Accessibility links

logo-print

569-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 569-ე გამოშვება.

წამყვანი:
“მეათე სტუდიის” პირველი სიუჟეტით დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიგიწვევთ, შემდეგ გიამბობთ ორ მერზე: ერთის გვარი ხშირად ისმის, მისი სახეც ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე - განსაკუთრებით ბოლო დღეებში - თბილისის მერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ვგულისხმობთ. მეორე კი ისეთი ქალაქის მერია, რომელიც აქამდე, რბილად რომ ვთქვათ, მიმზიდველობით არ გამოირჩეოდა. და მაინც ის, ტირანის მერი აღიარეს მსოფლიოში საუკეთესოდ, მიუხედავად იმისა, რომ მის კონკურენტებს შორის რომის, პარიზის, ბერლინის მერები იყვნენ. მაინც ვინ არის ედი რამა - კაცი, რომელმაც ალბანეთის დედაქალაქს სახე უცვალა? მეათე სტუდიაში ამასაც შეიტყობთ. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

ეროვნული ბიბლიოთეკა 2004 წელს

წამყვანი:
2004 იყო პირველი წელი, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ფული გაიმეტა ეროვნული ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად. 50 ათასი ლარი, შესაძლოა, დიდი თანხა არ არის, მაგრამ ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკისთვის, რომელსაც წლების მანძილზე მხოლოდ სწირავენ ახალ წიგნებს, ეს მნიშვნელოვანი დახმარება იყო. წიგნების დეფიციტი არ არის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის ერთადერთი პრობლემა. როგორ არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკა შედარებით ახალ პირობებში - ამაზე დავით პაიჭაძე ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა.

დავით პაიჭაძე, თბილისი:
50 ათასი ლარით წიგნების შესყიდვაზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გამომცემლობა “ინტელექტმა” გაიმარჯვა. გამომცემლობისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები წიგნებს მოსკოვში შეისყიდიან. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ საჭირო წიგნების ნუსხის შესადგენად მათ დამოუკიდებელი კვლევაც ჩაატარეს და თბილისის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსაც სთხოვეს, ბიბლიოთეკისათვის სასურველი წიგნების ჩამონათვალი გაეგზავნათ.

[ჯგერენაიას ხმა] “ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ ევროპული ენებიდან რუსულ ენაზე თარგმნილ ლიტერატურას. ლიტერატურა იქნება მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში. განსაკუთრებნით დიდი მოტხოვნილება ჰუმანიტარულ ლიტერატურაზე, სამედიცინო და ბიოლოგიის წიგნებზე. ჩვენ ვიცოდით მკითხველის განწყობა და ამიტომაც დავუჭირეთ მხარი ევროპული ენებიდან რუსულ ენაზე თარგმნილ ლიტერატურას”.

გამოდის, რომ მეცნიერებასთან, თუ პათეტიკად არ ჩამოგვართმევთ, კაცობრიობის ინტელექტუალურ გამოცდილებასთან ზიარების ძირითად ენად საქართველოში მაინც რუსული ენა რჩება. ემზარ ჯგერენაიას თქმით, ცხადია, ბიბლიოთეკას შეეძლო, გამოყოფილი ფულით შეესყიდა ახალი ლიტერატურა ინგლისურ, გერმანულ და სხვა ევოპრულ ენებზე, მაგრამ, გარდა იმისა, რომ საქართველოში მკითხველი, ძირითადად, რუსულენოვანია, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გამოცემული წიგნი გაცილებით ძვირი ღირს და ბიბლიოთეკაც, შესაბამისად, ნაკლებ წიგნს შეიძენდა. თუმცა, რისი შეძენაც რუსეთში განიზრახე, ჯერაც არ უყიდიათ. გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ რუსეთის ვიზის გაჭიანურებული პრობლემები ცოტა ხნის წინ მოგვარდა. მანამდე კი ყველა დაინტერესებულს შეეძლება გაიგოს, რა წიგნები შეემატება ეროვნულ ბიბლიოთეკას: ყველა დარბაზში იქნება ამ წიგნების სიები, ხოლო ერთ დარბაზში ყველა მათგანის თითო ეგზემპლარი გამოიფინება.

წიგნების ყიდვა ერთი საკითხია, მათი დაცვა და შენახვა - მეორე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ მხრივ საქმე უარესად არის.

[ჯგერენაიას ხმა] “ჩვენი შენობები, პირველი, მეორე და მესამე კორპუსი ამორტიზებულია. ერთხელ ვთქვი, რომ ეს არის ზეციური ბიბლიოთეკა - არც საძირკველი აქვს და არც სახურავი. სახურავი დაზიანებულია, საძირკველი და კედლები დაბზარულია და ერთი პატარა მიწისძვრის შემთხვევაში პირველი კორპუსი აღარ გვექნება, დაინგრევა, იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია”.

უამრავ წიგნს ბიბლიოთეკის საცავებში სოკო და სხვა დაავადებები აქვს. ზაფხულში ამას მეტისმეტი სიცხე იწვევდა, ზამთარში - გათბობის არქონა:

[ჯგერენაიას ხმა] “ეს ვნებს წიგნებსაც და ადამიანებსაც. წიგნები გარკვეული ტემპერატურის ქვეშ უნდა ინახებოდეს, ტენიანობა უნდა იყოს დაცული. წარმოიდგინეთ: ზამთრის 10 გრადუსიანი ყინვა თბილისში და ზაფხულში 40 გრადუსიანი სიცხეები. ტემპერატურის ეს ცვლილება წიგნებს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. რაც შეეხება თანამშრომელბს, ყველა მათგანი დადიოდა ბიბლიოთეკაში; ლენინგრადის ბლოკადას ჰგავდა: პერსონალიც და მკითხველიც პალტოებითა და ხელთათმანებით ისხდნენ დარბაზებში.”

სასიკეთო სიგნალად ემზარ ჯგერენაია იმას აღიქვამს, რომ უფლება და საშუალება მიეცა, ბიუჯეტის ფულით თანამშრომელთა ოთახებში დასადგომად ელექტროგამათბობლები შეეძინა. მათმა ერთდროულად ჩართვამ ტრანსფორმატორი დააზიანა, მის შესაკეთებელი ფული კი ბიბლიოთეკას უკვე აღარ აქვს.

წიგნებზე დიდ პრობლემად გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გასული საუკუნეების პერიოდიკის დაცვა ესახება. მე-19 საუკუნის გაზეთებს, პრაქტიკულად, ვერ შეეხებით, იმდენად არის დაზიანებული. რესტავრაციის განყოფილებას კი უმწირესი საშუალებები აქვს. ემზარ ჯგერენაია ერთ გამოსავალს ხედავს:

[ჯგერენაიას ხმა] “ვაპირებთ, შევიძინოთ ერთი კარგი ციფრული აპარატი. ბოლოსდაბოლოს გადავიღებთ ამ გაზეთებს და განვათავსებთ ვებ გვერდზე, როგორც გრაფიკულ გამოსახულებას. მკითხველს ვეტყვით, ვერ გაძლევთ უფლებას, გადაშალოთ, მაგრამ მიბრძანდით კომპიუტერთან და იქ ნახეთ”.

წამყვანი:
ამბობს ემზარ ჯგერენაია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თბილისში ესაუბრა ჩვენი კოლეგა დავით პაიჭაძე. ემზარ ჯგერენაიას სახელმა ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტშიც გაიჟღერა: მასზე ფაქტობრივად, სიტყვიერი იერიში განხორციელდა. კერძოდ, პარლამენტარმა დავით გამყრელიძემ, მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა მოითხოვა ჯგერენაიას თანამდებობიდან გათავისუფლება. და აი, რატომ - საზოგადოებაში, გამყრელიძის თქმით, მუსირებს თემა, რომ: “თურმე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ემზარ ჯგერენაია ქართულ სუფრას და ქართულ ტრადიციებს ჰომოსექსუალიზმის აქტად მიიჩნევს”. ეს სიტყვები დავით გამყრელიძემ წარმოთქვა და ის შემაშფოთებლად მიიჩნევს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ასეთ განცხადებებს აკეთებს. მართლა გააკეთა თუ არა ასეთი განცხადება ჯგერენაიამ, გამყრელიძემ, როგორც ჩანს არ იცის, რახან სიტყვა “თურმე” იხმარა. მაგრამ ფაქტია, რომ ჯგერენაია ეროვნული ტრადიციებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

ამ შინაარსის ბრალდებებს - ეროვნული ტრადიციებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების ბრალდებებს - ზურაბ ჭიაბერაშვილი, შესაძლოა, უკვე მიეეჩვია კიდეც. მან ხომ თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნის 8 თვის მანძილზე არაერთი იარლიყის „დამსახურება“ მოასწრო - ზოგი ოპონენტის რწმენით, მერი ყველაფერს ეროვნულს ებრძვის და არ უყვარს ქართლის დედაც კი. ისმის სხვა შინაარსის კრიტიკაც: რომ კორუფციასთან ბრძოლის შთამბეჭდავი ხერხებით მერი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. დაბოლოს, არიან ადამიანები, ვინც ზურაბ ჭიაბერაშვილს, უბრალოდ, კარგ მერად და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულ ადამიანად მიიჩნევს. თამარ ჩიქოვანი თბილისის მერის საქმიანობის შესახებ მოგითხრობთ.

თამარ ჩიქოვანი:
თბილისის მერის თანამდებობას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებოდა პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით და არც თუ უსაფუძვლოდ - თავის დროზე თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი პირველ სახელმწიფო მინისტრად დაწინაურდა. ნოემბრის მოვლენები რომ არა, თბილისის კიდევ ერთი მერი ვაზო ზოდელავა აუცილებლად იქნებოდა ერთერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა და შარშან აპრილში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თბილისის მერად ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, 31 წლის ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა.

გულახდილად რომ ითქვას, ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. სამაგიეროდ, საზოგადოება კარგად იცნობდა ზურაბ ჭიაბერაშვილს, როცა ის ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლების ინსტიტუტის“ დიერქტორი იყო, შემდეგ - ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი. სწორედ ეს ორგანიზაცია აცხადებდა იმ დარღვევების შესახებ, რაც 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებმა სხვადახვა უბანზე აღრიცხეს. ნოემბრის მოვლენების შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილის სამოხელეო საქმიანობა იწყება - ის ჯერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა - სწორედ მან ჩაატარა ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნები, 2003 წლის აპრილში კი, საკმაოდ მოულოდნელად, ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერად ინიშნება.
ახალგაზრდა მერის საქმიანობის ყველაზე ხმაურიან მომენტებად უნდა ჩაითვალოს მისი განკარგულებით მერიის თანამშრომელთა ნარკოტიკების მოხმარებაზე შემოწმება, რის შემდეგაც მერიის რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი სამსახურიდან დაითხოვეს. არადა, ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონს თუ დავესესხები, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი თბილისის პრემიერის „კადრები“ იყვნენ. თბილისის ერთერთი გამგებლის მიერ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საათის ჩუქების ამბავი კი საქართველოს ფარგლებსაც გაცდა.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ არის თუ არა შესაძლებელი, რომ გამგებელმა მერს მიუტანოს მინიმუმ 1500 დოლარიანი საათი. მე ვკითხულობ - რატომ მოხდა რევოლუცია ამ ქვეყანაში? და რატომ დამნიშნა ნე პრეზიდენტმა აქ? რომ 1500 დოლარიანი საჩუქრები ავიღო? ძალიან მარტივია აქ გადაწყვეტილება.“

თბილისის მერი, საერთოდ, გადაწყვეტილებებს ადვილად იღებს. მაგალითად, ამ კვირაში მან თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომის განცხადების დაწერა არც თუ რიგით ადამიანებს მოსთხოვა - მათ შორის, პარლამენტარ ელენე თევდორაძის შვილსაც. ამ გადაწყვეტილებამ თბილისის საკრებულოში მინი რევოლუცია გამოიწვია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი აღშფოთება ვერ მალავდა:
[ ზაზა ბეგაშვილის ხმა] „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ყოველთვის ებრძოდა ერთპიროვნულ დიქტატორებს და ფეოდალებს. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომ ვინმემ გაბედოს და მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.“

საკრებულოში ხელმოწერების შეგროვებას კი დაიწყეს თბილისის მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით. ეს პროცედურა პარასკევისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მოხდა მოულოდნელი რამ - პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ, თანამდებობიდან თბილისის პრემიერ-მინისტრი გადადგა. თბილისის მერმა კი ახალი პრემიერის კანდიდატურა შესთავაზა საკრებულოს. სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებები მერიაში თბილისის მერის მოსაზრებების გათვალისწინებით ჩატარდება.

თბილისის მერის კიდევ ერთი გადაწყვეტილება თბილისის ცენტრში ე.წ. სამკუთხედის შემოღების შესახებ - ალბათ, ისაა, რის გამოც მძღოლები მერის სახელს კარგა ხანს დაიმახსოვრებენ. კიდევ ერთი გადაწყვეტილება სასტუმრო ივერიის დევნილებისგან დაცლისა და იქ ახალი ბიზნეს-ცენტრის შექმნის შესახებ ჯერჯერობობით ასე ვთქვათ რეალიზაციის პროცესშია, თუმცა ის, რომ ქალაქის ცენტრში სასტუმრო ივერიის აივნებიდან გადმოფენილი სარეცხი ქალაქის იერს ნამდვილად არ მატებდა ლაზათს - უეჭველია.

სხვადასხვა მოსაზრებით, ადრე თუ გვიან თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი იქნება. ალბათ, მაშინ გაირკვევა, როგორი მერის ხილვა სურთ თბილისელებს. დღევანდელ მერს კი, სამწუხაროდ, დღეს უფრო მერიაში არსებული პოლიტიკური ინგრიგების გაუვნებელყოფობაზე უწევს დროის კარგვა, ვიდრე დედაქალაქის პრობლემების მოგვარებაზე.

თამარ ჩიქოვანი რადიო თავისუფლებისათვის, თბილისი

წამყვანი:
მერის საქმეზე საუბარი არ დაგვიმთავრებია. ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებმა ერთი საინტერესო ცნობა გაავრცელეს: ისინი იუწყებოდნენ, რა შედეგით დამთავრდა გამოკითხვა, რომელსაც მსოფლიოში 2004 წლის საუკეთესო მერი უნდა გამოევლინა. აქვე ვიტყვი, ლაპარაკია საინტერნეტო გამოკითხვაზე, რომელიც ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია “სიტი მეიორმა” ჩაატარა და რომლის ფინალურ ტურშიც 50 მერის კანდიდატურები იყო წარმოდგენილი (მათ შორის ზურაბ ჭიაბერიშვილი არ ყოფილა). და აი, გაირკვა, რომ საუკეთესო მერი ჰყავს არა რომელიმე მშვენიერებით, თუ ისტორიული მნიშვნელობით გამორჩეულ ქალაქს, ან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცენტრად აღზევებულ მეტროპოლიას, არამედ დედაქალაქს ქვეყნისა, რომელიც ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ ითვლება. ეს ქვეანა ალბანეთი გახლავთ, მისი დედაქალაქი ტირანაა, ტირანის მერი კი ედი რამა. ის არის უჩვეულო, ძალიან შთამბეჭდავი პიროვნება: მხატვარი, ყოფილი კალათბურთელი, ყოფილი კულტურის მინისტრი, რომელმაც, მას შემდეგ რაც 2000 წელს ტირანის მერი გახდა, ქალაქს სახე უცვალა.

[ადრიან ბრისკუს ხმა] “ადრე ტირანაში ნამდვილი ქაოსი იყო - სახლებს აშენებდნენ ნებართვის გარეშე, ყველგან კიოსკები იდა. თვითონ ქალაქს კომუნისტური ქალაქის იერი აქვს, ძალიან პირქუში იყო. ედი რამამ რაღაც წესრიგი დაამყარა - მაგალითად, ცენტრში ჯიხურებით აიღო და - როგორც მხატვარი - შენობების შეღებვის ინიციატივით გამოვიდა. ხასხასა ფერებით შეღებეს ეს პირქუში, ნაცრისფერი შენობები. ახლა ცოტა სასაცილოა, მაგრამ თან ძალიან საინტერესო სანახავი: ტირანამ ახალი სახე შეიძინა, თან ძალიან დინამიური გახდა”.

ეს გვითხრა ალბანელმა პოლიტოლოგმა ადრიან ბრისკუმ. ახლა კი ვნახოთ რას ამჩნევს უცხო თვალი, არა-ალბანელის თვალი ტირანაში. ქართველ ჟურნალისტს კობა ინასარიძეს ორჯერ მოუწია ტირანაში ჩასვლა: პირველად 1999 წელს. ფერები

[კობა ინასარიძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

მაგრამ ის, რომ ქალაქში ცენტრალური ქუჩები დაასუფთავეს, შენობები შეღებეს და შუქ-ეფექტებით გააფორმეს, დავუშვათ, რამდენიმე პარკი გაამწვანეს, აუცილებელი არ არის, ნიშნავდეს ძირეულ ცვლილებებს, ტირანელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ზოგი ჩივის, რომ ტირანა პოტიომკინის სოფლებს დაემსგავსა, რომ მას კოსმეტიკური ოპერაცია ჩაუტარეს...

[ადრიან ბრისკუს ხმა] “კი, ეს არის კოსმეტიკური ოპერაცია. როგორც ვთქვი, რამამ ძველი შენობები ფერებით გაახალისა. მაგრამ მანვე რაღაც წესრიგი დაამყარა ქალაქში. სახე მისცა დედაქალაქს, რომელიც დედაქალაქს არ ჰგავდა. რაც შეეხება ტირანელების ცხოვრების პირობებს - რაღაც შეიცვალა, გზების ნაწილი გაკეთდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტირანაში ბოლო 15 წლის მანძილზე მკვეთრად იმატა მოსახლეობის რიცხვმა: 100 ათასიდან დაახლოებით 400 ათასამდე. ამას დიდი პრობლემები უკავშირდება, მითუმეტეს ალბანეთის ეკონომიკის პირობებში. კრიტიკაც ისმის. მაგრამ ედი რამამ პოლიტიკური ნება მაინც გამოამჟღავნა, რაღაცის გაკეთების სურვილი. სხვა პოლიტიკოსების უმრავლესობა არაფერს არ აკეთებს და თან კორუმპირებულია. ედი რამა პოპულარობით სარგებლობს იმიტომ, რომ რაღაცას აკეთებს.”

მწვანე, ლურჯი, ნარინჯისფერი, წითელი - ამ ფერის საღებავებით ალამაზებენ შენობებს ტირანაში. “ფული რომ მქონდეს, მთელს ქალაქს შევღებავდიო”, ოცნებობს ედი რამა. მისი უტოპიაა ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ.

ასე პოლიტიკოსები, ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობენ და რამა მართლაც არ არის პოლიტიკოსი. დღემდე არ არის: მიუხედავად იმისა რომ 1999 წლიდან პოლიტიკაშია ჩართული, ჯერ კულტურისა და სპორტის მინისტრად, შემდეგ, უკვე იცით, ტირანის მერად. “მე ვიტყოდი, რომ ვარ ხელოვანი, რომელიც პოლიტიკას იყენებს ინსტრუმენტად, ცვლილების მისაღწევად”. ეს ფრაზა რამამ ამასწინთ, BBC-ის კორესპონდენტს უთხრა.

იმავდროულად, ედი რამა ხელოვნებას იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად - ტირანაში, თბილისისაგან განსხვავებით, მერის თანამდებობა არჩევითია და შარშან, წინასაარჩევნო კამპანიისას, ედი რამამ ტირანაზე სიმღერა ჩაწერა - ალბანეთში ყველაზე ცნობილ რეპ-მუსიკოსებთან ერთად: [მუსიკა]

“გვიყვარხარ ტირანა, შენ ხარ ჩვენი ოცნება ტირანა” - მღერის ბატონი მერი, რომელსაც თავდაჯერებულობა ნამდვილად არ აკლია. ედი რამამ იცის, რომ “ცვლილების მიღწევა მხოლოდ ძლიერ პიროვნებას შეუძლია” - ესეც მისი სიტყვებია. ედი რამა “მეფე-მზეა” ტირანაში. “ჩემი სახელი”, ამბობს ის, “ქალაქის ისტორიაში უნდა დარჩეს”.

და როცა ედი რამა თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ტირანა მსოფლიოს ყველაზე ფერადოვანი ქალაქი გახდება. იქნებ ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ...

[მუსიკა]
ძილისპირულები "ბოროტების ღერძის" ქვეყნებიდან

წამყვანი:
ბევრ თქვენგანს ემახსოვრება ჯორჯ ბუშის სიტყვა, წარმოთქმული 2002 წლის იანვარში, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად იხმარა ტერმინი "ბოროტების ღერძი" და ამ "ღერძში" შემავალ ქვეყნებად ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა დაასახელა. ტერმინი მალევე დამკვიდრდა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკურ ლექსიკონში, ხოლო თვით ამ ქვეყნებში მთავრობებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ახლა, როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა კეთლინ მურმა გაარკვია, გამოჩნდა ხალხი, ვინც გამოთქმა "ბოროტების ღერძი" დადებით კონტექსტში ჩასვა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დავით კაკაბაძე:

კომპაქტ-დისკს, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა ბაზარზე, ასეთი სახელწოდება აქვს: "ძილისპირულები ბოროტების ღერძიდან". მასში შესულია სიმღერები არა მარტო ერაყიდან, ირანიდან და ჩრდილოეთი კორეიდან, არამედ სირიიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდანაც. სიმღერების ამ ნაკრების მიზანი ხალხისთვის მშვიდობის იმედისა და უკეთესი მომავლის რწმენის ჩასახვაა, აგრეთვე იმის ჩვენება, რომ სადაც უნდა ცხოვრობდეს ესა თუ ის ადამიანი, მას ნებისმიერ სხვა ადამიანთან ბევრი აქვს საერთო.

[მუსიკა]

როცა ნორვეგიელმა ერიკ ჰილესტადმა პირველად მოისმინა ჯორჯ ბუშის ზემოხსენებული გამოსვლა, გული მოუვიდა და გადაწყვიტა, გზას გასდგომოდა - ჩასულიყო ერაყში, ირანში და სხვა "პრობლემურ" ქვეყნებში და გაეცნო რიგითი ადამიანები.

[ერიკ ჰილესტადის ხმა] "ადამიანი ადამიანია. ჩვენ ერთი და იგივე ოცნებები გვაქვს. უამრავი რამ გვაკავშირებს მუსიკისა თუ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით. მოგზაურობისას ხალხს ვთხოვდი, ემღერათ ძილისპირულები და თანდათან პროექტის იდეა დამებადა. ვიფიქრე, მუსიკა საუკეთესო საშუალებაა, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდების ასაგებად-მეთქი და გადავწყვიტე, ხიდებისთვის იმ ქვეყნების ძილისპირულები გამომეყენებინა, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახსენა. რადგან ძილისპირული ნამდვილად ისეთი რამ არის, რაც ყველას გვაკავშირებს."

რამდენიმე თვის მანძილზე ერიკ ჰილესტადმა მოიარა ერაყი, ირანი, სირია, კუბა, ავღანეთი და ისრაელი. ყველგან ძილისპირულებს იწერდა. ოდნავ მოგვიანებით, ერთი მეგობრის დახმარებით, მოიპოვა ჩანაწერი ჩრდილოეთი კორეიდანაც. მერე ეს ვოკალური ჩანაწერები ინსტრუმენტული მუსიკით გააფორმა და აქა-იქ საქმეში დასავლელი მომღერლებიც ჩართო - უამისოდ აბა რომელ ხიდზე შეიძლებოდა ლაპარაკი?

შედეგად მივიღეთ კომპაქტ-დისკი "ძილისპირულები ბოროტების ღერძიდან". მოისმინეთ ნაწყვეტი ნაკრებში შესული ერთ-ერთი ძილისპირულიდან. მღერიან ჩრდილოეთკორეელი სუნ ჯუ ლი და შოტლანდიელი ედი რიდერი.

[მუსიკა]

შეგახსენებთ, მღეროდნენ ჩრდილოეთკორეელი სუნ ჯუ ლი და შოტლანდიელი ედი რიდერი. მათს კოლეგას, პალესტინელ მომღერალს რიმ ბანას ერიკ ჰილესტადის სტუმრობამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ტყუპები შესძენოდა. ასე რომ, როცა ნორვეგიელი პროდიუსერი მომღერალს შინ, ნაზარეთში ეწვია, ბანას იავანანების სწავლა ან გახსენება არ დასჭირვებია. თუმცა, ძილისპირული, რომელსაც ახლა მოგასმენინებთ, თავად რიმ ბანას მეტისმეტად სევდიანად ეჩვენება საიმისოდ, რომ თავის შვილებს უმღეროს.

[მუსიკა]

[რიმ ბანას ხმა] "ამ სიმღერაში პალესტინელი ხალხის მთელს ტკივილს იგრძნობ. ეს ტკივილი ძილისპირულით გამოითქმის. დედა საკუთარ თავს ელაპარაკება, ამბობს, როგორ ენატრება ახლობლები... ძმა და დედა, რომლებიც უცხოეთში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობენ და მათ 30, 40 წელიწადს ვერ ნახავს. ამ ტკივილს მელოდიაშიც იგრძნობ, მაშინაც კი, თუ ძილისპირულის სიტყვები არ გესმის."

