Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის 24-ე რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე გახდა


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით 24-ე რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე გახდა. უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო

საბჭომ რექტორის თანამდებობაზე ის 127 ხმით აირჩია. რექტორის არჩევა არჩევნების მეორე ტურით მოხდა - პირველ ტურში გამარჯვებისთვის ლორთქიფანიძეს 4 ხმა დააკლდა. რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში სტუდენტთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა - უნივერსიტეტის ეზოში მოშიმშილე სტუდენტები და მათი მხარდამჭერები განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას და პარლამენტიდან უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის გამოტანას მოითხოვდნენ.

დიდმა სამეცნიერო საბჭომ ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორის საპატიო ტიტული არაუნივერსიტეტელ პროფესორს რუსუდან ლირთქიფანიძეს მიანიჭა. ივანე ჯავახიშვილის, ნიკო კეცხოველის და სხვათა და სხვათა ხელში გამოვლილ უნივერსიტეტს სათავეში არქიტექტურის ისტორიის სპეციალისტი, იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი რუსუდან ლორთქიფანიძე ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ ქალი პირველად გახდა უნივერსიტეტის რექტორი.

რექტორის არჩევის პროცესი ხანგრძლივი იყო, რადგან არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. რექტორობის 5 კანდიდატიდან ორმა საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის წინ მოხსნა. პირველ ტურში სამეცნიერო საბჭომ არჩევანი რუსუდან ლორთქიფანიძეს, ლერი ქურდაძესა და მიხეილ ქურდიანს შორის გააკეთა. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, თუმცა ყველაზე მეტი ხმები ლორთქიფანიძემ და ქურდიანმა მიიღეს და არჩევნების მეორე ტურშიც ერთმანეთს ისინი დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ: რუსუდან ლორთქიფანიძის კანდიდატურა რექტორის პოსტზე დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის, აგრეთვე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოებმა წამოაყენეს, მიხეილ ქურდიანის კანდიდატურა კი - ფილოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ და სტუდენტთა და ასპირანტთა ლიგამ. დიდმა სამეცნიერო საბჭომ რუსუდან ლორთქიფანიძე რექტორად ხმათა უმრავლესობით აირჩია. არჩევნების შედეგი საზოგადოებას აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ გააცნო.

[თამაზ გამყრელიძის ხმა] “ამგვარად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ხმათა უმრავლესობით არჩეულია პროფესორი რუსუდან ლორთქიფანიძე. “

რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის რიგით 24-ე რექტორია. რექტორად არჩევამდე უნივერსიტეტის პრორექტორად ის ამ ცოტა ხნის წინ დაინიშნა და, იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტში სტუმრობისას პრეზიდენტმა მისი რექტორობა ისურვა, რექტორობის ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატად მიიჩნეოდა. 13 დეკემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რუსუდან ლორთქიფანიძემ აღიარა, რომ გამარჯვებას ელოდა. სამეცნიერო საბჭოს მან მადლობა გადაუხადა დიდი საჩუქრისთვის:

[რუსუდან ლორთქიფანიძის ხმა] “ეს არის ოცნება ყველა ქართველის და ვარ ბედნიერი. გავაკეთებ ყველაფერს, არ დავიზარებ არაფერს. ეს არის უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც სიამოვნებით ვიღებ. “

რექტორმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის რექტორატში შესანიშნავი გუნდი ხვდება, რითაც მიანიშნა, რომ იქ ახალი გუნდის მოყვანას არ აპირებს. დანარჩენი გზადაგზა გამოჩნდება. სტუდენტები ახალი რექტორისგან ითხოვენ უნივერსიტეტში წესრიგის დამყარებას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და უნივერსიტეტის ავტონომიის განმტკიცებას, პროფესორ-მასწავლებლები კი, ყველაფერ ამასთან ერთად, ხელფასების მომატებას.

13 დეკემბერს უნივერსიტეტში ახალი რექტორი სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე აირჩიეს. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის შინაარსს აპროტესტებდნენ. რექტორად არჩევის შემდეგ რუსუდან ლორთქიფანიძემ მათ ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა უსურვა.
XS
SM
MD
LG