Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიიღო აფხაზეთმა სისხლისღვრის თავიდან აცილების სანაცვლოდ


სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯიმბას ფორმალური შერიგებით აფხაზეთი სისხლისღვრას გადაურჩა. ეს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის რუსეთის კარნახით

გაფორმებული გარიგების სანაცვლოდ მოხდა, იმ გარიგების, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას მმართველობის აბსოლუტურად გაუგებარ სისტემას ახვევს თავს. ლაპარაკია ვიცე-პრეზიდენტის უფლებების გაზრდაზე ისე, რომ პრეზიდენტი უფუნქციო ფიგურად იქცეს.
მოსკოვის ემისრების შუამავლობით შერიგებულმა ბაღაფშმა და ხაჯიმბამ ხელახალ არჩევნებში ერთ გუნდად გამოსვლა გადაწყვიტეს, ბაღაფშის გუნდში ხაჯიმბა გაზრდილი უფლებების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს. გავრცელებული ცნობებით, ბაღაფშის მრავალრიცხოვანი მომხრეები იმედგაცრუებულები არიან. გაჩნდა შეკითხვები: მიიღებს კი ბაღაფში ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას და, თუ მიიღებს, შეინარჩუნებს არძინბას ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების მხარდაჭერას? რა მიიღო აფხაზეთმა მოსალოდნელი სისხლისღვრის თავიდან აცილების სანაცვლოდ?


მოსკოვის კარნახით შემდგარი შერიგების შედეგები ასეთია: სერგეი ბაღაფშის მომხრეები იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის აღდგენილია.

9 დეკემბერს რუსეთმა აფხაზეთთან დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვები გააუქმა. მანდარინის სეზონი აღარ იშლება, სოხუმი იცლება ბაღაფშის და ხაჯიმბას შეიარაღებული მომხრეებისგან და იქ უკვე ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან. აფხაზეთის სახალხო კრებამ 9 დეკემბრისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხის განხილვა დაგეგმა. ამას გარდა, სახალხო კრებამ მხარი დაუჭირა “ეროვნული თანხმობის მიღწევის ღონისძიებების შესახებ შეთანხმებას”, რომელიც სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილისა და მოსკოვის სხვა წარმომადგენლების შუამავლობით გაფორმდა.

შეთანხმების პირობა ცნობილია: 3 ოქტომბრამდე და მას შემდეგ მკვეთრ დაპირისპირებაში მყოფმა კანდიდატებმა ხელახალ არჩევნებში ერთ გუნდად უნდა მიიღონ მონაწილეობა. ბაღაფშმა პრეზიდენტობისთვის უნდა იბრძოლოს და, მისი გამარჯვების შემთხვევაში, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის საკმაოდ დიდი უფლებების ვიცე-პრეზიდენტი უნდა გახდეს. მან ძალოვან უწყებებსა და საგარეო პოლიტიკას უნდა გაუწიოს კურატორობა. დე ფაქტო პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში, მაგრამ გამოკვეთილი მიმართულებების შესრულება, ისევე როგორც ძალოვანი სტრუქტურები, ვიცე-პრეზიდენტმა უნდა გააკონტროლოს. ექსპერტების შეფასებით, ბაღაფში მოსკოვის მძევალი გახდა. შანტაჟით, გარკვეული კომპრომატების დადებითა თუ აფხაზეთის სრული ეკონომიკური ბლოკადის მუქარით, რომ აღარაფერი ვთქვათ, სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირების, ალბათ, საკმაოდ რეალურ საშიშროებაზე, 3 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს მოსკოვმა უკან დაახევინა. ამის შემდეგ, როგორც ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს აბსოლუტურად არალეგიტიმური ხელისუფლება, იმაზე უფრო არალეგიტიმური, ვიდრე დღესაა. “ ეს სჭირდება რუსეთს. აშკარაა, რომ ეს აწყობს საქართველოს. მაგრამ რაში სჭირდებათ ეს აფხაზებს, გაუგებარია,’”- ამბობს ის და ნათქვამს დასძენს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ ამას სჯობდა ბაღაფშს ეთქვა: “ რაც მოხდა,მოხდა - თანახმა ვარ ხელახალ არჩევნებზე ხაჯიმბას გარეშეო”, და პარლამენტს ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. ეს უფრო ლეგიტიმური იქნებოდა. ახლა ნებისმიერმა წაგებულმა კანდიდატმა რომ შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, სასამართლოს ექნება საშუალება, არ ცნოს ხაჯიმბასა და ბაღაფშის დუეტი. არჩევნები უნდა ეფუძნებოდეს კანონს და არა ხელშეკრულებას, უკანონო ხელშეკრულებას. “

ხელშეკრულების პირობებმა ბაღაფშის გუნდში უკვე ბზარი შეიტანა. ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია, შეძლებს თუ არა სერგეი ბაღაფში არძინბას მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალების - იმავე “ამცახარას,” “აიტაირას” და “ერთიანი აფხაზეთის” - მხარდაჭერის შენარჩუნებას.

ამას გარდა, ცნობილია, რომ ხაჯიმბასა და ბაღაფშის საარჩევნო შტაბების გაერთიანების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ალექსანდრე ანქვაბი. 3 ოქტომბრის არჩევნებზე დაყრდნობით, ბაღაფშის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტის სავარძელი სწორედ მას უნდა დაეკავებინა. აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებში არ გამორიცხავენ ბაღაფშის განზე გადგომას. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თემურ მჟავიას ვერსიით, მისი როლი მომავალ არჩევნებში, შესაძლოა, ანქვაბმა შეასრულოს:

[თემურ მჟავიას ხმა] “მე ვფქირობ, რომ ბაღაფში უკვე ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას. იგი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მისი ავტორიტეტი შელახა რუსეთის ზეწოლამ. ის თავმოყვარე ადამიანია და ამიტომ უარს იტყვის. შესაძლოა, ამ შემთხვევაში გამოჩნდეს რეალური ფიგურა, ალექსანდრე ანქვაბის სახით. “

იქნება თუ არა ასე, ფაქტია, რომ აფხაზეთში პოლიტიკური პროცესები მოსკოვის გეგმას დაჰყვა. მოსკოვიდან სოხუმში ჩასულმა შუამავლებმა დაპირისპირებული მხარეები შეარიგეს, ოღონდ ამით აფხაზეთის მოსახლეობას აჩვენეს, რომ მთავარი და გადამწყვეტი აფხაზეთში მათი ნება კი არა, რუსეთის ინტერესებია.
XS
SM
MD
LG