კომპაქტ-დისკზე ამერიკელ მომღერლებსაც მოისმენთ. ვაშინგტონის გოგონათა საეკლესიო გუნდი, მაგალითად, პარტნიორობას უწევს ირანელ მომღერალს პარი ზანგანეჰს.

[მუსიკა]

ერიკ ჰილესტადის პროექტში თავმოყრილი სიმღერები, როგორც თავადაც დაასკვნიდით, სულაც არ მიეკუთვნება საპროტესტო მუსიკის ჟანრს. მაგრამ როგორც თვითონ პროექტის ავტორი ამბობს, იავნანა ზოგჯერ გაცილებით უფრო ძლიერ იარაღად შეიძლება იქცეს, ვიდრე ქმედებისკენ უშუალო მოწოდება. და მაინც, ამ კომპაქტ-დისკის მიზანი, როგორც ერიკ ჰილესტადი ამბობს, იგივეა, რაც, ზოგადად, ძილისპირულისა - გააქარწყლოს შიში.

[ერიკ ჰილესტადის ხმა] "ხალხს უჩიჩინებენ, ამა და ამ ადამიანების უნდა გეშინოდეთ, მაგალითად მუსლიმებისა და "ბოროტი ქვეყნების" მკვიდრებისო. მშვენივრად მესმის, რომ ზოგიერთი ექსტრემისტული დაჯგუფება მართლაც წარმოადგენს საფრთხეს. მაგრამ სამწუხაროდ გვავიწყდება, რომ ადამიანთა უმეტესობას ერთნაირი ოცნებები აქვს, უმეტესობას მშვიდობიანი ცხოვრება გვსურს. და თუ ამას ჩავუფიქრდებით და ყურს არ ვათხოვებთ მოწოდებებს, ზურგი შევაქციოთ ამ ადამიანებს, მათს ქვეყნებს, კულტურასა და რელიგიას, თუ პირიქით, ვეცდებით თვალებში შევხედოთ ამ ხალხს, ჩემი აზრით, მშვიდობის საქმეში ჩვენი წვლილიც გაცილებით უფრო დიდი იქნება."

[მუსიკა]

წამყვანი:
მერის საქმეზე საუბარი არ დაგვიმთავრებია. ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებმა ერთი საინტერესო ცნობა გაავრცელეს: ისინი იუწყებოდნენ, რა შედეგით დამთავრდა გამოკითხვა, რომელსაც მსოფლიოში 2004 წლის საუკეთესო მერი უნდა გამოევლინა. აქვე ვიტყვი, ლაპარაკია საინტერნეტო გამოკითხვაზე, რომელიც ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია “სიტი მეიორმა” ჩაატარა და რომლის ფინალურ ტურშიც 50 მერის კანდიდატურები იყო წარმოდგენილი (მათ შორის ზურაბ ჭიაბერიშვილი არ ყოფილა). და აი, გაირკვა, რომ საუკეთესო მერი ჰყავს არა რომელიმე მშვენიერებით, თუ ისტორიული მნიშვნელობით გამორჩეულ ქალაქს, ან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცენტრად აღზევებულ მეტროპოლიას, არამედ დედაქალაქს ქვეყნისა, რომელიც ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ ითვლება. ეს ქვეანა ალბანეთი გახლავთ, მისი დედაქალაქი ტირანაა, ტირანის მერი კი ედი რამა. ის არის უჩვეულო, ძალიან შთამბეჭდავი პიროვნება: მხატვარი, ყოფილი კალათბურთელი, ყოფილი კულტურის მინისტრი, რომელმაც, მას შემდეგ რაც 2000 წელს ტირანის მერი გახდა, ქალაქს სახე უცვალა.

[ადრიან ბრისკუს ხმა] “ადრე ტირანაში ნამდვილი ქაოსი იყო - სახლებს აშენებდნენ ნებართვის გარეშე, ყველგან კიოსკები იდა. თვითონ ქალაქს კომუნისტური ქალაქის იერი აქვს, ძალიან პირქუში იყო. ედი რამამ რაღაც წესრიგი დაამყარა - მაგალითად, ცენტრში ჯიხურებით აიღო და - როგორც მხატვარი - შენობების შეღებვის ინიციატივით გამოვიდა. ხასხასა ფერებით შეღებეს ეს პირქუში, ნაცრისფერი შენობები. ახლა ცოტა სასაცილოა, მაგრამ თან ძალიან საინტერესო სანახავი: ტირანამ ახალი სახე შეიძინა, თან ძალიან დინამიური გახდა”.

ეს გვითხრა ალბანელმა პოლიტოლოგმა ადრიან ბრისკუმ. ახლა კი ვნახოთ რას ამჩნევს უცხო თვალი, არა-ალბანელის თვალი ტირანაში. ქართველ ჟურნალისტს კობა ინასარიძეს ორჯერ მოუწია ტირანაში ჩასვლა: პირველად 1999 წელს. ფერები

[კობა ინასარიძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

მაგრამ ის, რომ ქალაქში ცენტრალური ქუჩები დაასუფთავეს, შენობები შეღებეს და შუქ-ეფექტებით გააფორმეს, დავუშვათ, რამდენიმე პარკი გაამწვანეს, აუცილებელი არ არის, ნიშნავდეს ძირეულ ცვლილებებს, ტირანელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ზოგი ჩივის, რომ ტირანა პოტიომკინის სოფლებს დაემსგავსა, რომ მას კოსმეტიკური ოპერაცია ჩაუტარეს...

[ადრიან ბრისკუს ხმა] “კი, ეს არის კოსმეტიკური ოპერაცია. როგორც ვთქვი, რამამ ძველი შენობები ფერებით გაახალისა. მაგრამ მანვე რაღაც წესრიგი დაამყარა ქალაქში. სახე მისცა დედაქალაქს, რომელიც დედაქალაქს არ ჰგავდა. რაც შეეხება ტირანელების ცხოვრების პირობებს - რაღაც შეიცვალა, გზების ნაწილი გაკეთდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტირანაში ბოლო 15 წლის მანძილზე მკვეთრად იმატა მოსახლეობის რიცხვმა: 100 ათასიდან დაახლოებით 400 ათასამდე. ამას დიდი პრობლემები უკავშირდება, მითუმეტეს ალბანეთის ეკონომიკის პირობებში. კრიტიკაც ისმის. მაგრამ ედი რამამ პოლიტიკური ნება მაინც გამოამჟღავნა, რაღაცის გაკეთების სურვილი. სხვა პოლიტიკოსების უმრავლესობა არაფერს არ აკეთებს და თან კორუმპირებულია. ედი რამა პოპულარობით სარგებლობს იმიტომ, რომ რაღაცას აკეთებს.”

მწვანე, ლურჯი, ნარინჯისფერი, წითელი - ამ ფერის საღებავებით ალამაზებენ შენობებს ტირანაში. “ფული რომ მქონდეს, მთელს ქალაქს შევღებავდიო”, ოცნებობს ედი რამა. მისი უტოპიაა ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ.

ასე პოლიტიკოსები, ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობენ და რამა მართლაც არ არის პოლიტიკოსი. დღემდე არ არის: მიუხედავად იმისა რომ 1999 წლიდან პოლიტიკაშია ჩართული, ჯერ კულტურისა და სპორტის მინისტრად, შემდეგ, უკვე იცით, ტირანის მერად. “მე ვიტყოდი, რომ ვარ ხელოვანი, რომელიც პოლიტიკას იყენებს ინსტრუმენტად, ცვლილების მისაღწევად”. ეს ფრაზა რამამ ამასწინთ, BBC-ის კორესპონდენტს უთხრა.

იმავდროულად, ედი რამა ხელოვნებას იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად - ტირანაში, თბილისისაგან განსხვავებით, მერის თანამდებობა არჩევითია და შარშან, წინასაარჩევნო კამპანიისას, ედი რამამ ტირანაზე სიმღერა ჩაწერა - ალბანეთში ყველაზე ცნობილ რეპ-მუსიკოსებთან ერთად: [მუსიკა]

“გვიყვარხარ ტირანა, შენ ხარ ჩვენი ოცნება ტირანა” - მღერის ბატონი მერი, რომელსაც თავდაჯერებულობა ნამდვილად არ აკლია. ედი რამამ იცის, რომ “ცვლილების მიღწევა მხოლოდ ძლიერ პიროვნებას შეუძლია” - ესეც მისი სიტყვებია. ედი რამა “მეფე-მზეა” ტირანაში. “ჩემი სახელი”, ამბობს ის, “ქალაქის ისტორიაში უნდა დარჩეს”.

და როცა ედი რამა თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ტირანა მსოფლიოს ყველაზე ფერადოვანი ქალაქი გახდება. იქნებ ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG