Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მზადაა ებრძოლოს ტერორიზმს საქართველოში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღევანდელ მიმოხილვაში, ძირითადად, აფხაზეთში შექმნილი ვითარების შეფასებებისა და პანკისთან დაკავშირებით რუსეთის მუქარის თაობაზე გესაუბრებით.


8 დეკემბრის გაზეთ “ნოვიე იზვესტიას” თქმით, “აფხაზური კომპრომისის სუსტი ადგილი ისაა, რომ გუშინდელმა შეურიგებელმა მეტოქეებმა - ბაღაფშმა და ხაჯიმბამ - შეთანხმებას მიაღწიეს არა კეთილი ნების საფუძველზე, არამედ რუსეთის საპროკურორო “მხარდაჭერით”.

გაზეთი წერს: “მაგრამ სერგეი ბაღაფშისა და მისი ოპონენტის შეთანხმება, რომელიც კოლესნიკოვის მკაცრი მეთვალყურეობით წარიმართა, სულაც არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის ყოფილი პრემიერი, სახელმწიფო კომპანია “ჩერნომორენერგოს” ამჟამინდელი მეთაური, უარს ამბობს აფხაზეთში ერთმმართველობის იდეაზე. და როგორც კი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტად აირჩევენ, პრეზიდენტ ბაღაფშთან წყვილში, პრომოსკოვური პოლიტიკის გატარებას დაიწყებს, ისინი მაშინვე აღმოჩნდებიან ბარიკადების სხვადასხვა მხარეს. ეჭვგარეშეა, რომ ხაჯიმბა სწორედ ასე მოიქცევა. იგი მომავალ პრეზიდენტს მიამაგრეს სწორედ იმ სახით, რა სახითაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კომპარტიებში ნიშნავდნენ მეორე მდივნებს, - იგი, არსებითად, მოსკოვის თვალებსა და ყურებს წარმოადგენს.”

რუსეთი იმპერია უნდა იყოს თუ არა? ამ საკითხის გარშემო საუბრობენ რესპონდენტები 10 დეკემბრის გაზეთ “იზვესტიაში”.

ანატოლი ჩუბაისი კვლავინდებურად აცხადებს, რომ “რუსეთს შეუძლია და ის უნდა გახდეს ლიბერალური იმპერია”. ვლადიმირ ჟირინოვსკის აზრით, “რუსეთი იმპერიულ გარსს მოითხოვს”. კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი კი ამბობს: “რუსეთი ვალდებულია მონაწილეობდეს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან მოვლენაში, მით უმეტს, იმ ქვეყნებში, რომლებიც მას ესაზღვრება - საქართველო იქნება ეს თუ უკრაინა. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება რამენაირად შევზღუდოთ მათი დამოუკიდებლობა, რომ არაფერი ვთქვა რუსეთის შემადგენლობაში იმ ტერიტორიების ჩართვაზე, რომლებიც ოდესღაც მას ეკუთვნოდა კიდეც...იმპერიული ამბიციები და აქტიური საგარეო პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ”.

10 დეკემბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “სამხედრო უწყების ინფორმირებული წყაროებიდან გაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზადაა პრევენციული დარტყმები მიაყენოს ტერორისტთა ბაზებს, რომლებიც სხვა ტერიტორიაზეა განლაგებული.”

გაზეთი წერს: “დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველ რიგში ეს ეხება ჩეჩენი ტერორისტების ბაზებს საქართველოში.”
“პანკისის ხეობაში მრავალრიცხოვანი ბოევიკების თავმოყრის შესახებ “ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა ჩრდილო კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციის მართვის რეგიონული ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ილია შაბალკინმა.”

14 დეკემბრის გაზეთ “იზვესტიას” ინფორმაციით კი, “რუსეთი მზადაა განიხილოს რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრების შექმნის შესაძლებლობა და ამ მიზნისთვის სთავაზობს ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსეთის ორი ბაზის ინფრასტრუქტურას. - ეს განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა.

გაზეთი წერს,რომ საქართველო მზადაა თავის ტერიტორიაზე ერთი ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისთვის, მაგრამ მის მუშაობაში აქცენტს აკეთებს არა სპეციალისტების მომზადებაზე, არამედ ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და გაცვლაზე. “იზვესტიას” თქმით, “ამდენად, თბილისი მიანიშნებს მოსკოვს, რომ რუსეთის დახმარებაზე მეტად დაინტერესებულია “წვრთნისა და აღჭურვის” ამერიკული პროგრამით.”
XS
SM
MD
LG