Accessibility links

logo-print

მომავალი ფინანსური ამნისტიის შეუთანხმებელი დეტალი

  • ნინო როდონაია

საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ფინანსური ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერჯერობით არ შეუთანხმებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა რამდენიმე კვირის წინ მოითხოვა, მომავალი ფინანსური ამნისტიის დეტალები კვლავ შეუთანხმებელია.
უფრო ზუსტად კი, გაურკვეველია წრე იმ ჩინოვნიკებისა, რომლებზეც ამნისტია უნდა გავრცელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ფინანსურ ამნისტიას კანონის სახე ჯერჯერობით არ მიუღია, უკვე ცნობილია, რომ ეს ერთჯერადი აქცია გავრცელდება ყველა მეწარმეზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე პატიმრობაში არიან ან იძებნებიან, გათავისუფლდებიან მხოლოდ საპატიმრო სანქციებისა და არა საგადასახადო ვალდებულებებისგან.
პრაქტიკულად ერთადერთი საკითხი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ და მთავრობამ ჯერჯერობით ვერ შეათანხმეს, ამნისტიას დაქვემდებარებულ ჩინოვნიკთა წრეა.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ სერიოზულად სწორედ ყოფილი ჩინოვნიკების მიერ დაგროვილი ქონებით ივსებოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის ,,დონორთა” გარკვეული ნუსხა კვლავ არსებობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლებას აქვს სია კორუფციასთან კავშირში ეჭვმიტანილი იმ პირებისა, რომლებზეც ფინანსური ამნისტია არ გავრცელდება.
ამ საკითხის შეუთანხმებლობას კანონპროექტის დამტკიცების გაჭიანურების მიზეზად მიიჩნევს ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწვლები, ახლების” დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,ამდენი აჟიოტაჟი და ამდენი გადავადება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობამ ვერ შეაჯერა შიდა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომელ ჩინოვნიკს შეეხოს და რომელს არა.”

ამ ეტაპზე დაზუსტებული პასუხი არა აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, უფრო კონკრეტულად კი, ნიკა გვარამიას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია:

[ნიკა გვარამიას ხმა] ,,ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი იქნება დღეს და ხვალ დამუშავებული და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება, რომ ზუსტი პასუხი გაგცეთ.”

ფინანსური ამნისტიის მოლოდინში, საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მეწარმეთა წინააღმდეგ ასობით საქმეა აღძრული. დეპუტატ ზურაბ ტყემალაძეს იმედი აქვს, რომ ამნისტიის კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ამ ადამიანთა ბედი მათსავე სასარგებლოდ გადაწყდება:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,მთავრობამ და პრეზიდენტმა გაიზიარეს ის ალტერნატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა. ანუ ამნისტია უნდა შეეხოთ მათაც, ვის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია. ამ შემთხვევაში, მე მგონი, პრობლემა არ იქნება.”

მომავალ საგადასახადო და ფინანსურ ამნისტიას ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ოქტომბერში უწოდა პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ. უფრო ადრე კი საქართველოს ხელისუფლება მეწარმეებს ფინანსური ამნისტიის გამოცხადებას შემოდგომამდე ჰპირდებოდა.
წლის ბოლოს ბიზნესის წარმომადგენლები კვლავ საგადასახადო ამნისტიის მოლოდინში არიან და მოცდა კიდევ რამდენიმე დღეს მოუწევთ. ფინანსური ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი მომავალ კვირას დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG