Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრობლემის სხვა სახე: ქურთი ლტოლვილები სტამბულში


გასულ კვირას ყოველკვირეული რუბრიკა ‘სხვა სახე’ სტამბულში გამართულ შეხვედრაზე მოგითხრობდათ. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ინიცირებული ეს შეხვედრა

ნოემბერში შედგა და მიზნად სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა. რუბრიკის დღევანდელი სიუჟეტიც ამ შეხვედრას უკავშირდება და ეხება საკითხს, რომელიც თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს გახლავთ თურქეთში მცხოვრები ქურთი ხალხის საკითხი. დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სტამბულში მცხოვრები ქურთი ლტოლვილების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.

[ბავშვების ხმები]

ეს ბავშვები სტამბულში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა მაშინ გავიცანით, როდესაც მათ ბაშაკის კულტურისა და ხელოვნების ფონდში ინგლისურის გაკვეთილი უტარდებოდათ. ეს ფონდი, რომელშიც ფსიქოლოგები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები და ექიმები მუშაობენ, სტამბულის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. ოფიციალური ბუკლეტების მიხედვით, ის მიგრაციის შედეგად სტამბულში ჩასახლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების რეაბილიტაციას და ინტეგრაციას ემსახურება. ეს მიგრაციული პროცესები, ძირითადად, ქურთი ხალხით მჭიდროდ დასახლებულ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში 80-იან და 90-იან წლებში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოიშვა და, შესაბამისად, ფონდში გაერთიანებული ბავშვების უმეტესობაც ეთნიკურად ქურთია. თუმცა ფონდის შესახებ გამოცემულ ოფიციალურ ბუკლეტებში თქვენ სიტყვა ‘ქურთს’ თითქმის ვერსად შეხვდებით; მეტიც – ფონდის თანამშრომლები ჩვენთან გამართულ შეხვედრაზე დიდხანს საუბრობდნენ ზოგადად ‘მიგრაციული პროცესების მსხვერპლ ბავშვებზე’ და ამ ბავშვების ეთნიკური სხვაობის საკითხს მხოლოდ მას შემდეგ შეეხნენ, რაც ამის თაობაზე ჩვენი მხრიდან კონკრეტული შეკითხვა დაესვათ.

თუმცა, შესაძლოა, ეს გასაკვირი არც იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 12 მილიონამდე ქურთი ცხოვრობს და ქურთები თურქეთის მოსახლეობის ოც პროცენტს შეადგენენ, თურქეთში უკანასკნელ დრომდე შეუძლებელი იყო ქურთი ხალხის კულტურულ და, მით უფრო, პოლიტიკურ უფლებებზე ღიად საუბარი. მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაართულა იმ ფაქტორმაც, რომ 1980-იან წლებში ქურთი ხალხის თვითგამორკვევისთვის ბრძოლამ ძალადობრივი ფორმა მიიღო, რასაც ქვეყნის მთავრობა დაუპირისპირდა და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი შეიარაღებულმა კონფლიქტებმა მოიცვა.

ბაშაკის ფონდი სწორედ ამ კონფლიქტების შედეგად ლტოლვილად ქცეულ ადამიანებთან მუშაობს. როგორც ფონდის ფსიქოლოგმა პინარ ონენმა მითხრა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც სტამბულში ჩამოსახლებული ქურთები შეეჯახნენ, უმუშევრობაა. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი სიღარიბით და ინდუსტრიული წარმოების ნაკლებობით გამოირჩევა და მიწათმოქმედებას მიჩვეულ ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ სტამბულში სამუშაოს შოვნა. პინარ ონენის აზრით, ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა ქურთი ოჯახების სტრუქტურის რღვევაზე:

[პინარ ონენის ხმა] “ჩემი აზრით, ქალების მდგომარეობა მამაკაცებთან შედარებით, გარკვეულწილად, უკეთესია, ვინაიდან მამაკაცების სტატუსი სტამბულში ჩასვლის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა: ისინი ვერ მუშაობენ და არანაირი როლი არ გააჩნიათ, მათ საკუთარი შვილები არჩენენ. დედები კი თავის ჩვეულ საქმიანობას, დიასახლისობას და შვილების მოვლას, განაგრძობენ. მაგრამ ქალები იმ მხრივ იზღუდებიან, რომ ისინი მამაკაცებზე ბევრად უფრო იზოლირებულნი არიან. ქალების უმრავლესობა თურქულ ენაზე არ ლაპარაკობს. ისინი, გარკვეულწილად, გეტოში ცხოვრობენ. მამაკაცები და ახალგაზრდები ბევრად უფრო ინტეგრირებულები არიან საზოგადოებაში, ვიდრე ქალები.”

ბაშაკის ფონდის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქურთ ლტოლვილებში ყველაზე მეტად დისკრიმინირებულნი ახალგაზრდები არიან, ვინაიდან მამების უმუშევრობის პირობებში მათ 8, 9 თუ 10 წლის ასაკიდან უწევდათ მუშაობა და ოჯახის რჩენა. მათ უმრავლესობას სკოლაში არასოდეს უვლია. ამასთან, პინარ ონენმა მითხრა, რომ ფონდის მუშაკების მთავარ საზრუნავს ქურთ მოსახლეობაში არსებული თაობათაშორისი კონფლიქტების მოგვარებაც შეადგენს:

[პინარ ონენის ხმა] “მშობლები შიშობენ, რომ შვილები თავიანთ კულტურას კარგავენ და ასიმილირდებიან. ბავშვები კი, მართლაც, იცვლებიან, რადგან ისინი ახლა ამ კულტურის ნაწილს წარმოადგენენ. ეს კი მათ შორის დაპირისპირებას იწვევს. ჩვენ ვცდილობთ ისინი შევარიგოთ ხოლმე. მშობლები, მაგალითად, შვილებს ხშირად სთხოვენ თავიანთი კულტურის შენარჩუნებას – აიძულებენ მოუსმინონ თავიანთ ფოლკლორულ მუსიკას, ილაპარაკონ მხოლოდ თავიანთ ენაზე, დაიცვან ქორწინების ტრადიციული ფორმები და ასე შემდეგ. მაგრამ შვილები იცვლებიან და მათთვის მშობლების შეხედულებები, გარკვეულწილად, მიუღებელი ხდება.”

ბაშაკის ფონდი ქურთ ბავშვებს და ახალგაზრდებს წერა-კითხვის, ინგლისურისა თუ კომპიუტერის გაკვეთილებთან ერთად თეატრის, ხატვის და ცეკვის გაკვეთილებსაც სთავაზობს, ვინაიდან, ფონდში მომუშავე ფსიქოლოგების აზრით, ხელოვნება თერაპიისა და რეაბილიტაციის ეფექტური საშუალებაა. ზრდასრულებთან მუშაობისას კი ფონდის წარმომადგენლები ტრავმული წარსულისგან გათავისუფლებაში დახმარებას ცდილობენ:

[პინარ ონენის ხმა] “ჩვენ მათ ვეხმარებით და ვცდილობთ მათ ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი. მაგალითად, ქალებს ვეუბნებით, რომ მათ არ უნდა ეშინოდეთ ხალხში გასვლის. ამ ადამიანებს ტრავმული წარსული აქვთ, ათი წლის წინ განცდილმა ომმა მათ დიდი ტკივილი მიაყენა და ამის გამო თავს უსაფრთხოდ სტამბულშიც ვერ გრძნობენ. ამდენად, ჩვენ ვცდილობთ მათ ეს განცდები მოვუხსნათ და თავი უფრო დაცულად ვაგრძნობინოთ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის.”

საუბრის დასასრულს პინარ ონენს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობის ზოგადი შეფასება ვთხოვე:

[პინარ ონენის ხმა] “ცვლილებები ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, მაგრამ, ჩემი აზრით, თურქეთში მცხოვრები ხალხის უმრავლესობას იმედი აქვს, რომ ეს მაინც გარდაუვალია. ათი წლის წინ შეუძლებელი იყო ქურთი ხალხის შესახებ საუბარი და სიტყვა ‘ქურთის’ ხსენებაც კი. მაგრამ ორი თვის წინ, მაგალითად, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა ბილბორდებზე გამოაკრა განცხადება, რომ ‘თავისუფლება საკუთარ ენაზე ლაპარაკის შესაძლებლობას ნიშნავს’. ეს ათი წლის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგრამ ახლა რაღაცები იცვლება. ბოლო დროს სახელმწიფო ტელევიზიამ ერთი საათის დათმობა დაიწყო თურქეთში მცხოვრები უმცირესობების, მათ შორის ქურთების, ენაზე გაკეთებული გადაცემებისთვის. ეს თავისთავად, შესაძლოა, ბევრი არაფერია, მაგრამ ცვლილებების დასაწყისი ნამდვილად არის.”

“ბაშაკის” წარმომადგენლები ფონდის ერთწლიან ისტორიას წარმატებულად აფასებენ. სჯერათ, რომ თუ ქურთი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრირების მათ მცდელობას ქვეყნის პოლიტიკაში განხორციელებული მსგავსი ცვლილებები შეერწყმება, ამით ნამდვილად დაიწყება თურქეთში მცხოვრები ქურთი ხალხის ჩაგვრის შემსუბუქება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG