Accessibility links

logo-print

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი რექტორის მოლოდინშია

  • ნინო როდონაია

ორშაბათს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო ახალ რექტორს აირჩევს.

5 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეული პიროვნება უნივერსიტეტს უახლოესი 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
წინასაარჩევნო პერიოდი რექტორობის რამდენიმე კანდიდატის მხარდამჭერთა დაპირისპირებითა და საპროტესტო აქციებით აღინიშნა, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ უშუალოდ არჩევნების დღეც საკმაოდ დაძაბული იყოს.
თუმცა დღეს საუბარი გაცილებით მშვიდ ქართულ საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე გვექნება.


ივანე ჯავახიშვილი თბილისის უნივერსიტეტის შენობასთან მიახლოებისას ყოველთვის ქუდს იხდიდა.
მოწიწება, პატივისცემა და უდიდესი ბედნიერება - უნივერსიტეტის გახსენება ამ სიტყვებთან ასოცირდება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მიხეილ სამსონაძისთვის, რომელიც თბილისის უნივერსიტეტში 50-იან წლებში სწავლობდა:

[მიხეილ სამსონაძის ხმა] ,,ცხოვრებაც და უნივერსიტეტში ყოფნაც ბედნიერება იყო, ასე მიგვაჩნდა ჩვენ. დიდი ბედნიერება იყო იმიტომ, რომ, ძირითადად, შესანიშნავი ლექტორები, შესანიშნავი განწყობა და რაღაც მრავალნაირი საქმიანობის ფორმები არსებობდა.”

მიხეილ სამსონაძე ამბობს, რომ კომუნისტურ სისტემაში გაზრდილი ადამიანებისთვის უნივერსიტეტი განსაკუთრებული სიხარული, იმ პერიოდისთვის საკმაოდ აქტიური საქმიანობის საშუალება და გამორჩეული ურთიერთობები იყო. მიუხედავად იმჟამინდელი უმძიმესი რეჟიმისა, სტუდენტები თურმე არც ეროვნული თავმოყვარეობის შელახვას გრძნობდნენ.
უნივერსიტეტის დღევანდელი სტუდენტებისგან განსხვავებით, მიხეილ სამსონაძის თაობისთვის კორუფციაც სრულიად უცხო ცნებას წარმოადგენდა:

[მიხეილ სამსონაძის ხმა] ,,ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - მე არ გამიგია. რომ დავამთავრეთ და რაღაც შეხვედრები რომ გვქონდა 20 წლის შემდეგ, ხუმრობებში გამოირკვა, რომ ვიღაცა ვიღაცას ნიშნის აწევას სთხოვდა. მაგრამ ის, რომ ვინმეს ამაში ფული გადაეხადა, ეს გამორიცხული იყო, აბსოლუტურად გამორიცხული.” (სტილი დაცულია)

ცოდნა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ის თაობა იღებდა, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, შემდგომი განვითარების საკმაოდ კარგ საფუძველს ქმნიდა. იმ თაობის სტუდენტებს განსაკუთრებულად მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდათ არა მხოლოდ საკუთარი ლექტორების უდიდესი ნაწილის, არამედ უნივერსიტეტის შენობის მიმართაც. მიხეილ სამსონაძე დარწმუნებულია, რომ სტუდენტობის ამგვარ განწყობას თავად უნივერსიტეტის ტრადიცია და პროფესურის დამოკიდებულება განსაზღვრავდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, თუ ვინ იყო თბილისის უნივერსიტეტის რექტორი. მიხეილ სამსონაძე იხსენებს იმ მოწიწების, პატივისცემისა და, ცოტა არ იყოს, შიშის გრძნობასაც, რომელიც უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის დანახვისას უჩნდებოდა:

[მიხეილ სამსონაძის ხმა] ,,ნიკო კეცხოველი მარტო შესანიშნავი მეცნიერი და ორგანიზატორი კი არ იყო, ის ერისკაცი იყო. საქართველოს პრეზიდენტობა შეეფერებოდა.”

მიხეილ სამსონაძე წუხს იმის გამო, რომ შემდგომი თაობების სტუდენტებში უნივერსიტეტის რექტორებისადმი დამოკიდებულება ერთგვარად განსხვავებული გახდა.
საბჭოთა პერიოდში კი უნივერსიტეტის რექტორებს პრაქტიკულად ხელისუფლება ნიშნავდა.

[მიხეილ სამსონაძის ხმა] ,,რა თქმა უნდა, ნიშნავდნენ. შეიძლება ამას აფორმებდნენ, როგორც არჩევანს, ეს კაცმა არ იცის. ისევე, როგორც ზვიად გამსახურდიამ დანიშნა ოთარ ჯაფარიძე. გაგიჟდა ოთარ ჯაფარიძე, რა ჩემი საქმეაო?! ცოტა ხანს იყო, მერე მოხსნა და სხვა დანიშნა.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნების პროცედურას, რომელიც ორშაბათს გაიმართება, სრულიად კონკრეტული ფორმა აქვს.
ხუთ კანდიდატს - რუსუდან ლორთქიფანიძეს, გუგული მაღრაძეს, ლარისა ყორღანაშვილს, ლერი ქურდაძესა და მიხეილ ქურდიანს - შორის ყველაზე მისაღებს უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე პროფესორი რისმაგ გორდეზიანიც იქნება:
[რისმაგ გორდეზიანის ხმა] ,,რექტორობისთვის საკმარისია ხმათა უმეტესობა. მაგრამ როდესაც ბევრი კანდიდატურაა, შესაძლებელია მე-2 ტური მათ შორის, ვინც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მაგრამ კანდიდატი გასულია, თუ ხმების 2/3 მიიღებს.”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა ცამეტ დეკემბერს გაირკვევა. შესაბამისად, უნივერსიტეტში დასრულდება როინ მეტრეველის ეპოქა, რომლის რექტორობის პერიოდში, სხვათა შორის, ასევე დეკემბერში, სტუდენტთა ერთი საკმაოდ უცნაური საპროტესტო აქცია გაიმართა. 2000 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ და ზამთრის სესიის გაუქმებას მოითხოვდნენ იმ მოტივით, რომ მოახლოებული ახალი ათასწლეულის აღნიშვნა და გამოცდები ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებები იყო.
უნივერსიტეტის რამდენიმე წინა თაობისათვის ამგვარი შინაარსის აქცია, ალბათ, სრულიად გაუგებარი იქნებოდა, ისევე, როგორც მიუღებელი ბევრი რამ, რაც დღეს ხდება.
XS
SM
MD
LG