Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდექსის ხმაურიანი განხილვა უჩვეულო იდილიით დასრულდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი ეკონომიკური დისკუსიები ისევ ახალ საგადასახადო კოდექსთან იყო დაკავშირებული. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ სიტუაცია ამ დოკუმენტის ირგვლივ

ისე დაიძაბა, რომ ბევრი კანონპროექტის განხილვის გარკვეული ვადით გადადებასაც არ გამორიცხავდა. კოდექსის მიმართ პრეტენზიები არსებობდა როგორც ოპოზიციაში, ისე სახელისუფლებო წრეებში. კოდექსს აკრიტიკებდნენ განსაკუთრებით ბიზნესწრეებში, რომელთაც თავიანთი პოზიცია არც დაუმალავთ ”ბიზნესასოციაციად” ტრანსფორმირებულ ”გადამხდელთა კავშირის” ყრილობაზე. ”ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტს ბადრი პატარკაციშვილს ყველაზე მეტად არაპროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკა აღელვებს და ფიქრობს, რომ ამნისტიის აქტის ფართო გაგებაც მხოლოდ ძლიერი მთავრობის ხვედრია.

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] „ყველაზე მეტად ახლა როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორს აინტერესებს პროგნოზირებადი პოლიტიკა ეკონომიკაში. ეს ამნისტია გვჭირდება ჩვენ არა პერსონიფიცირებული, არამედ საყოველთაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ხვედრია მხოლოდ და მხოლოდ, თუ გვყავს, ძლიერი მთავრობისა. “

მეწარმეების არცთუ ფარულმა პროტესტმა ფინანსთა მინისტრი გააღიზიანა, თუმცა არ დაუკარგა იუმორის გრძნობა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”თუ მეწარმეები არიან უკმაყოფილო მთლიანობაში საგადასახადო კოდექსით, მაშინ ეს პოზიცია გამოხატონ მთლიანობაში, თუმცა მე არ მგონია, ეს ასე იყოს. შესაბამისად, იქნებ საერთოდ არ ღირდეს ამ კოდექსის მიღება და ამოვიღოთ მაშინ 380 მლნ. ლარი. ვხუმრობ მე, ბუნებრივია, - ამას არავინ არ აპირებს.”

ნოღაიდელი, იუმორნარევი კომენტარების მიუხედავად, როგორც ყოველთვის, შეუვალი იყო და დათმობებზე წასვლას არ აპირებდა, თუმცა არანაკლებ პრინციპული აღმოჩნდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელსაც კოდექსთან დაკავშირებით ”რამდენიმეკილოგრამიანი” შენიშვნები ჰქონდა. გოცირიძის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევდა ქონების გადასახადის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ნორმა, ასევე ავტომობილების იმპორტის აქციზითა და დღგ-ით დაბეგვრა და დღგ-ის 2 პროცენტიანი შემცირების გადავადება. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანებას იწვევდა ის ტაქტიკა, რომელსაც მთავრობა ხშირად მიმართავს საკანონმდებლო ორგანოში ამა თუ იმ დოკუმენტის განხილვამდე. კერძოდ, გოცირიძეს არ მოსწონს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ავტორიტეტის ფარად გამოყენება:

[რომან გოცირიძის ხმა ] ”მთავრობას აქვს ასეთი მეთოდი: ჯერ თვითონ მიიღებენ წინადადებას, ცდილობენ პრეზიდენტის დარწმუნებას და მერე წელგამართულები მოდიან - ეს პრეზიდენტმა იცისო. თუმცა დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ორივე მხარის მოსმენის შემდეგ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ქვეყნისათვის.”

საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა მოდავე მხარეები დააშოშმინა და კომპრომისიც შედგა. კომპრომისი შემდეგში გამოიხატა: მთავრობამ ქონების - ასევე ავტომობილებისა და სასოფლო სამეურნეო მიწების - დაბეგვრის თავისი ვარიანტი დათმო; სამაგიეროდ, ნოღაიდელმა დღგ-თან დაკავშირებით თავისი გაიტანა და, შესაბამისად, ეს გადასახდი კოდექსის ამოქმედებიდან მხოლოდ 6 თვეში შემცირდება 20-დან 18 პროცენტამდე.

საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი და კომიტეტებში გადამუშავებული ახალი საგადასახადო კოდექსი მეორე მოსმენით უჩვეულოდ უპრობლემოდ დაამტკიცა და აღმასრულებელ ხელისუფლებას დითირამბებიც უძღვნა. არც მთავრობა დარჩა კანონმდებლებს კომპლიმენტების ვალში. განსაკუთრებულ კმაყოფილებას ვერც ფინანსთა მინისტრი მალავდა, რომელიც ვარაუდობს, რომ მესამე მოსმენა საერთოდ ფორმალობად იქცევა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”იქნება მისი საბოლოო რედაქცია. მესამე მოსმენით იქნება კოდექსი მიღებული და ყველაფერი იქნება წესრიგში და კარგად.”

ამდენად, კმაყოფილი დარჩა თითქმის ყველა: საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელმაც მის მიერ შეთავაზებული შენიშვნების დიდი ნაწილი დაიკმაყოფილა, მთავრობა, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, კოდექსის განხილვა ფინიშის სწორზე გაიყვანა და მასმედიაც, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას ”მეფური ძღვენი” უბოძა - ბეჭდვით პრესას ახალი კოდექსით არათუ შეუნარჩუნდა შეღავათები, ქონებისა და მოგების გადასახადი საერთოდ მოეხსნა. უკმაყოფილოა მხოლოდ ოპოზიცია, რომელიც ამ საყოველთაო კმაყოფილების მიზეზს ვერ გებულობს. საპარლამენტო განხილვისას ”რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი კოდექსთან დაკავშირებით ლამის ერთადერთ ოპოზიციონერად წარმოჩნდა.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”მე არ მგონია, რომ ეს იყოს წინსვლა. პრაქტიკულად დღგ-ს შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ არავითარი წინსვლა, იმ კოდექსთან შედარებით, რომელიც იმავე შემადგენლობამ და იმავე ხელისუფლებამ 1997 წელს მიიღეთ, არ არის. რას ულოცავთ და რისთვის ეუბნებით მადლობას, ჩემთვის გაუგებარია.”

მცირერიცხოვანი ოპოზიციის გარდა, კოდექსის მიმართ ღია უკმაყოფილების გამოხატვის სურვილი ამ ეტაპზე თითქმის აღარავის დარჩა. ახალი კოდექსი მალე მესამე მოსმენით გავა პარლამენტის სხდომაზე. ამ ეტაპზე სიურპრიზები უკვე ნაკლებად არის მოსალოდნელი, რაც გვაფიქრებინებს, რომ 2005 წლიდან საქარველო ახალი ფისკალური პოლიტიკით იცხოვრებს.
XS
SM
MD
LG