Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო პრემიის ახალი კანდიდატები


ტრადიციულად, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა გამოაცხადა 2004 წლის

სახელმწიფო პრემიების ნომინანტები, რომლებიც დღეს მინდა გაგაცნოთ.

“საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი” – ასე ერქვა და ასე ჰქვია ჟიურის, რომელიც წლის საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებს არჩევს და შემდეგ, ფარული კენჭისყრით, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ასახელებს. საქართველოს პრეზიდენტი კენჭისყრაში არ მონაწილეობს, მაგრამ კომიტეტის სახელწოდება თავისთავად მიგვანიშნებს, რომ ჟიურის წევრებმა შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოს პირველი პირის გემოვნება... ასე რომ, თუ აქამდე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ედუარდ შევარდნაძის ფიგურას უკავშირდებოდა, წელს პირველად შევიტყობთ, რა შეიქმნა საინტერესო ქართულ კულტურაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

[ზაზა ბურჭულაძის ხმა] “მე არა ვარ გაბრაზებული... მე ძალიან გაბრაზებული ვარ.”

ეს ზაზა ბურჭულაძეა – მწერალი, რომლის რომანი “მინერალური ჯაზი” სახელმწიფო პრემიაზე გამომცემლობა “ლოგოს პრესმა” წარადგინა. “ძალიან გაბრაზებული მწერალი” პოეტ ელა გოჩიაშვილსა და მიხეილ ქვლივიძესთან ერთად, ფინალში გავიდა... მიუხედავად იმისა, რომ “მინერალური ჯაზი” სწორედ შევარდნაძის ეპოქაში დაჯილდოვდა “წინანდლის პრემიით” საუკეთესო რომანისთვის, შევარდნაძესთან არსებული კომიტეტი, ალბათ, ვერასდროს გაბედავდა, ეს მოუთვინიერებელი მწერალი სახელმწიფო პრემიის კანდიდატად დაესახელებინა. ზაზას რომანი პრემიით რომ დაჯილდოვდეს (პირადად მე კი ჟიურის ეს ჟესტი ძალიან გამახარებს), ეგრეთ წოდებული “ეროვნული სიწმინდის დამცველები”, რომელთაც გასულ კვირას “ახალი მემარჯვენეებიც” შეუერთდნენ და სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას სტატია, მსუბუქი ჰომოფობია რომ გადაჰკრავს, რატომღაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მონათლეს, მოკლედ, ამ პოლიტიკოსებმა ზაზა ბურჭულაძის ძველი წიგნები რომ გადაიკითხონ, ანათემაზე გადასცემენ პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. ჟიურიმ, როგორც ჩანს, ესეც გაითვალისწინა და “გააწონასწორა” კანდიდატების სია, ე.ი. ბალანსის პოლიტიკას მიმართა - “სიმფსონებისა” და “წერილი დედას” ავტორის გვერდით ხომ სიაში არიან: ნომინაციაში “კინოხელოვნება” – კინორეჟისორი როლანდ ბორაშვილი, ორი სატელევიზიო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისთვის “გზა მაცხოვრისა” და “დედაო ღვთისა” (წარადგინეს საქართველოს საპატრიარქომ და კომპანია “ქართულმა ტელეფილმმა”); პუბლიცისტიკის დარგში - თამაზ კვაჭანტირაძე, 2002 წელს გამოცემული წიგნისთვის “სასიტყვეთი”; იოსებ ჭუმბურიძე, წიგნისთვის “ჟურნალისტიკა დროში”.. ეს წიგნიც 2002 წელსაა გამოცემული და, თავისი სულისკვეთებით, მორალიზმით და პათეტიკურ-ლირიკული ინტონაციებით, ზაზა ბურჭულაძის რომანის სრული კონტრასტია. საერთოდ, სახელმწიფო პრემიების ნომინანტების სიაში პუბლიცისტიკა აშკარად ჭარბობს. მუსიკის დარგში ერთადერთი ნომინანტია იოსებ კეჭაყმაძე (ქართული ხალხური პოეზიის მიხედვით შექმნილი ნაწარმოებებისთვის), ერთი – სახვით ხელოვნებაში (მხატვარი თენგიზ მირზაშვილი – ბოლო ორი წლის ნამუშევრებისთვის), ერთი – თეატრის დარგში (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლები - “აბეშურა” და “აქ ოდესღაც ადამიანს უცხოვრია”), ერთი – ტელევიზიის დარგში (დოკუმენტური ფილმი “ათენიდან ათენამდე”), ერთი - არქიტექტურის დარგში (გიული გეგელიასა და კონსტანტინე მემანიშვილის ერთობლივი პროექტები) და ერთი თარგმანში – ნათან ბააზოვი, წიგნისთვის “მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგია”... მოკლედ, ყველაფერი თითო-თითო... და ერთდროულად 5 ნაწარმოები პუბლიცისტიკის დარგში. წესით და რიგით, ამ ნაშრომებიდან – თუკი მათი ავტორები საუკეთესო პუბლიცისტებად დასახელდნენ – უნდა შევიტყოთ, რა ხდება 2004 წლის საქართველოში, როგორია ავტორის დამოკიდებულება 2004 წლის მოვლენების მიმართ... ასეთი ამ სიაში ერთი წიგნია – მიხეილ მახარაძის “ავანტიურა, აჭარის სახელით”... სათაურითაც გასაგები ხდება – რას ეძღვნება ეს წიგნი.

[ზაზა ბურჭულაძის ხმა] “ეს არის მარადმედინი დრო – წარსული და სავარაუდო მომავალი, მოცემული მარადაწმყოში.”

ამბობს ზაზა ბურჭულაძე თავის რომანზე “მინერალური ჯაზი”... სახელმწიფო პრემიების კომიტეტიც, როგორც ჩანს, 2004 წლისთვის წარსულისა და “სავარაუდო მომავლის” ერთობლიობას ირჩევს. პრეზიდენტთან არსებული კომიტეტი “აწმყოს ისევ არ სწყალობს”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG