Accessibility links

საქართველოში კორუფციის დამარცხებისა სჯერათ


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართველი ხალხი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში კორუფციის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდება - ასეთი დასკვნა

გააკეთა ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღეს, 9 დეკემბერს, მან გამოაქვეყნა კვლევის, “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” შედეგები, რომლის მიხედვით, გამოკითხული 64 ქვეყნიდან საქართველომ კორუფციის აღმოფხვრის შესაძლებლობისადმი ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ქვეყნებში მესამე ადგილი დაიკავა. ამ მხრივ, საქართველოზე ოპტიმისტები ინდონეზია და კენია აღმოჩნდნენ. აქვე დავძენთ, რომ ყველაზე პესიმისტ ქვეყანათა სამეულშია ავსტრია. თუმცა, როგორც ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ, ოპტიმიზმი ქართველებს ფხიზელ მზერას არ უბინდავს.

ქართველებს სწამთ, რომ კორუფციასთან წარმატებით ბრძოლა შესაძლებელია, თუმცა ცხადად ხედავენ ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემებსაც. “საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი მარკ მალენი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოიკითხა 1400 მოქალაქე შემთხვევითი შერჩევითა და ისეთი მეთოდით, რაც გამოკითხვის შედეგებს სანდოდ და რეპრეზენტაციულად აქცევს. როგორც ჩანს, მართლაც ასეა, რადგან გამოკითხულთა თითქმის 100% ყველაზე მტკივნეულ პრობლემათა რიგში იხსენიებს სიღარიბეს, 96% - უმუშევრობას და ამდენივე - ინფლაციას.

გამოკითხულებს შესთავაზეს 11 სფერო, რომლის რანგირებაც უნდა მოეხდინათ კორუმპირებულობის მიხედვით. ყველაზე კორუმპირებულად გამოკითხულებს პოლიცია მიაჩნიათ, მას მოსდევს საგადასახადო შემოსავლებისა და საბაჟო სამსახურები, მესამე ადგილი ყველაზე კორუმპირებულთა შორის უკავია სასამართლოს. კორუფციაში წინა სამს დაუვარდებიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, ხოლო ამ უკანასკნელთ - პოლიტიკური პარტიები. შუაში, მე-6 ადგილზე, მოხვდა საქართველოს პარლამენტი. ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულად მოქალაქეები ეკლესიას მიიჩნევენ, ხოლო ეკლესიის შემდეგ სჯერათ მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წესიერების.

ერთია კორუფციის აღქმა მოქალაქეთა მიერ, მათი რწმენა, რომ კორუფცია დამარცხდება, ხოლო მეორეა კორუფციის რეალური დონე ქვეყანაში. მე ვკითხე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელს მარკ მალენს, მისი აზრით, მოქალაქეთა ოპტიმიზმი გადაჭარბებულია თუ ადეკვატური? ანუ საქართველოში ებრძვიან კორუფციას ისე, რომ მისმა დონემ უკვე შესამჩნევად დაიწია, თუ მოქალაქეთა შთაბეჭდილება უსაფუძვლოა? აი, მისი პასუხი:

[მალენის ხმა] “დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოების აღქმა უაღრესად მნიშვნელოვანი რეალობაა და თუ საქართველოს საზოგადოება ოპტიმისტურად არის განწყობილი, ჩემი აზრი ვერ იქნება მისგან შესამჩნევად განსხვავებული. კორუფცია ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობას აწვება კისერზე და მან უკეთესად იცის კორუფციის ფასი. ამიტომაც ვამახვილებ ყურადღებას კორუფციის აღქმაზე საზოგადოების მიერ. ასე რომ, ხალხის აზრი საუკეთესო გზაა იმის შესატყობად, რამდენად ეფექტიანია მთავრობის პოლიტიკა.”

შეხვედრას, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კვლევის შედეგები წარმოადგინა, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები - ლევან ბეჟაშვილი და კოტე გაბაშვილი. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმების მემორანდუმს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან”. შეთანხმება გულისხმობს თანამშრომლობას გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირებისა და განხორციელებისათვის. საამისოდ საქართველოს პარლამენტი და საერთაშორისო ორგანიზაცია ტექნიკური და ადამიანური რესურსების გაერთიანებაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG