Accessibility links

logo-print

''უნისეფი'' - ყოფილ საბჭოთა კავშირში ბავშვებს ბევრი სერიოზული პრობლემა აქვთ


"უნისეფის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყველაზე მძიმე ვითარებაში ბავშვები აფრიკის კონტინენტზე არიან.

გაეროს ბავშვთა ფონდი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამ პრობლემას, რომელიც ბავშვების ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას: სიღარიბეს, კონფლიქტებსა და შიდსის გავრცელებას. ისევე, როგორც ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, საბოლოო ყოველწლიურ ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები კვლავ არ ასრულებენ დანაპირებს ბავშვების ცხოვრები პირობების გამუჯობესების შესახებ.

ხუთშაბათს, 9 დეკემბერს გამოქვეყნდა "უნისეფის" ყოველწლიური ანგარიში "მსოფლიოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ". ამ კვლევის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ ახერხებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ბავშვების განვითარებისვის აუცილებელი გარემოს შექმნას.

როგორც გითხარით, მსოფლიო მასშტაბით ბავშვების მდგომარეობის შეფასებისას თავს იჩენს სამი ძირითადი პრობლემა: სიღარიბე, კონფლიქტები და შიდსი. სამივე ეს პრობლემა უმწვავესად დგას აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების უმრავლესობასა და კუნძულ მადაგასკარზე. "უნისეფის" წარმომადგენლის გასპარ ფაიტის თანახმად, იგივე პრობლემები არანაკლები სიმწვავით აღინიშნება ყოფილი საბჭოთა კავშირის უდიდეს ნაწილსა და აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთ ნაწილში.

[ფაიტის ხმა]
"უმთავრესი ის გახლავთ, რომ ამ რეგიონში არსებობს სამივე ეს საფრთხე. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში ერთნაირად მწვავედ – არა, მაგრამ რეგიონის არც ერთი ქვეყანა არ არის თავისუფალი ამ პრობლემებისგან".

5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის კოეფიციენტი არის ბავშვებზე ზრუნვის შეფასების უმთავრესი კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი მაღალი რჩება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით – შუა აზიასა და კავკასიაში.

გაეროს ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესახებ არსებული სტრატეგიული დოკუმენტი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ 2015 წლისთვის 1990 წელთან შედარებით ორი მესამედით უნდა შეამცირონ 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი. "უნისეფის" ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია 10 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის – რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, ლატვიასა და საქართველოში, ასევე შუა აზიის 5-ვე ქვეყანაში.

"უნისეფის" წარმომადგენელ გასპარ ფაიტს მიაჩნია, რომ ბევრ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას აქვს რესურსები ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პრობლემა მხოლოდ ხელისუფლებათა არასწრო სტრატეგიაშია:

[ფაიტის ხმა]
"თუკი არ არის ტრანსპორტი, აზრი არ აქვს საავადმყოფოს არსებობას. თუკი არ არის წამალი, აზრს კარგავს ექიმის ყოფნა. ასე რომ, მთავრობამ უნდა თქვას "მოდით, დავსხდეთ და დავფიქრდეთ ბავშვის კეთილდღეობაზე, იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის "ათასწლეულის ამოცანები".

მეორე პრობლემა, რომელსაც ფაიტი გამოყოფს, ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემების ნელი ტემპით რეფორმირებაა. წარსულში ეს სისტემა ბავშვთა სახლებს ეფუძნებოდა და დაახლოებით მილიონამდე ბავშვი ყოფილ საბჭოთა კავშირში კვლავ ასეთ დაწესებულებებში რჩება:

[ფაიტის ხმა]
"ბევრი ბავშვი ობლდება. ბევრი ბავშვი უმშობლებოდ რჩება ოჯახების დანგრევის, მიგრაციის, კონფლიქტების და ასევე მშობლების სიღარიბის გამო. ხშირად სახელმწიფო ერევა, მშობლებს ბავშვზე ზრუნვის უფლებას ართმევს და მათ ბავშვთა სახლებში ათავსებს".

მიუხედავად ასეთი აღწერისა, ვითარება ბოლომდე უიმედო არ არის. ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ის უმჯობესდება. მაგალითად, მაკედონიაში მკვეთრად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევათა რაოდენობა, რასაც ამ ქვეყანამ ბავშვზე დედის ორსულობის პერიოდში, ე.წ. პრენატალური ზრუნვის პროგრამების განხორციელებით მიაღწია.

"უნისეფის" ახლანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბელორუსიაში, საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში ახლა მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის თავიდან აცილებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG