Accessibility links

logo-print

ახალმა კოდექსმა სოფლის მეურნეობას შეიძლება პრობლემები შეუქმნას


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელსაც ხელისუფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ლიბერალურს უწოდებს, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, არცთუ ისე ლიბერალურია.

მთელი რიგი გადასახადების შემცირებასთან ერთად, რაც, უდავოდ, დაფიქსირებულია პროექტში, ზოგიერთი სახის საქონელსა და მომსახურებაზე გადასახადი მკვეთრად იმატებს, რაც გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ბაზარზე და ამ ტიპის საქონელი ან მომსახურება აუცილებლად გაძვირდება. რაზე მოიმატებს ფასები ახალი საგადახადაო კოდექსის ამოქმედების შემდეგ?

საგადასახადო პოლიტიკა ყველაზე რეზონანსულ თემად რჩება, რომელსაც წლობით ელოდა ქართული ბიზნესი და რომლის მიმართაც ცალსახა დამოკიდებულება დღემდე არ არსებობს. ხელისუფლების მტკიცებით, მთავრობის მიერ შემუშავებული და შემდგომ, კონსულტაციების საფუძველზე, არაერთგზის გადამუშავებული პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური დოკუმენტია, თუმცა ბიზნესმენები ამ აზრს ბოლომდე არ იზიარებენ, ხოლო ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის წარმომადგენლები, ახალი ფისკალური პოლიტიკის შედეგად, მათ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე ფასების მატებას ვარაუდობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმთან დაკავშირებით მთავრობას თავის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტის შეცვლა მოუხდა, ავტომობილების ბაზარს, კოდექსის კომპრომისული ვარიანტითაც კი, გაძვირება არ ასცდება. ეს განსაკუთრებით შეეხება ახალ მანქანებს, რომელიც ძრავის კუბატურის მიხედვით დაიბეგრება. თუმცა საბოლოო, შეთანხმებული ვარიანტი, მთავრობის თავდაპირველ ჩანაფიქრთან შედარებით, ავტოიმპორტიორებისათვის მაინც მისაღებია.

კოდექსის მიხედვით, მკაცრდება თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე დაბეგვრის რეჟიმი. იმატებს აქციზი ამ ტიპის პროდუქციაზე, რაც სიგარეტისა და სასმელების გაძვირებას გამოიწვევს. ყველაზე მეტად კი ექსპერტებს ნავთობპროდუქტების, კერძოდ, დიზელის საწვავზე დაბეგვრის არსებული რეჟიმი აღელვებთ. დამოუკიდებელი ექსპერტი და ექს-ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე ვარაუდობს, რომ ახალი კოდექსის მიღების შემდეგ სამომხმარებლო ბაზარზე კონიუნქტურის ცვლილება მოსალოდნელია და ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროს შეეხება:

[დავით იაკობიძის ხმა] ”განსაკუთრებით ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე შეიცვლება სპეციალიზაციის პირობები. ამას განაპირობებს დიზელის საწვავის აქციზით დაბეგვრის არსებული ნორმები, რომელიც მაღალია. როდესაც იზრდება ფასები ამ პროდუქციაზე, მაშინ ან უნდა მივიღოთ გარკვეული რეჟიმები, რომ სოფლის მეურნეობას ხელი შევუწყოთ, ან უნდა შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომელიც გაანეიტრალებს აქციზის მაღალ დონეს. მეორე მხრივ, ისეთი სასურსათო პროდუქცია, როგორიცაა ცალკეული ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად, ვერმუტები, ხილის ღვინოები და ა.შ., პრაქტიკულად ჩვენთან აღარ იქნება. ”

ამდენად, პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებულმა კოდექსმა ზოგადად ქვეყანაში შეიძლება შეამციროს მთლიანი საგადასახადო ტვირთი, მაგრამ მთელ სექტორს, მაგალითად, სოფლის მეურნეობას, რომელშიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ორი მესამედი იწარმოება და შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტია დასაქმებული, შეიძლება სერიოზული პრობლემა შეუქმნას.
XS
SM
MD
LG