Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველოში წინსვლა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით


10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ქართველმა უფლებების დამცველებმა ადამიანის უფლებათა შელახვის სხვადასხვა ფაქტები შეაჯამეს.

მათი მონაცემებით, უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ზოგიერთი უფლებადამცველი, პირიქით,ვითარების დამძიმებას აღნიშნავს. საუბარია უკანონო დაკავების, დაკავებულებისთვის ნარკოტიკების ან იარაღის ჩადების, წინასწარი დაკავების საკნებში კი დაკავებულთა წამების ფაქტების გახშირებაზე. უფლებების დამცველები ხელისუფლებას აკრიტიკებენ ადამიანებისთვის აზრის გამოთქმის თავისუფლების შეზღუდვის გამოც. არის თუ არა საქართველოში წინსვლა, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით?

ადრე სახალხო დამცველის ანგარიშები ადასტურებდა, რომ განსაკუთრებული მასშტაბებით საქართველოში ადამიანების სოციალური უფლებები ირღვეოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ხელისუფლება სოციალური დავალიანებების დაფარვას შეუდგა, დღევანდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ადამიანთა სოციალური უფლებების შელახვის პრობლემა საქართველოში, ასე თუ ისე, მოიხსნა. მაგრამ, სუბარის განმარტებით, სხვა მხრივ, მდგომარეობა ქვეყანაში ისევ მძიმეა:

[სოზარ სუბარის ხმა] “დარჩა შემაშფოთებელი ვითარება პოლიციასა და წინასწარი დაკავების საკნებში მდგომარეობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრია წამების ფაქტი, უკანონო დაკავების ფაქტი. არის შემთხვევები, როცა ამაზე რეაგირება ხდება. რამდენიმე მწამებელი პოლიციელი დააკავეს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. 800-მდე ადამიანის სახელი და გვარი გვაქვს, რომლებსაც სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდათ. “

წინასაწარი დაკავების იზოლატორებში დაკავებულების წამება ისევ რომ ხდება, ამას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, “ემპათიის”, ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც ადასტურებს:

[მარიამ ჯიშკარიანის ხმა] “ადრე რაც იყო, იგივე მდგომარეობაა და უფრო უარესია იმ მხრივ, რომ უკანონო დაკავების ფაქტები უფრო ხშირია. წამება როგორც არსებობდა პოლიციაში, ისევე არსებობს. “



ნაწამებ ადამიანებს ხმამაღლა პროტესტის გამოხატვა, ჩივილი აშინებთ, თუმცა მას შემდეგ, რაც საგრძნობი გახდა გარკვეული გააქტიურება წამების ფაქტების წინააღმდეგ, მათ შორის, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, გაჩნდა დაზარალებულების მიერ პოლიციელების მხილების პრეცედენტებიო, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
არის თუ არა წინსვლა“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი დაცვის მოთხოვნა:

[ლია მუხაშავრიას ხმა] “ჩვენს ოფისში, სადაც უფასო კონსულტაციები ტარდება, თითქმის ორჯერ და მეტად გაიზარდა მომმართველ მოქალაქეთა რიცხვი. “

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42- ე მუხლის” შეფასებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში სასამართლო სისტემამ დამოუკიდებლობა დაკარგა და ის ერთეული მოსამართლეები, რომლებიც ახერხებენ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში 10 დეკემბერს საჯაროდ დაასახელეს, ასე ვთქვათ, წლის ყველაზე კარგი და ცუდი მოსამართლეების გვარები, იმ მიზნით, რომ ასეთი მხილებით ცუდები აიძულონ იმოქმედონ კანონის ფარგლებში.

ადამიანის უფლებების დაცვის დღე სახელმწიფო კაცელარიასთან გამართული მცირე საპროტესტო აქციით აღნიშნა “ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირმა” და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორაგნიზაციამ. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, აღკვეთოს უკანონო დაკავებები, წამება და თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის აპარატს გადასცეს მიმდინარე წლის შეფასების საფუძველზე მომზადებული 8 გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც გაპროტესტებულია არა მარტო წამებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, არამედ, ამასთანავე, საკრებულოსთან “თბილტრანსის” მძღოლებისა და სახელმწიფო კანცელარიასთან ინვალიდების აქციის უმოწყალო დარბევაც.
XS
SM
MD
LG