინისტრის სავარძელს დაიკავებს, ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდება, უშიშროების მინისტრი ივანე მერაბიშვილი კი -უშიშროებისა და შინაგან საქმეთა გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელი. გავრცელებული არაოფიციალური ცნობებით, საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია მთავრობის ეკონომიკურ ბლოკშიც: დაგეგმილია ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით შერვაშიძის თანამდებობებიდან გათავისუფლება. ამას გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი ჩუბინიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე უნდა გადაინაცვლოს, თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რიგით თანამშრომლად , მერი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გიორგი არველაძე უნდა გახდეს და ასე შემდეგ.

იყო მოლოდინი, რომ ასეთი თავბრუდამხვევი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, დადასტურდებოდა. მოლოდინი არ გამართლდა. საკადრო ცვლილებების საკითხზე კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს გააკეთა:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ როცა ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია არ არიან აქ, პრეზიდენტი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვფქირობთ გარკევულ ცვლილებებზე, მაგრამ იმ ცვლილებების დიდი ნაწილი, რომელზეც პრესა საუბრობდა, რეალობასთან კავშირში არ არის. “


გავრცელებული არაოფიციალური ვერსიებიდან რა არის კავშირში რეალობასთან და რა - არა, ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, კარტი პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაიხსნება. მიხეილ სააკაშვილს ცვლილებები უყვარს და, თუ მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში ძველებურად - მთავრობის ამჟამინდელი სახეების თანამდებობებზე შენაცვლებით - განხორციელდება, პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკის კრიტიკა გამძაფრდება. არათუ ოპოზიციაში, უმრავლესობაშიც გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკა არა პროფესიონალიზმის, არამედ ძალთა დაბალანსებისა და მისდამი ერთგულების ნიშნით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG