Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების მოძიებას ახალი სამთავრობო კომისია უხელმძღვანელებს


დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში მომხდარი საკადრო ცვლილება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების მოძიების

სამთავრობო კომისიასაც შეეხო. კომისიას ამიერიდან აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ერქვანია უხელმძღვანელებს. დაღუპულთა მოძიება და გადმოსვენება ჯერჯერობით ერთადერთი საკითხია, რაშიც სოხუმი და თბილისი საერთო ენას პოულობენ. თუმცა მოძიების პროცესს საკმაოდ ბევრი ფაქტორი აფერხებს, რის გამოც ენგურის ორივე ნაპირზე ასობით მშობელი 11 წელია ამაოდ ელოდება დაღუპული შვილის ცხედრის გადასვენებას.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ცხედრების მოძიებისა და გადმოსვენების სამთავრობო კომისია საქართველოსა და სეპარატისტული აფხაზეთის კონფლიქტის დასრულებისთანავე შეიქმნა. უკვე მაშინ სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო უწყებაში გაბნეული მონაცემები ცხადყოფდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ასობით ადამიანის ცხედარი დარჩა. საქართველოს მხრიდან სამთავრობო კომისიის უცვლელი წევრია ვლადიმერ დობორჯგინიძე, რომელიც თავადაც ეძებს შვილის ცხედარს. 11 წლის წინ 25 წლის ზურაბ დობორჯგინიძე, სპეცდანიშნულების ნაწილთან ერთად, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, სოხუმის აღების შემდეგ დახვრეტილ ჟიული შარტავას იცავდა.

[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა] "ჩამოვიდა გენადი ფიცხელაური, რომელიც ჩვენს ბიჭებთან ერთად იყო. მაგ გენადი ფიცხელაურმა გვითხრა, ეს ბიჭები დახვრიტეს 9 აპრილის მემორიალთანო, სოხუმში, და ცამეტ კაცში ჩემი შვილიც დაასახელა."

11 წლის წინ აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების მშობლებმა დააარსეს უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების მოძიების არასამთავრობო ორგანიზაცია "მოლოდინიც”, რომელსაც სათავეში სწორედ ვლადიმერ დობორჯგინიძე ჩაუდგა. არასამთავრობო ორგანიზაციამ, სახელმწიფო კომისიასთან თანამშრომლობით, შეძლო 164 სამხედროსა და სამოქალაქო პირის გადმოსვენება. გაათავისუფლეს 231 ქართველი ტყვე, აფხაზურ მხარეს ცოცხლად გადაეცა 87 პირი და 49 ცხედარი. ვლადიმერ დობორჯგინიძის თქმით, იგი ხუთი დღის წინ დაბრუნდა გალის რაიონიდან, სადაც აფხაზ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა.

[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა]


ნიშანდობლივია, რომ აფხაზური მხრიდან ანალოგიურ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის დედა, გული კიჩბა, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. ჩვენთან სატელეფონო საუბარში, რომელიც ორი თვის წინ შედგა, გული კიჩბამ განაცხადა, რომ ასეთი ორგანიზაციები იმისთვის შეიქმნა, რომ გაუბედურებულ მშობლებს ერთმანეთისთვის ხვედრი შეემსუბუქებინათ და ხელისუფლება იძულებული გაეხადათ, დაინტერესებულიყო ამ პრობლემით:

[გული კიჩბას ხმა] "მეც დამეღუპა შვილი და ისიც უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. და მხოლოდ იმისთვის, რომ დავხმარებოდით ერთმანეთს, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით და კიდევ იმისთვის, რომ შემდეგშიც არ განმეორდეს ამის მსგავსი რამ, ჩვენ, უშუალოდ დაღუპული მებრძოლების მშობლებმა, გადავწყვიტეთ შევხვედროდით ანალოგიურ ქართულ კომიტეტს. და ასეთი შეხვედრა გაიმართა."

ომში დაღუპული მებრძოლების მშობლები ენგურის ორივე მხრიდან, საერთაშორისო წითელი ჯვრის მხარდაჭერით, სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ოჩამჩირეში და შეთანხმდნენ დახმარებოდნენ ერთმანეთს დაღუპული შვილების ცხედრების მოძიებაში. მაგრამ ბოლო დროს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიების სამთავრობო კომისიებს შორის ურთიერთობა შეწყდა. მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაციებს კი სამთავრობო სტრუქტურების დახმარების გარეშე უჭირთ დაღუპულთა ცხედრების მოძიება და გადმოსვენება. არადა, ომის დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველთა და აფხაზთა რაოდენობა 1000-ს კაცს აღემატება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG