Accessibility links

logo-print

რას მიიღებს ქვეყანა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გაერთიანებით


საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამშაბათს მომხდარი ახალი დანიშვნები - განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანება

- კვლავ უმთავრეს განსჯის საგნად რჩება. საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას “სწრაფი აღმშენებლობისა და მოდერნიზაციის” სურვილით ხსნის და ამშვიდებს მოსახლეობას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ამით არ იზარალებს. ცნობილი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების შესახებ პოსტფაქტუმ გაიგეს, შედარებით ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ, უბრალო მოქალაქეების აზრი კი, როგორც ყოველთვის, დიამეტრულად განსხვავებულია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბარომეტრია. ოთხშაბათს იქ შეგროვილი სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ახალი რექტორის არჩევნებმა ორ ბანაკად გაყო, ახლა საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე მსჯელობდნენ. მე ერთ-ერთ მათგანს, ენათმეცნიერ მერაბ ბაბუხადიას, გამოველაპარაკე. მას არ დაუმალავს, რომ დაბნეულია მინისტრების ასეთი ხშირი როტაციით:

[მერაბ ბაბუხადიას ხმა] “ჯერ ერთი, ის უნდა ვთქვა, რომ თავბრუდახვეული ვარ ამდენი კარუსელის ტრიალით და ცოტა გაღიზიანებულიც ვარ. გამოდის, რომ საკადრო პოლიტიკაში ჩვენ არ გვაქვს სტაბილურობის შეგნება. იმიტომ რომ არსად არ ხდება ასეთი სწრაფი საკადრო ცვლილება.” (სტილი დაცულია)

უნივესიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც თავისი გვარის დასახელება არ ისურვა, ფიქრობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების შესაფასებლად საჭიროა დრო. თუმცა შინაგანად დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანება და მათ ბაზაზე პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ერთიანი უწყების შექმნა ქვეყანას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება:

[ერთ-ერთი სტუდენტის ხმა] “გადადგმული ნაბიჯი და გაერთიანება, ალბათ, კარგი იქნება. უშიშროება გაიზრდება და აღარ იქნება ამდენი დანაშაული.”

საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები, დიდი ტრადიციების, გავლენისა და რეპრესიული ფუნქციის გამო, დამოუკიდებელ საქართველოშიც ინარჩუნებდნენ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. ამ ზეგავლენის გასანეიტრალებლად წინა ხელისუფლება ტრადიციული დაბალანსების პოლიტიკას ატარებდა, ანუ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებად ნიშნავდა ერთმანეთის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილ პირებს, რაც უწყებებს შორის დაპირისპირებაში ვლინდებოდა. გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილების მთავარ დადებით მხარედ სწორედ ამგვარი უწყებრივი დაპირისპირების აღმოფხვრას მიიჩნევს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “მესმის, რომ ახალ ხელისუფლებას, რომელიც პროდასავლურია, უნდა, რომ შეცვალოს ის, რაც ჩამოყალიბებულია ამ ათწლეულების განმავლობაში. და ისიც სწორია, რომ უწყებრივი ქიშპობა მათ შორის, სამწუხაროდ, ყოველთვის იყო - არა მარტო შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს შორის, არამედ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორისაც.”

მაგრამ რაც შეეხება პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ერთიანი უწყების მომავალი საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ეფექტურობას, ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტები ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს ახალი სტრუქტურის დებულება. ხოლო ის, რაც არსებობს ისტორიული გამოცდილების სახით, - იგულისხმება სტალინის პერიოდში უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების “ენ-კა-ვედედ”, ანუ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატად, გაერთიანება, - საკმაოდ შორს დგას დღევანდელი საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკური კურსისაგან. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით დარჩიაშვილი პარალელს ავლებს დასავლეთის სახელმწიფოების გამოცდილებასთანაც, სადაც ქვეყნის უშიშროებაზე, საბოლოო ჯამში, ერთი უწყებაა პასუხისმგებელი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “დასავლეთში ასეთი უშიშროების სამინისტროები არ არსებობს. რაღაც ერთიანი სტრუქტურა არის ხოლმე პასუხისმგებელი შიდა უსაფრთხოებაზე, მოქალაქეთა დაცულობაზე. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განისაზღვრება ახალი სტრუქტურის უფლებები, როგორ იმოქმედებს იგი და ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, “ენ-კა-ვედესთან” გვაქვს საქმე თუ “ეფ-ბი-აის” მაგვარ სტუქტურასთან, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია.”(სტილი დაცულია)

ახალი გაერთიანების შემდეგ ქვეყანამ რომ დასავლური სტუქტურა მიიღოს და არა ბერიას დროინდელი რეპრესიული უწყება, ამის მთავარ პირობად დამოუკიდებელ ექსპერტებს საზოგადოების მიმართ ახალი უწყების ანგარიშვალდებულება და გაერთიანებულ სამინისტროში საზოგადოებრივი საბჭოს ჩამოყალიბება მიაჩნიათ. ოღონდ ერთი კია: შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანების პროექტზე მუშაობისას, ხელისუფლებას არც ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი დამოუკიდებელი ექსპერტი რჩევის მისაცემად არ მიუწვევია.
XS
SM
MD
LG