Accessibility links

logo-print

ანა კალანდაძე – 80


15 დეკემბერს ქართველ პოეტს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს ანა კალანდაძეს,

80 წელი უსრულდება. “შენ ისე ღრმა ხარ, ქართული ცაო” – წერს ანა კალანდაძე, მერე კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისტორიას წინააღმდეგობას არ უწევს და ყოველთვის მიჰყვება ცხოვრების დინებას. ასეთი მოკრძალებულობა, თავმდაბლობა პოეტი ქალის ხასიათია, რომელიც მისი პოეზიის ხასიათს განაპირობებს, მისი ლექსების სისადავეს და უბრალოებას. შესაძლოა, ამიტომ უყვარს ხალხს ანა კალანდაძე; შესაძლოა, ამიტომ იცის ზეპირად მისი ლექსები. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას გავიხსენებთ.

ანა კალანდაძის პოეზიაზე მომავალში, ალბათ, მეტი ითქმება, ვიდრე თქმულა. მისი პოეზია კლასიკის კუთვნილებაა; მისი პოეტური სახეები მარადიულია და დროის დინებას, ისტორიის კაპრიზებს არ ემორჩილება. ყველა ინტერვიუში პოეტი ამბობს, არასდროს ვუწევ წინააღმდეგობას დროსო, პროტესტის სურვილი არასდროს მებადებაო... იგი, მართლაც, არ არის მეამბოხე პოეტი. იგი “მორჩილი პოეტია”, მაგრამ არა იმიტომ, რომ ადვილად ურიგდება ბოროტებას, არა იმიტომ, რომ ეშინია ისტორიის. უბრალოდ, იგი ბავშვივითაა: თავის პოეტურ სამყაროში ცხოვრობს, თავის პოეტურ სახეებს “ეთამაშება”.

შესაძლოა, ამიტომაც იზიდავს ანა კალანდაძის პოეტური სამყარო ყველა თაობას – ბავშვიდან დაწყებული, პოეზიის სპეციალისტის ჩათვლით. არ არის აუცილებელი გიყვარდეს პოეზია, მისი ლექსები რომ დაიმახსოვრო, მისმა სახეებმა რომ აგაღელვოს... “თქვენ ბავშვი ხართ, ანა, ბუნების თანამზრახველი,” – მიმართავს მას ერთ ლექსში ბელა ახმადულინა. - “თქვენი ლექსი ისეთივე იდუმალია, როგორც მტკვრისა და არაგვის შეხვედრა მცხეთასთან.”

იდუმალია ანა კალანდაძის პოეზიის ზემოქმედების მუხტიც. თავის დროზე მისმა პოეზიამ ხომ თვით სტალინის ხელისუფლების “ლიტერატორი-ჩინოვნიკებიც” კი ააღელვა. თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო: პირველი ლექსი ანა კალანდაძემ მამიდის თხოვნით დაწერა სკოლაში. უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დროს, ლექსების წერას მოუხშირა, ოღონდ აღარავის აკითხებდა. როგორც თავად იგონებს, დროდადრო ისევ მამიდა ეკითხებოდა, ლექსებს ხომ წერო, და ამით კმაყოფილდებოდა. უნივერსიტეტს უკვე ამთავრებდა, როცა მამიდამ ჰკითხა, შენი ლექსები როდის უნდა გამოაქვეყნო, როცა დაბერდებიო?... ბოლოს შეთანხმდნენ და ეს ლექსები ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგეს, კრიტიკოს დიმიტრი ბენაშვილს წააკითხეს. ბენაშვილმა ანა კალანდაძის ლექსები გაზეთ “ლიტერატურა და ხელოვნების” მაშინდელ რედაქტორს, გიორგი ნატროშვილს გაუგზავნა. ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებით აღფრთოვანებულმა ნატროშვილმა მწერალთა კავშირში კალანდაძის პოეზიის საჯარო განხილვა მოაწყო. მეორე დღეს მთელი თბილისის ლიტერატურული ელიტა 21 წლის პოეტი ქალის ლექსებზე ლაპარაკობდა. სასწრაფოდ გადაწყდა ანა კალანდაძის პოეზიის კრებულის გამოცემა. მაგრამ ორი თვის შემდეგ “პრავდაში” დაიბეჭდა კრემლის ცნობილი დადგენილება “ლიტერატურული ჟურნალების, “ზვეზდასა” და “ლენინგრადის”, შესახებ”. – ანა კალანდაძის ლექსების გამოცემა ვეღარ გაბედეს.

[მუსიკა]

ერთი შეხედვით, კალანდაძის პოეზიაში არაფერი იყო კრიმინალური. ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები – სამშობლოზეა, ბუნებაზე, სასიყვარულო განცდებზე. მაგრამ სტალინის ხელისუფლების დადგენილებამ, ეტყობა, მართლაც შეაშინა თბილისელი ცენზორები. კალანდაძის პოეზიაში ისინი უთუოდ შეამჩნევდნენ იმას, რასაც ჩვენში “საუნივერსიტეტო ტრადიციას” უწოდებენ. ამ ტრადიციის შესახებ თავად ანა კალანდაძეც ლაპარაკობს ხოლმე:

[ანა კალანდაძის ხმა] “ერთ შეკრებაზე მკითხეს ბავშვებმა, საოცარია ეს თემატიკაო. იმ დროს წმინდა ნინო და სხვა მეტაფორები იდევნებოდა... ასე ვუპასუხე იმათ: რევოლუციის დროს, როცა დაიხურა სასულიერო სემინარია და აკადემია... იმ სასულიერო სემინარიის როლი იკისრა უნივერსიტეტმა... ჩვენ ომის თაობის სტუდენტები ვიყავით, ბევრი რამ გვაკლდა, მაგრამ სულიერი სიმდიდრე გვქონდა. ძველ ქართულ ენასაც ვსწავლობდით, ლიტერატურასაც, ისტორიასაც. იმ დროს, როდესაც, ახალი და ძველი აღთქმის ხსენება არ შეიძლებოდა, ჩვენ, მეორე კურსის სტუდენტებს, ხელში გვეჭირა ეს წიგნები და, ეტყობა, ეს აისახა ჩემს შემოქმედებაში.”

აისახა იმ მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაშიც, რომლებიც ცეკას დადგენილებაში მიწასთან გაასწორეს – ანა ახმატოვა, მაგალითად, “მეტისმეტ რომანტიზმში”, წარსულის ნოსტალგიასა და მისტიციზმში ამხილეს, ზოშჩენკო – ცინიზმსა და პესიმიზმში... ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ როგორ გაუსწორდებოდა ხელისუფლება ამ სტრიქონების ავტორს: “შენი ოთახი ჰგავს ბიბლიურ ნოეს კიდობანს/ და მას ყორანნი თავს ევლებიან”; “ატირდნენ მთები, ლამის მეც ავტირდე, ნაძვები დაღონდნენ და მეც, მეც ვღონდები.”

ეს – 21 წლის ანა კალანდაძის ლექსებია. ახალგაზრდა პოეტის კრებულის გამოცემა მხოლოდ 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, გახდება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული-საბჭოთა ცენზურა იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა პოეტი ქალის პოპულარობა, მიუხედავად იმისა, რომ 60-იან, 70-იან წლებში ანა კალანდაძის ლექსების კრებული რამდენჯერმე გამოსცეს, პოეტის თქმით:

[ანა კალანდაძის ხმა] “აპოლიტიკურობის ტენდენცია გამოცემულ კრებულებშიც ჩანდა. ის ლექსები, რომლებიც წინა კრებულებში არ შევიდა, იბეჭდებოდა, მაგრამ შემოკლებით, ან რაღაცეებს ამოგლეჯდნენ ხოლმე... ხშირად მკითხველი მერე მე მეკითხებოდა, რატომ ამოიღეთ ეს სტროფიო.”


ასეთ კითხვებზე ანა კალანდაძე იშვიათად პასუხობდა. და არა იმიტომ, რომ ეშინოდა... უბრალოდ, იგი არც ამ შემთხვევაში უწევდა წინააღმდეგობას დროს და, შესაბამისად, ხელისუფლებას. თუმცა ლიტერატურის სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ანა კალანდაძის ლექსების გადაკეთება, რაღაცის ამოგლეჯა თითქმის შეუძლებელია – ყოველი მისი ლექსი ერთი, ძალიან შეკრული სახეა. იმასაც ამბობენ, რომ მორჩილება, როგორც პოეტის ცხოვრების წესი, მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია. სინამდვილეში სწორედ აპოლიტიკურობაა ანა კალანდაძის სტიქია, რომლითაც პოეტი წინააღმდეგობას უწევს ყველანაირ სიყალბეს, რომ მხოლოდ მას აქვს უნარი, ააღელვოს “რკინის კაცები” და ადამიანურობა გაუღვიძოს ცენზორებსაც კი. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ანა კალანდაძე არასდროს აქტიურობს, თავის შემოქმედებას პროპაგანდას არ უწევს. თავისი, ჯერ კიდევ 1946 წელს დაწერილი, ლექსივით: “მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი, და ჭიამარიას ვუმზერ ჩემს მუხლებზე...”

[მუსიკა]

[ანა კალანდაძის ხმა] “არც ერთი კრებული ჩემი ინიციატივით არ დაბეჭდილა და არც ერთი განცხადება არ მახსოვს, რომ მე დამეწეროს. თვითონ აკეთებდნენ ამას.”

თუმცა დრო ყოველთვის არ სწყალობდა პოეტს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ანა კალანდაძის პოეზიის ერთადერთი ორტომეული გამოვიდა, ისიც ჯანსუღ ღვინჯილიასა და ვახტანგ ჯავახაძის ინიციატივით. ხალხმა ზეპირად იცის მისი ლექსები, მის წიგნებს კი არ გამოსცემენ. ალბათ, იმიტომ, რომ პოეტი არ აქტიურობს. იგი მხოლოდ ლექსებს წერს და ზოგჯერ კითხულობს კიდეც თავის ლექსებს:

[ანა კალანდაძე კითხულობს თავის ლექსს. ]

“ცოდვა და მადლი ისევ ირევა, სიტყვა გაგვიქრა იმედიანი” – წერდა ანა კალანდაძე 1994 წელს. რატომაა მისი პოეზია აპოლიტიკური?
XS
SM
MD
LG