Accessibility links

logo-print

ეთერშია ახალგაზრდული პროგრამა და დღეს ჩვენ რეკლამაზე ვილაპარაკებთ:

  • ნიკო ნერგაძე

ეთერშია ახალგაზრდული პროგრამა და დღეს ჩვენ რეკლამაზე ვილაპარაკებთ:

მისაღებია თუ არა სხვადასხვა ტელეარხზე რეკლამის რაოდენობა, რომელი რეკლამები მოგვწონს, რომელი არ მოგვწონს და, ბოლოს, დესერტად, იმ 5 კომპოზიციასაც გაგაცნობთ, რომლებიც საუკეთესოდ იქნა რეკლამაში გამოყენებული.

იყო დრო, როდესაც საინფორმაციო გამოშვებას 12–წუთიანი სარეკლამო ბლოკი არ წყვეტდა,არც ბილბორდები და ლაითბოქსები ამშვენებდა თუ ალამაზებდა საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებს. ერთადერთი, მახსოვს, ჩემი სახლის თავზე იდგა დიდი აბრა: “ქართული ჩაი სურნელოვანი და საამო სასმელია”. მაშინ, როგორც მშობლები მეუბნებიან, რეკლამას საპირისპირო გავლენა ჰქონდა: თუ საბჭოთა მთავრობა რაიმეს რეკლამირებას გადაწყვეტდა, ესე იგი ეს საქონელი ჩაწოლილი იყო, არ ვარგოდა და მის შემოსაღებას ცდილობდნენ.

დღეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვანაირადაა. თუ საქონელს ან მომსახურებას რეკლამა არა აქვს, ის ძნელად თუ გაიყიდება. ამიტომაც დღეს ტელევიზია, რადიო და, შედარებით ნაკლებად, გაზეთები და ჟურნალები რეკლამითაა ამოვსებული. ამასობაში, ნელ-ნელა ქართველებმა და სხვა ყოფილმა საბჭოელებმა აღმოვაჩინეთ ის, რაც დასავლეთის ქვეყნებში კარგა ხანია იცოდნენ: რეკლამა კია წარმოების ლოკომოტივი, მაგრამ ეს ლოკომოტივი, თავისი ვაგონებით, ხშირად ჩვენი ფანჯრების ქვეშ ხმაურობს და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით, თორემ ჩემი ფანჯრების ქვეშ საღამოობით მხოლოდ ძველი ბიჭები ხმაურობენ და დილით კიდევ - მაწვნის გამყიდველი.

[სტუდენტი] “რეკლამა, აშკარად, ბევრია ქართულ ტელევიზიაში.”
[სტუდენტი] “გამაღიზიანებელია ხანდახან.”
[სტუდენტი] “განსაკუთრებით, როდესაც ჩართული ხარ, ფილმს უყურებ ან გადაცემას და გაწყდება და მთელი 15 წუთი რეკლამებია ხოლმე.”
[სტუდენტი] “და ასეთი ბევრი რეკლამა არ უნდა იყოს.”
[სტუდენტი] “კურიერის დროს დაგავიწყდება, საერთოდ, რას უყურებ, იმდენი რეკლამაა.”
[სტუდენტი] “ძალიან ბევრი რეკლამა გადის ტელევიზიით.”
[სტუდენტი] “ხანდახან გადავრთავ ხოლმე.”
[სტუდენტი] “საქმე ისაა, როგორი რეკლამაა. თუ ცუდი რეკლამა იქნა, შეიძლება პირიქით იმოქმედოს და არავინ იყიდოს ის პროდუქცია. ჩვენთან ხანდახან ასე ხდება ხოლმე.”
[სტუდენტი] “რეკლამა, საერთოდ, არ მომწონს, მართალი რომ გითხრათ, იმიტომ რომ, საერთოდ, არ მიყვარს რეკლამა. რომ წყდება გადაცემა ან კინო, ნერვები მეშლება.”

თუმცა უმეტესობას კარგად ესმის, რომ, რაც უნდა თავი მოგვაბეზროს რეკლამამ, ის მაინც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. გაყიდვების გაზრდას რომ თავი დავანებოთ, თავისუფალი პრესის არსებობას სწორედ რეკლამა განსაზღვრავს. როდესაც ფულს კერძო კომპანია გიხდის რეკლამაში, აღარ ხდები დამოკიდებული არც მთავრობაზე, აღარც ქრთამებზე და აღარც ვიღაც სქელჯიბიანის ინტერესებზე.

[სტუდენტი] “ბევრია, მაგრამ საჭიროა, იმიტომ რომ პროდუქციის გასაღება მაგაზეა დამოკიდებული.”
[სტუდენტი] “ბევრია, მაგრამ საჭიროა.”
[სტუდენტი] “ყველაფერი ქართული მოსაწონია, თვითონ რეკლამაც. ქართულ ტრადიციებზე რომ იქნება აგებული, ჩემთვის პირადად მისაღებია ქართული რეკლამა.”
[სტუდენტი] “ძალიან ხშირად მიყიდია რეკლამის ნახვის შემდეგ ის პროდუქცია, რასაც უკეთებენ რეკლამას.”
[სტუდენტი] “რეკლამა, საერთოდ, ცხოვრებაში საჭიროა და წინსვლის
საწინდარია.”
[სტუდენტი] “საწინდარი არა, ისა. მაცინებ, გადი იქით...”

თუმცა რეკლამაცაა და რეკლამაც. იმისდა მიხედვით, თუ როგორ არის გადაღებული რგოლი, ის შეიძლება თავის მომაბეზრებელი კი არა, ძალიან კარგი სანახავი თუ მოსასმენი გახდეს. თავის დროზე ამით კარგად სარგებლობდა “რადიო 105”, რომელსაც ხშირად სასაცილო სარეკლამო რგოლების გამო უფრო უსმენდნენ, ვიდრე მუსიკის გამო.

ასე რომ, რეკლამის მატებასთან ერთად მისი ხარისხიც გაიზარდა. 90–იანი წლების დასაწყისში რეკლამის უმეტესობა იყო მეორე არხის ცისფერ ფონზე ამომავალი სტრიქონები, რომელსაც კუჭშეკრული ქალი კითხულობდა: ულულუ ტური გთავაზობთ დასვენებას კვიპროსში, 5 დღიანი საგზურები და ასე შემდეგ. ეეჰ, ვინ დადიოდა მაშინ დასასვენებლად, ყველა რაღაცას ეზიდებოდა და ამას შოპ–ტურებს ეძახდნენ.

დღეს მსგავს ნაგავს საქართველოს ტელეარხებზე იშვიათად თუ წააწყდებით. ყველა ცდილობს, რომ თავისი რეკლამა უფრო ხარისხიანი და დასამახსოვრებელი გახადოს. შესაბამისად, ყველასა აქვს საყვარელი სარეკლამო რგოლი, რომლის დანახვისას ტელევიზორს კი არ გამორთავს, არამედ, პირიქით, არ გამორთავს.

[Splin – Orbit Bez Sahara]

[სტუდენტი] “ადრე იყო, ვითომ ეს ჩემპიონები ჩაის სვამენ, ეგ კიდე ნიჩევო.”(სტილი დაცულია)
[სტუდენტი] “ბორჯომი მშვენიერია.”
[სტუდენტი] “მე მომწონს ალდაგის რეკლამები და კოკა-კოლასი.”
[სტუდენტი] “მე მომწონს კოკა-კოლას რეკლამა.”
[სტუდენტი] “თოვლის ბაბუა რომ მოდის კოკა-კოლით ხელში, ვგიჟდები მაგ რეკლამაზე და ველოდები ყოველთვის ახალ წელს მაგიტომ.”
[სტუდენტი] “ჯეოსელის რეკლამები რომ იყო და ვიღაც კაცი ხტებოდა აუზში, ეგ მომწონდა.”
[სტუდენტი] “განსაკუთრებით მომწონს მაგთი ჯი ეს ემის რეკლამა, აი, ცხვრები რომაა.”
[სტუდენტი] “ყველაზე კარგი ჯეოსელის რეკლამაა, ცათამბჯენები რომ ჩანს, მერე უცებ საქართველოში რომ გადმოდის და სხვას დაავალებს, აი, ეგ რეკლამა.”
[სტუდენტი] “სიმღერებით გაფორმებული რეკლამები რომ იყო მაგთი ჯი ეს ემზე, მაგას მოუსმენს კაცი.”
[სტუდენტი] “სატელევიზიო რეკლამებიდან ძალიან მომწონს “იმედი ელის” რეკლამა, ვითომ ჩამომხრჩვალი რომაა და სინამდვილეში საქანელაზე ქანაობს.”
[სტუდენტი] “ერთი პრეზერვატივის რეკლამა მომწონს - ეს ქოლგას ჩამოაცმევს და არ იხსნება ეს ქოლგა.”

წეღან ვახსენე, ყველა ცდილობს რეკლამა უფრო ხარისხიანი და დასამახსოვრებელი გახადოს-მეთქი. ხანდახან რეკლამა უფრო დასამახსოვრებელი გამოდის, ვიდრე ხარისხიანი. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ლუდი “ლომისის” რეკლამა, რომელშიც მთვრალი წითელცხვირა კაცი ოფიციანტ მარეხს, სერიალიდან “ძილის წინ”, ტუალეტში მიათრევდა და იქიდან ხვანჯრის სწორებით გამოდიოდა. მთელ დარბაზს კი ეს უხაროდა. ისინი მღეროდნენ და ლუდ “ლომისს” სვამდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკლამას 2 კვირაზე მეტი არ უტრიალია, აღშფოთება კარგა 3 თვისა გამოიწვია და მას დღესაც ზიზღით იხსენებს ქართული საზოგადოება.

მაგრამ ტუალეტში ბინძური სექსის გარეშეც შეიძლება ნერვები მოგიშალოს რეკლამამ. ჩვენი გამოკითხულების უმეტესობას ერთი ჭიქა რძის რეკლამა აღიზიანებს. არადა, თითქოს გადაღებულიც კარგადაა, სიმპათიური ხალხიც ჩანს, მაგრამ რაზეა და რისთვისაა, ვერაფერს გაიგებ.

საყოველთაო რისხვის მეორე ობიექტია ტევეშოპ ჯი–ს რეკლამების სერია, რომელსაც ყველა არხზე გადააწყდებით. არადა, თითქოს გეგონებოდა, რომ ხელის ერთი მარტივი მოძრაობით ბლინის გადაბრუნება ყველა დიასახლისის ოცნებაა ან რომ იმ ტანჯვის შემსუბუქებას, რომელსაც ყველა ნორმალურ ადამიანში კვერცხნის ფცქვნა იწვევს, ხალხი ტაშით მიეგებებოდა, მაგრამ არა. არამი იყოს ამ ხალხზე ყველის კონტეინერი.

[სტუდენტი] “ძალიან არ მომწონს სარეცხი ფხვნილების რეკლამა.”
[სტუდენტი] “ძირითადად, არ მიყვარს ნათარგმნი რომ არის ხოლმე, საშინლადაა ნათარგმნი.”
[სტუდენტი] “განსაკუთრებით ეს ტევეშოპ ჯი რომ არის, სასწაული რაღაცაა.”
[სტუდენტი] “მე მგონი, მთელი საქართველო ვერ იგებს ერთი ჭიქა რძე რომაა. არ მომწონს კი არა, ვერ ვიგებ, უბრალოდ.”
[სტუდენტი] “ერთი ჭიქა რძე მეც ვერ გავიგე და არა მგონია, ბავშვმა გაიგოს. არადა, ბავშვებზეა, ხომ?”
[სტუდენტი] “ის რძის რეკლამა რაცაა, იმის მერე რძე არ დამილევია.”

მოკლედ, ბოლოს შევთანხმდით, რომ რაც არ უნდა თავი მოგვაბეზროს რეკლამამ, ურეკლამობას მაინც სჯობია. აქვე შევთანხმდეთ, რომ სწორად მიგნებული სიმღერა რეკლამას ერთიორად უკეთესს ხდის. ახლა სწორედ იმ 5 სიმღერასა თუ კომპოზიციას შემოგთავაზებთ, რომლებმაც სარეკლამო რგოლები უფრო ასატანი გახადა.

მეხუთე ადგილზეა ფლეიმინგ ლიპს, სიმღერით “დუ იუ რიალაიზ”. ეტყობა, მიცუბუშიმ ჩათვალა, რომ ფსიქოდელიური პოპის მამების ეს სიმღერა მათი 2004 წლის გალანტისათვის სწორედაც რომ მისწრება იქნებოდა. ამიტომაც გამოიყენეს.

Flaming Lips – Do you realize?

შემდეგი სიმღერა მე პირველად ტარანტინოს “მოკალი ბილის” ნახვისას მოვისმინე, თუმცა ჭეშმარიტად პოპულარული საქართველოში ის სადაზღვევო კომპანიის რეკლამაში გამოყენების შემდეგ გახდა. დღეს კი ის ყოველ მეორეს მობილურის ზარადა აქვს დაყენებული. ბერნარდ ჰერმანის თუისთიდ ნერვ.

Bernard Herrman – Twisted Nerve

მესამე ადგილზეა ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ჯგუფის, მესივ ატაკის, “ეინჯელ”. ეს სიმღერა ადიდასს ჰქონდა გამოყენებული 1998 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გასულ რეკლამაში.

Massive Attack – Angel

მეორე ადგილზეა როლინგ სთოუნზ და სთართ მი აფ. ეს სიმღერა უინდოუს 95–ის სარეკლამო კამპანიაში ტრიალებდა და წარმატებულადაც.

Rolling Stones – Start me up

პირველზეა მობის “პორცელან”. ჩამოთვლაც კი მიჭირს, რამდენი სხვადასხვა რაღაცის რეკლამა გააფორმა ამ სიმღერამ: მანანები, სადაზღვევო კომპანიები, დეზოდორებიც კი. მოუსმინეთ, ისიამოვნეთ და გახსოვდეთ, ყველის კონტეინერი ბედნიერების გარანტიას ვერ მოგცემთ, სრულ გარანტიას მხოლოდ სადაზღვევო პოლისი იძლევა.

Moby - Porcelain
XS
SM
MD
LG