Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავუპირისპირდეთ უფლებების შეზღუდვას


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და “თავისუფლების ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა იმ მოსამართლეთა სია,

რომელთაც, ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღეს. თავისუფლების ინსტიტუტს საჩივარიც კი შეაქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის მოთხოვნით. ორშაბათს, 13 დეკემბერს, იუსტიციის საბჭოს მდივანი პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციათა ბრალდებებს. გარდა ამ პრობლემის გაშუქებისა, მინდა გაცნობოთ, რა საშუალება გამონახეს ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებების, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ.

თუ ჩვენ ყველა განაწყენებული ადვოკატის ინტერესების შესაბამისად ვიმსჯელებთ, რომელი მოსამართლეა ცუდი და რომელი კარგი, დამერწმუნეთ, არც ერთი მოსამართლე გაულანძღავი არ დარჩება, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პავლე კუბლაშვილმა. ის აღიარებს პრობლემურ ვითარებას მოსამართლეთა კორპუსში, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ყველა საქმის გულდაგულ შესწავლას:

[კუბლაშვილის ხმა] “აქ ლაპარაკია პრობლემებზე, მაგრამ პრობლემათა მიღმა უნდა მოვიძიოთ კონკრეტული ფაქტი. ზოგადი საუბარი შეიძლება დისკრედიტაციისაკენ იყოს მიმართული. ჩვენი მიზანი არ არის სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია. ჩვენი მიზანია სასამართლო ხელისუფლების გაწმენდა ხარვეზებისაგან. ვფიქრობ, სასამართლო ხელისუფლებას აქვს საშუალება, გათავისუფლდეს ზეწოლისაგან და იყოს თავისუფალი.”

იუსტიციის საბჭოში წარსადგენი საჩივრის ავტორები კი ამბობენ, რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ მოსამართლეებზე ისინი მსჯელობენ არა განაწყენებულ ადვოკატთა ლაპარაკის, არამედ თავად ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა მიხედვით. ასე მაგალითად, “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრს, იურისტ ირაკლი კოტეტიშვილს მოაქვს გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გოჩიტაშვილის, გადაწყვეტილება: მოსამართლემ გაზეთ “თრიალეთს” ბოდიშის მოხდა და, მორალური ზიანის სანაცვლოდ, თანხის გადახდა დააკისრა გორის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა ნოზაძის, ფოტოსურატის გამოქვეყნების გამო. ნოზაძეს სურათი მისივე პრესკონფერენციის დროს გადაუღეს. მოსამართლის არგუმენტი კი გაზეთის გამტყუნებისას ასეთი გახლდათ:

[კოტეტიშვილის ხმა] “მამუკა ნოზაძე ამ სურათში უღირსი ფორმით იყო წარმოდგენილი: წვერი არ ჰქონდა გაპარსული. არგუმენტი იყო ისიც, რომ მამუკა ნოზაძე დაუქორწინებელია, ცოლის მოყვანას აპირებს და მომავალში ეს გაუჭირდება. ამიტომ დააკისრა ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის გამო თანხის გადახდა.”

ირაკლი კოტეტიშვილი ამბობს, რომ საჯარო ვითარებაში საჯარო პირისთვის გადაღებული სურათის გამოქვეყნებას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არავითარი ნებართვა არ სჭირდება და გამოქვეყნების გამო ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურება სრულიად უსაფუძვლოა.

12 დეკემბერს თბილისში მუშაობა დაასრულა ორდღიანმა სემინარმა, რომლის ორგანიზებაც კონრად ადენაუერის ფონდმა გასწია. სემინარზე, როგორც მანამდე გამართულ სხვა არაერთ შეკრებაზე, მედიის შეზღუდვისა და, უფრო მეტად, თვითშეზღუდვის შესახებ ლაპარაკობდნენ. ეთერში აღარ ისმის ხელისუფლების კრიტიკა, არ აჩვენებენ თანამდებობის პირთა მამხილებელ ფაქტებს - ეს უკვე ჩვეული საყვედურებია ქართული მედიის მისამართით. და აი, ამ ბრალდების გაბათილება გადაწყვიტეს ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის, გადაცემა “60 წუთის”, ყოფილმა თანამშრომლებმა, ოღონდ აკაკი გოგიჩაიშვილის გარეშე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ამბობს, რომ მათი მიზანი ცენზურის კედლის გარღვევაა:

[კომახიძის ხმა] “შევეცდებით, მოვამზადოთ გამოძიებითი მასალები, შევთავაზოთ ტელევიზიებს და, თუ ეს მასალები არ გააშუქეს, გავარკვიოთ, რატომ არ გადის ისინი ეთერში. ამ ყველაფერს გავაკეთებთ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით.”

“სტუდია რეპორტიორი” - ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ჟურნალისტები ქმნიან პროექტის სარეალიზაციოდ. ვახტანგ კომახიძე ამბობს, რომ უკვე არაერთი მასალა დაიბლოკა თანამდებობის მოქმედ პირთა საქმიანობის შესახებ. უარი ინფორმაციის გაშვებაზე ცნობილმა ტელეარხებმა განაცხადეს. თუ პროექტი დაფინანსდა, ეს ინფორმაცია ვეღარ დაიმალება.
XS
SM
MD
LG