Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მთავრობას ახალი პრემიერი ჰყავს


თბილისის მთავრობას ახალი პრემიერი ჰყავს. დედაქალაქის საკრებულომ ამ თანამდებობაზე ყოფილი ვიცე-პრემიერის, თემურ ქურხულის, კანდიდატურა მოიწონა. საკრებულოს

უმრავლესობას მიაჩნია, რომ განხორციელებული საკადრო ცვლილებით წერტილი დაესმება იმ სკანდალების სერიას, რომლის წყალობითაც დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ბრეგაძე დღენიადაგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ. ვინ არის თემურ ქურხული, რის გაკეთებას აპირებს იგი პრემიერის თანამდებობაზე და რა იმედებს ამყარებენ მასზე საკრებულოს წევრები?

[ისმის ხმა] “ბატონო რამაზ, გთხოვთ გამოაცხადოთ კენჭისყრის შედეგები. კოლეგებო! ბატონებო და ქალბატონებო! საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა შემდეგი შედეგები: ბატონ თემურის კანდიდატურას ხმა მისცა საკრებულოს 32-მა წევრმა, არც ერთი წინააღმდეგი…”

თემურ ქურხული პრემიერის თანამდებობაზე ბიძინა ბრეგაძეს შეცვლის. წინამორბედისაგან განსხვავებით, იგი პოლიტიკური ამბიციებისგან სრულიად თავისუფალია. განათლებით ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიტატი თემურ ქურხული რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში საკუთარ თავს სამეურნეო მუშაკს უწოდებს და, მომავლის გეგმებზე საუბრის პარალელურად, მერთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების რეცეპტსაც იძლევა:

[თემურ ქურხულის ხმა] “მიწისძვრის თემა არის ძალზე აქტუალური, გზის საფარის აღდგენა, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება… მე მოვდივარ საქმის საკეთებლად, ჩემი პოლიტიკა არის: ასფალტის დაგება, ნაგვის გატანა, ქალაქის დასუფთავება-გამწვანება. ჩემი პოლიტიკა ეს არის. ამ პოლიტიკას გავატარებ, დანარჩენი მე არ მაინტერესებს.”

და, მართლაც, ქურხული საკრებულოში ხელცარიელი არ მისულა. მის მიერ წარმოდგენილი პროგრამიდან გაირკვა, რომ მიწისძვრით დაზიანებული ბინების შესაკეთებლად 2005 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 27 მილიონ ლარს გაიღებს; 10 მილიონი ლარი კი მუნიციპალურ ბინათმშენებლობას, მილიონ 250 ათასი ლარი “თბილტრანსის” მძღოლების ბინებით უზრუნველყოფას მოხმარდება. პროგრამის გაცნობის შემდეგ საკრებულოს უმრავლესობა მომავალი პრემიერის მისამართით სახოტბო სიტყვებს არ იშურებდა.

[საკრებულოს წევრის ხმა] “ეს ადამიანი ნამდვილად გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი სწორი დამოკიდებულებით დედაქალაქის პრობლემებისადმი და მე ამაყი ვარ იმით, რომ დღეს ვამტკიცებთ პრემიერის თანამდებობაზე ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პრემიერობის კანდიდატმა.”

მაგრამ დარბაზში იყვნენ ლეიბორისტები და ახალი მემარჯვენეები, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა შემდეგი მოსაზრებების გამო არ მიიღეს:

[ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის ხმა] “ჩვენ პრემიერის დამტკიცების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვფიქრობთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომლის კანდიდატურაც არის ბატონი ქურხული, შესწევს საკმარისი ძალაც და ხმების რაოდენობაც, რათა დამოუკიდებლად დაამტკიცოს თავისი კანდიდატურა და, შესაბამისად, იტვირთოს სრული პასუხისმგებლობა მისი მომავალი საქმიანობის გამო, ხოლო ჩვენ ვიქნებით ბატონ თემურ ქურხულის საქმიანი და კონსტრუქცული კრიტიკოსები.”

თუმცა მომავალი პრემიერის მისამართით აუგი არც ოპოზიციის წარმომადგენლებს დასცდენიათ. ლეიბორისტული პარტიის წევრი კახა ძაგანია თემურ ქურხულს გამოცდილ მუშაკს უწოდებს:

[კახა ძაგანიას ხმა] “წინა კანდიდატურასთან შედარებით, ნორმალური კანდიდატურაა, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო მეტი გამოცდილება აქვს სამეურნეო საქმიანობისა და ეს ძალიან წაადგება დედაქალაქს.”

საბოლოო სიტყვა კი მაინც პრეზიდენტზეა. მოქმედი კანონით, მერი წარადგენს, საკრებულო იწონებს, ხოლო დედაქალაქის პრემიერს თანამდებობაზე უშუალოდ პრეზიდენტი ნიშნავს. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მოვლენები სწორედ ამგვარი სცენარით განვითარდება. პრეზიდენტის ბრძანების გამოსვლის შემდეგ კი თემურ ქურხული საკრებულოს საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს წარუდგენს დასამტკიცებლად.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG