Accessibility links

თურქეთის საკითხი ევროკავშირის სამიტის წინ


ორიოდ დღეში ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერები თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების

დაწყებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც ვარაუდობენ, ეს ხუთშაბათს სამიტის მონაწილეებისთვის გამართულ სადილზე გახდება ცნობილი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი, რომლებიც ორშაბათს შეიკრიბნენ, თურქეთის შესახებ სამიტის განცხადების პროექტი შეიმუშავეს.

16-17 დეკემბერის სამიტისთვის მზადებისას ევროკავშირის წარმომადგენლებმა კარგად იციან რა დევს სასწორზე.

გასულ პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტი ჯოზე მანველ ბაროზო ბრიუსელში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიეფ ერდოანს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ბაროზოს წარმომადგენელმა ფრანსუაზ ლე ბელმა თქვა:

[ლე ბელის ხმა]
"სრულიად ნათელია, რომ ეს სამიტი ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიალოგის ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა და სრულიად ნათელია ისიც, რომ ევროკავშირის ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს მომავალი კვირისთვის კონსენსუსის მიღწევას".

იმას, რომ ევროკავშირს არ გააჩნია თურქეთის საკითხისადმი მკაფიო მიდგომა, განაპირობებს შეუთანხმებლობა სამ ძირითად საკითხზე: გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ზუსტ თარიღზე, ამ მოლაპარაკებათა საბოლოო მიზანზე, ანუ რა სტატუსით შევა თურქეთი ევროკავშირში და თურქეთის მიერ კვიპროსის ბერძნული ნაწილის აღიარებაზე.

ეჭვსგარეშეა, რომ ევროკავშირის ლიდერები დადებითად გადაწყვეტენ თურქეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს. თუმცა, ანკარის დამოკიდებულებას განსაზღვრავს ის, თუ როგორ მიუდგება ევროკავშირი იმ სამ ძირითად საკითხს, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე.

ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მოლაპარაკებების დაწყების თარიღი. ქვეყნების ერთი ჯგუფი, საფრანგეთის მეთაურობით შიშობს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების ნაადრევად დაწყება ამ ქვეყნების საზოგადოებრიობას მომავალი წლის მანძილზე ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის რატიფიკაციის წინააღმდეგ განაწყობს.

ევროკავშირის სტატისტიკური უწყების - "ევრობარომეტრის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავსტრიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, ფინეთისა და საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკაშირის შემდგომი გაფართოების წინააღმდეგია. გამოკითხვაში არაფერი თქმულა კონკრეტულად თურქეთზე, მაგრამ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა შორის ყველაზე წინააღმდეგობრივად მოიაზრება. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა პარიზის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ევროკავშირში თურქეთის შესვლის წინააღმდეგია. საფრანგეთის პოზიციაზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლასაც. კერძოდ, მიშელ ბარნიემ თავის კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

[ბარნიეს ხმა]
"რაც შეეხება სომხეთს, მე ვახსენე მოთხოვნა, რომელსაც საფრანგეთი თურქეთთან მოლაპარაკებების პროცესში წარმოადგენს და რომელიც საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტრაგედიის აღიარებას ეხება. ეს ტრაგედია ასეულობით ათას სომეხს შეეხო".

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უხსენებია სიტყვა "გენოციდი" და განმარტა ისიც, რომ საფრანგეთის ეს მოთხოვნა ვერაფრით გახდება თურქეთთან მოლაპარაკებების დაწყება-არ დაწყების პირობა. ბარნიეს თანახმად, ამ პირობის შესრულება თურქეთს მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მოუწევს. აქ საგულისხმოა დროის ის მონაკვეთი, რომელიც ბარნიეს აზრით ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დასჭირდება:

[ბარნიეს ხმა]
"ამ საკითხს ჩვენ მოლაპარაკების მიმდინარეობისას წამოვჭრით. ამისათვის ჩვენ დაახლოებით ათი წელიწადი გვექნება და თურქებსაც ექნებათ ათი წელიწადი პასუხის გასაცემად. ეს საკითხი არ უკავშირდება მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რაც ხუთშაბათ-პარასკევს უნდა მოხდეს".

დავუბრუნდეთ ისევ ძირითადი სირთულეების ჩამოთვლას: მაშ ასე, პირველი, როგორც უკვე მოგახსენეთ მოლაპარაკებების დაწყების თარიღს შეეხება. არც ერთი დოკუმენტის პროექტში ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ ყოფილა მინიშნებული. თურქეთს არ სურს, რომ ის მომავალი წლის პირველი ნახევრის მერე გადაიდოს.

მეორე საკითხი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებათა ოფიციალური მიზნის დასახელებაა. ევროკომისიის პოზიცია ასეთია: "მოლაპარაკებები იქნება ღია პროცესი, რომლის შედეგის წინასწარ გარანტირება შეუძლებელია". თუმცა, საკითხის ასეთი ფორმულირება შეცვლას მოითხოვს. საფრანგეთი და ავსტრია მოლაპარაკებების მიზნად, ანუ სავარაუდო შედეგად აუცილებლად სრულუფფლებიან წევრობას არ მიიჩნევენ და "პრივილეგირებულ პარტნიორობაზე" ლაპარაკობენ.

თუმცა, ორშაბათს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ ბოტმა განაცხადა, რომ თურქეთთან მოლაპარაკებათა მიზანი სრულუფლებიანი წევრობა უნდა იყოს:

[ბოტის ხმა]
"თურქეთი კანდიდატი ქვეყანაა და ამით განსაზღვრულია ის, თუ რას ვისახავთ მიზნად შემდეგ ეტაპზე. თურქეთიც წევრობისკენ ილტვის და მოლაპარაკებათა მიზანიც ეს იქნება. თუმცა, ვნახოთ, კიდევ განსახილველია რა მოხდება შუა ეტაპზე. ამაზე ვიმსჯელებთ დღესაც და იმედი მაქვს, ხუთშაბათსა და პარასკევსაც".

საბოლოო მიზნად თურქეთის სრულუფლებიან წევრობის დასახვას მართებულად მიიჩნევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტირი იოშKა ფიშერიც. ფიშერის აზრით, საბოლოო მიზნის ნებისმიერი სახით დაკნინებამ შეიძლება თურქეთში მიმდინარე რეფორმების პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს.

ამასთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პარლამენტის სამშაბათის სხდომაზე განაცხადა:

[ერდოანის ხმა]
"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია გადაწყვეტილება, რომელიც სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად საგანგებო სტატუსის მონიჭების პერსპექტივას შემოგვთავაზებს. თუ ჩვენ კოპენჰაგენის სამიტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისგან განსხვავებული ახალი პირობების შესრულებას მოგვთხოვენ, ჩვენ ბრიუსელში არ ჩავალთ".

აი, ასე მწვავედ სვამს საკითხს თურქეთის პრემიერ-მინისტრი.

და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი: კვიპროსი.

ევროკაშირის ახალი წევრი კვირპოსი იმუქრება ვეტოს უფლების გამოყენებით თურქეთის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუკი ანკარა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე კვირპოსის ბერძნულ მთავრობას არ სცნობს. თუმცა, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათის საბჭოზე ბრიუსელში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმაზეც თანახმაა, რომ თურქეთმა ე.წ. "ანკარის შეთანხმება" განავრცოს. ამ შეთანხმებაზეა დაფუძნებული თურქეთის ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ თურქეთი დათანხმდება "ანკარის შეთანხმების" გავრცობას კვიპროსზეც, რაც ფაქტობრივად კვიპროსის აღიარებას ნიშნავს.

თურქეთის პოზიცია მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას შესთავაზებენ ევროკავშირის ლიდერები თურქეთს: მოლაპარაკებების დაწყების თარიღისა და საბოლოო მიზნის განსაზღვრის თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG