Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება წალკის რაიონში მიტოვებული სახლების შესაძენად 4,5 მლნ ლარის გამოყოფას აპირებს


ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო ათობით ათასმა ბერძენმა დატოვა. მათ შორის არიან წალკელი ბერძნებიც, რომელთა წასვლის შემდეგ რაიონი სანახევროდ დაცარიელდა.

საქართველოს ხელისუფლებამ, გამოთავისუფლებული მიწებისა და საცხოვრებელი ბინების ხარჯზე, ეგრეთ წოდებული ეკოლოგიური დევნილების - ზვავსა და მეწყერს გამორიდებული აჭარლებისა და სვანების - პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა. თუმცა წლების განმავლობაში წალკაში ჩასახლების პროცესი სტიქიურად მიმდინარეობდა: უმეტეს შემთხვევაში სახლებს მეპატრონეთა ნებართვის გარეშე იკავებდნენ, რამაც, როგორც მიგრანტი, ასევე ადგილზე დარჩენილი ბერძნების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. შეცვალა თუ არა ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემისადმი დამოკიდებულება?


გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში დაწყებული მასშტაბური მიგრაციის შედეგად, საქართველოში მცხოვრებ ბერძენთა რაოდენობა 100 ათასიდან 15 ათასამდე შემცირდა. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესმა ყველაზე ღრმა კვალი დააჩნია ერთ დროს უპირატესად ეთნიკური ბერძნებით დასახლებულ წალკის მაღალმთიან რაიონს, სადაც, დღეის მონაცემებით, მხოლოდ 2 ათასამდე ბერძენი ცხოვრობს. გაუკაცრიელდა ათობით სოფელი, უპატრონოდ არის მიტოვებული ათასობით კერძო სახლი, რომლებიც წლების განმავლობაში უმოწყალოდ იძარცვება და პარტახდება. ყოველივე ეს რაიონში დარჩენილი ბერძენი მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვეს. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მიაგნო. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ეთერ ასტემიროვას თქმით, ხელისუფლება 2005 წელს წალკის რაიონში 100-მდე სახლის შესყიდვას აპირებს:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] “ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ იმ ბერძნების უფლებები, რომლებიც წავიდნენ… გვინდა მათთან ხელშეკრულება დავდოთ და შევისყიდოთ ის სახლები, სადაც უკვე ცხოვრობენ ეკოლოგიური მიგრანტები. ასევე ჩვენ ვყიდულობთ სხვა სახლებს. 40 სახლი გვაქვს შესყიდული, სადაც ჩავასახლებთ იმავე ეკოლოგიურ მიგრანტებს ხულოსა და მესტიის რაიონებიდან.”

ასტემიროვას თქმით, ხელისუფლება სახლების შესაძენად 4 მლნ 500 ათასი
ლარის გამოყოფას აპირებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წალკაში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან 1800-მდე ოჯახია ჩასახლებული, თანხა პრობლემის სრული მოგვარებისთვის საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, წალკის რაიონის გამგებელი მიხეილ ცქიტიშვილი ცენტრალურ ბიუჯეტში სახლების შესაძენი თანხის გათვალისწინებას საშურ საქმეს უწოდებს:

[მიხეილ ცქიტიშვილის ხმა] “წელს, ალბათ, გახსოვთ წალკაში განვითარებული მოვლენები. ბევრი პრობლემა წარმოშობილი იყო იმით, რომ მოსახლეობა პრაქტიკულად შეჭრილია საბერძნეთში წასული ბერძნების სახლებში. ამიტომ გამოიყო 4,5 მლნ ლარი. დღემდე ყოფილი ხელისუფლების მიერ ნაყიდი იყო მხოლოდ და მხოლოდ 74 სახლი.”


პრობლემის მოგვარების ამგვარ გზას საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინა მავროსკელიდუსიც იწონებს.

[კონსტანტინა მავროსკელიდუსის ხმა] “ ბინების შესყიდვა არის პრობლემის მოგვარების ერთადერთი კანონიერი გზა. ხოლო იმის გაგრძელება, რაც ადრე ხდებოდა, ანუ ბერძენთა სახლების მიტაცება, ყოვლად დაუშვებელია.”

ინფორმაციას ხელისუფლების მიერ ბინების შესყიდვის შესახებ წალკაში დარჩენილი ბერძნებიც დადებითად ხვდებიან. თუმცა ბევრ მათგანს შეთავაზეული ფასი არ აკმაყოფილებს.

[თეოდორე მაგდალიანოვის ხმა] “სახელმწიფო ყიდულობს, მაგრამ ფასია დაბალი. სახლზე ათას, ათას ორას, მაქსიმუმ ორი ათას დოლარს იძლევიან. რა არის ორი ათასი, განა ეს ფულია? ეს სახლები, ორი კი არა, ათი, ხუთი ათასი ღირს.”

ეს თეოდორე მაგდალიანოვი იყო. მისი თქმით, ერთ დროს ხუთასკომლიან სოფელში, სადაც იგი ცხოვრობს, ამჟამად სამოცამდე ბერძენიღაა შემორჩენილი, ისიც, ძირითადად, მოხუცები. “სულ მალე წალკის რაიონში ერთი ბერძენიც კი არ დარჩება. ბევრი აქამდე წავიდოდა, სახლის ნორმალურ ფასში გაყიდვა რომ შეეძლოს”, ამბობს ჩემი რესპონდენტი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG