Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 დეკემბერი/ადამიანის უფლებები


1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - მიიღო. ამ დროიდან მოყოლებული, გაეროს წევრი ქვეყნები ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავენ, თუმცა ყველაზე მეტად ამ დღეს მაინც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ, რომელთა წარმომადგენლებიც, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად საპროტესტო აქციებს მართავენ, ასევე აჯამებენ წლის განმავლობაში უფლებათა დაცვის სფეროში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს. ამ მხრივ, რაიმე განსაკუთრებულ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მოქმედი ყველა უფლებათდამცავი ორგანიზაცია თავისებურად აღნიშნავს: ვინ აქციას, ტრადიციულად, სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართავს, ვინ შედეგებს შეაჯამებს, ვინ კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას მიაშურებს. გულგრილი, ბუნებრივია, ვერც რიგითი მოქალაქეები იქნებიან.

[მამაკაცის ხმა] “შედარებით, რასაც ჰქვია, პატრული აწესრიგებს, მგონი, მდგომარეობას, მეტ-ნაკლებობით, მაგრამ როგორც ასეთი, მთლიანობაში, მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, საერთო ჯამში, არ გამოსწორებულა.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “უკეთესობისკენ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. იმიტომ რომ ხშირად მიწევს რუსეთში ჩასვლა და ვხედავ, როგორ იქცევიან იქაური მილიციელები და აქ კიდევ - ჩვენი პოლიციელები.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “ვერაფერს ვერ ვატყობ მე… 50 წელია აქ ვმუშაობ და 20 ლარი მაქვს. აბა, რა შეიცვალა? უკმაყოფილო ვარ.”

უკმაყოფილებას, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შექმნილი მდგომარეობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არ მალავენ. მათი თქმით, ტრადიციულად, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც ყველაზე თვალშისაცემად პოლიცია თავნებობდა.

[თეა თუთბერიძის ხმა] “მე ვერ ვნახე მიშა გიორგაძე დასჯილი და ვერც მიხეილ სალაძე, რომლებმაც ჩვენ დაგვარბიეს არაერთ აქციაზე. არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული? თუკი ამ ხელისუფლებამ ეს პოლიციელები არ დასაჯა, თუკი ჩვენ კატეგორიულად არ მოვითხოვთ და მივმართავთ კიდევაც წერილობით პროკურატურას, აღძრას სისხლის სამართლის საქმე ამათ წინააღმდეგ.”(სტილი დაცულია)


ეს თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელი თეა თუთბერიძე იყო. მისი გაცხარება კი თბილისის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის სასტიკმა დარბევამ გამოიწვია. თუმცა, მუქარის მიუხედავად, მომხდარის გამო დღემდე არავინ დასჯილა. არადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მოსახლეობისგან დაჟინებით ითხოვს უღირსი პოლიციელების მხილებას:

[სატელევიზიო რეკლამის ტექსტი] “პოლიციელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ დაგვირეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე - 995350 ან 983943. დავეხმაროთ პოლიციას იმუშაოს ახლებურად და ჩადგეს ხალხის სამსახურში.”

ძალოვანი უწყებების “ცხელი ხაზები” რომ წმინდა წყლის ფორმალობაა, ამას არასამთავრობო ორგანიზაციის, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ქამაშიძე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამტკიცებს:

[ქეთევან ქამაშიძის ხმა] “ჩვენი ადვოკატი არ შეუშვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ორდერი ჰქონდა და ყველაფერი, რაც საჭიროა, მაგრამ არ უშვებდნენ და ცხელი ხაზის მეშვეობით გვინდოდა ეს შეგვეტყობინებინა შესაბამისი ორგანოებისათვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ცხელი ხაზი მთლად ცხელი არ არის. იქ უპასუხეს ჩვენს ადვოკატს, რომ, იცით, არ არის. თქვენ კი გვითხარით, მაგრამ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ, გავაანალიზოთ და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

ქეთევან ქამაშიძის თქმით, ყველაზე ცუდი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა, ის არის, რომ ხელისუფლებამ ვერ გაამართლა ხალხის მოლოდინი. მისი განცხადებით, საქართველოში კვლავ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები:

[ქეთევან ქამაშიძის ხმა] “გრძელდებოდა უკანონო დაკავებები, მე ვგულისხმობ - პროცესუალურად, პროცედურების მიხედვით და არა მხოლოდ ეს. ვფიქრობ, არის წამების ფაქტები მომატებული, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. ასეთი რამ ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საპყრობილეებში, მაგრამ განსაკუთრებით ასეთი ამბები ხდება წინასწარი დაკავების იზოლატორებში.”(სტილი დაცულია)

ცხადია, ადამიანის უფლებების დაცვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, სახელმწიფო სტრუქტურებიც უნდა ზრუნავდნენ. რამდენი პოლიციელი დაისაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი უკანონო ქმედებებისათვის? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მივმართეთ, თუმცა იქ ჩვენთვის არავის ეცალა:

[ავტომოპასუხის ხმა] “გურამი დაკავებულია. გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება ან გადმორეკეთ მოგვიანებით.”(სტილი დაცულია)

არაოფიციალური ინფორმაციით კი, 2004 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმე 14 პოლიციელზე იქნა აღძრული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG