Accessibility links

ყველაფერი საკმაოდ მშვიდად, ცოტა არ იყოს, “მდორედაც” დაიწყო:


ყველაფერი საკმაოდ მშვიდად, ცოტა არ იყოს, “მდორედაც” დაიწყო:

გასულ კვირას, დეკემბრის ცივ დილას, თბილისის კინოს სახლში შეიკრიბნენ ქართველი კინემატოგრაფისტები, რათა დიდი ხნის წინ დაგეგმილი კონფერენცია გაემართათ – კინორეჟისორებისა და კრიტიკოსების ერთობლივი ღონისძიება, რომელსაც თანამედროვე ქართული კინოს პროცესები უნდა შეეფასებინა. ოდესღაც ასეთ კონფერენციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. საბჭოთა ეპოქაში კინოპროცესების განხილვას კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძეც კი ესწრებოდა ხოლმე. მაგრამ 2004 წლის დეკემბრის ცივ დილას არც ხელისუფლების წარმომადგენლები მოსულან კინოს სახლში, არც კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე ელდარ შენგელაია (არადა, კმაყოფილი დარჩებოდა: მის ფილმს “ექსპრეს-ინფორმაცია”, რომელიც კრიტიკოსებმა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწუნეს, ამჯერად ლამის “ფილმი-წინასწარმეტყველება” უწოდეს)... უფრო მეტიც, კონფერენციას, რომელიც ხალხით სავსე დარბაზში ჩატარდა, სულ რამდენიმე რეჟისორი დაესწრო. შესაძლებელია, კინორეჟისორებმაც დაიჯერეს, რომ დღევანდელ ქართულ კინოში არანაირი “პროცესი” არ ხდება... შესაძლებელია, იცოდნენ, რომ გაბრაზებული კინოკრიტიკოსები მათ ნამუშევრებს არ დაინდობდნენ. ასეც მოხდა. კონფერენცია გახსნა თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსექტორის ხელმძღვანელმა ირინე კუჭუხიძემ, თუმცა ამ დროს მას მხოლოდ თანამოაზრეები, კინოკრიტიკოსები უსმენდნენ:

[ირა კუჭუხიძის ხმა] “ცალკეულ ფილმებზე გამოხმაურება არის, მაგრამ ანალიზი იმ პროცესებისა, რაც ხდებოდა საქართველოში, არ მომხდარა, თუმცა ამაში ვერ დავადანაშაულებთ კინოკრიტიკოსებს, თავად კინოპროცესი ვერ ატარებდა სისტემატურ ხასიათს... თუკი იყო ამაზე ლაპარაკი, ძირითადად, აქცენტი კეთდებოდა ფინანსურ მხარეზე, რომ კინო ვერ ფინანსდება, რომ უჭირს კინოს... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში მაინც გაკეთდა ფილმები... და იცით, რა აღმოჩნდა? რომ აქ არ არის მარტო ფინანსურ პრობლემებზე საუბარი... ისე არ გამიგოთ, რომ ფული არ არის საჭირო, მაგრამ ჩვენ მოგვეჩვენა, რომ პრობლემა არის შემოქმედებითიც.”

მერე მოხსენებები დაიწყო. კრიტიკოსებმა გაიხსენეს იტალიური ნეორეალიზმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში შეიქმნა, მერე კი ჩვენს, ასევე გაჭირვებულ, ქვეყანაში გადაღებული ახალი ფილმები გააანალიზეს... თქვეს, რომ ჩვენი რეჟისორების უმრავლესობამ თითქოს არ იცის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს - იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავიანთ თავში არიან ჩაკეტილნი.

თუმცა ეს მოსაზრება ყველამ არ გაიზიარა. კრიტიკოსებმა ისიც თქვეს, რომ მთავარი არაა, რას აღწერენ ჩვენი რეჟისორები თავიანთ ფილმებში. მთავარი ისაა, რომ ქართულმა კინომ დაკარგა მხატვრული განზოგადების უნარი. თუკი საბჭოთა ეპოქაში ცენზურის მოტყუების საშუალება - “ეზოპეს ენა”, ამავე დროს, მხატვრული განზოგადების სტიმული იყო, დღეს კინემატოგრაფისტებს თითქმის აღარავინ აკონტროლებს – რაც გინდა, ის გადაიღე, რაც გინდა, ის თქვი... კინოკრიტიკოს პაატა იაკაშვილის აზრით, ქართული კინო სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი თავისუფლებისათვის:

[პაატა იაკაშვილის ხმა] “ჩვენთან ძალიან ბევრი რამის ლაპარაკი მიდის, ისევე როგორც საზოგადოებაში – ილაპარაკე რამდენიც გინდა, მაგრამ გინდა შენ გილაპარაკია, გინდაც კატას უკნავლია. აქ იქმნება თავისუფლების ილუზია, ილუზია იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ გაგონილი არ იქნა ადამიანის ნათქვამი, ეს ილუზიაა, რომ არის თავისუფლება. შეიძლება სწორედ ეს განსაზღვრავს ხელოვანის პოზიციას.”

ყალბი ინტონაციები, ყალბი გარემო, მსახიობების ყალბი თამაში – აი, რაში დაადანაშაულეს კინოკრიტიკოსებმა ქართველი რეჟისორები. ბოლო დროს გადაღებული ფილმებიდან კონფერენციაზე, ფაქტობრივად, ერთადერთი ფილმი, ლევან ღლონტის “ხახვის ცრემლები”, აქეს... კინოკრიტიკოს მანანა ლეკბორაშვილის აზრით, ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ახალ ქართულ კინოს, ფაქტობრივად, აღარა ჰყავს ადრესატი – ეს არც ეგრეთ წოდებული “სამაყურებლო კინოა” და არც “საფესტივალო კინო”.



[მანანა ლეკბორაშვილის ხმა] “ვისთვისაა ეს ფილმები გადაღებული? მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფილმები, ავტორების გარდა, არავის სჭირდება... ნუ ვიტყუებთ თავს პრემიერებზე დაკრული ტაშით, ჩვენ ქართველები ვართ და ვიცით პრემიერებზე როგორ მოვიქცეთ.”

“სანათესავო კინო” – ასე შეფასდა კონფერენციაზე ბოლო დროს გადაღებული ქართული ფილმები. კინოკრიტიკოსმა ნინო მხეიძემ გაიხსენა, რომ თბილისის კინოთეატრებში სისტემატურად ეწყობა ახალი ქართული ფილმების პრემიერები... თანაც, ხალხით გაჭედილ დარბაზში... “ბრავოს” ძახილის ფონზე... მეორე დღეს ეს ფილმი აღარავის ახსოვს, რეჟისორისა და მისი ნათესავების გარდა:

[ნინო მხეიძის ხმა] “1991 წლიდან 2003 წლამდე, დავიანგარიშე, რამდენი ფილმია გადაღებული.. გადაღებულია 80 მხატვრული ფილმი...[ხმაური] აქ ხომ იმაზეა ლაპარაკი, რომ 80-დან რომ არ დაგამახსოვრდება არც ერთი... აი, ამაზეა ლაპარაკი... 80-დან, შეიძლება ითქვას, 20 არა მაქვს ნანახი...ლაპარაკი იმაზე, რომ შვიდი წელი ფილმს ვიღებდი... მაშინ, როცა მიხეილ კობახიძე ფილმებს არ იღებდა, იგი სხვა საქმეს მოეკიდა... იმიტომ რომ დროში გაწელილი ფილმების გადაღება არ შეეძლო, “კოპალაში” გამოფენებს აწყობს ალექსანდრე რეხვიაშვილი... და თუ ეს არ გინდა, გაჩერდები და დაელოდები იმ პროდიუსერს, რომელიც არ მოვა იმ ფილმების გადასაღებად, რომელსაც დღეს უჩვენებენ... ვისთვის დააფინანსოს ფილმი? ერეკლე, ჩემო კარგო, შენი ნათესავების ფილმი “ამირანს” გაავსებს?’ (სტილი დაცულია)

“ერეკლე, ჩემო კარგო” – ერეკლე ბადურაშვილია... ერთადერთი ქართველი კინორეჟისორი, რომელიც კონფერენციაზე კრიზისის მიზეზების დადგენას შეეცადა. გვითხრა, რომ შვიდი წელი იღებდა თავის ბოლო ფილმს, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ფილმის გადაღების დასრულებამდე ოთხი შვილის მამა გახდა:

[ერეკლე ბადურაშვილის ხმა] “კინოსტუდია დაინგრა... აღარ არსებობს არაფერი... თქვით, რა, რამე!... რა, “ალექსანდრე” მოგწონთ? და “ქრისტეს ვნებანი”, როგორ აჭედებენ ქრისტეს ლურსმნებს? ნერვები მეშლება, რა... ვიდეოთი ვცადე გადაღება, მაგრამ გული მერევა... ღმერთმა ქნას, რომ ახლა კულტურის მინისტრთან იყო საუბარი, რაღაცეებს დაგვპირდა... არ უნდათ კინოს გაგონება..."(სტილი დაცულია)

ერეკლე ბადურაშვილმა ქართულ კინოში შექმნილ კრიზისში ხელისუფლება და ქართული კინოს “მამები” დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ამ ხალხმა დაანგრია და გაყიდა კინოსტუდია, საბილიარდოდ აქცია კინოთეატრები. კოლეგას ახალგაზრდა კინორეჟისორმა გიორგი ხარებავამაც დაუჭირა მხარი. თუმცა მის რეპლიკას მაშინვე გამოეხმაურნენ კინოკრიტიკოსები:

[გიორგი ხარებავას ხმა] “პრობლემა ისაა, რომ ქართულ კინოში არ არსებობს პროდიუსერი, რომელიც ფულს იშოვის ფილმისთვის.”

[ნინო მხეიძე] “პროდიუსერი წამგებ ფილმს არ დააფინანსებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ფილმი“რვა-ნახევარი” იქნება.”

მერე ვინა თქვა, რომ ჩვენში არ არიან რეჟისორები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ “რვა-ნახევარზე” უკეთესი ფილმი გადაიღეს? იმ დროს, როცა კრიტიკოსები ქართული კინოს კრიზისზე ლაპარაკობდნენ, ზოგიერთი ჩვენი რეჟისორი ბერლინის თუ კანის კინოფესტივალებზე გამგზავრებას გეგმავდა. კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებებით თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებიც კი ქართული კინოს ძველ დიდებას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და დარწმუნებულები არიან, რომ სახელოვანი ქართველი კინორეჟისორების ტრადიციებს აგრძელებენ. ნინო მხეიძე დარწმუნებულია, რომ ეს აზრი მათ პედაგოგებმა ჩაუნერგეს:

[ნინო მხეიძე] “მე რომ თქვენ ახლა ჯგუფის ხელმძღვანელების გვარები დაგისახელოთ...”
[ხმა დარბაზიდან] “მერე გოგი დოლიძეს მოჰკითხე, კახა მელითაური რატომ ჩაუდგა სათავეში მასწავლებელთა რიცხვს, გამაგებინე.”

მოკლედ, ერეკლე ბადურაშვილმა აშკარად გააცოცხლა თეორეტიკოსთა ეს თეორიული მსჯელობა. კონფერენციის რიტმი ცოტა დაეცა, როცა ტრიბუნასთან ქართული კინოს კლასიკოსი მერაბ კოკოჩაშვილი გამოვიდა:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “როცა ჯებირი დაკეტილია მდინარეზე, ჯებირს როცა მოხსნი, წყალი წამოვა... ასე მოხდა. დამნაშავეები ვართ ყველა – რეჟისორებიც და კრიტიკოსებიც.”

ასე შერიგდნენ ქართველი კრიტიკოსები და რამდენიმე ქართველი რეჟისორი. სხვები არ მოვიდნენ... მოგვიანებით გამოირკვა, რომ რეჟისორებს დღეს ლაპარაკისთვის არ სცალიათ – ზოგი ტელეკომპანია “იმედისთვის” ახალ ქართულ ტელესერიალს ამზადებს, ზოგი მომავალ პროექტზე ფიქრობს (აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტრო 2005 წლისთვის მათ 3 მილიონ დოლარს დაპირდა), ზოგიც კომპიუტერს უზის და ბერლინსა და კანში გზავნის “იმეილს”, რომელიც, როგორც წესი, ასე იწყება: “მე ქართველი კინორეჟისორი ვარ, ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი.”
XS
SM
MD
LG