Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გეგმებს უსახავს ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტი


საქართველოს პარლამენტს ორი ძალოვანი უწყების - უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს - ერთ უწყებად გაერთიანება ჯერ არ დაუდასტურებია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში გამოუცხადებს ოფიციალურ მხარდაჭერას, მანამდე კი პრეზიდენტი ძალოვან სტრუქტურებში ახალი ხელმძღვანელების წარდგინებით არის დაკავებული. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ახალი ხელმძღვანელის, ირაკლი ოქრუაშვილის, წარდგინება ღამის 3 საათზე, სასწავლო განგაშის გამოცხადების პირობებში, მოხდა. პრეზიდენტმა იქ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და მთელი საზოგადოების გასაგონად, თქვა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად მოდის შეუცვლელი კადრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. რა მოთხოვნებს უყენებს მიხეილ სააკაშვილი ძალოვან სტრუქტურათა ხელმძღვანელებს?

მოთხოვნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვის უწყებასა და მის ახალ ხელმძღვანელობას უყენებს, სხვადასხვაა და მათგან მთავარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს უჩვეულო დროს, შუაღამისას, წარუდგინა. ახალი ხელმძღვანელის წარდგინება, როგორც უკვე ვთქვით, სასწავლო განგაშის გამოცხადების პირობებში მოხდა. სწორედ სასწავლო განგაშის პირობებში შეკრებილ სამხედროებს მისცა სააკაშვილმა პრეზიდენტის სიტყვა, რომ ოქრუაშვილი მათი ხელმძღვანელი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ სულ სხვანაირი მობილიზაციით მოგვიწევს მუშაობა. ძნელია, წელს შეიცვალა ორი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მე გაძლევთ პრეზიდენტის სიტყვას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დარჩება თქვენს ხელმძღვანელად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ეს არის მთავარი მოთხოვნა. ის მოდის იმისთვის, რომ შექმნას გამართული, მწყობრი ჯარი. “

ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისმიერი გზით აპირებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომ სამშვიდობო კურსის ერთგულების თაობაზე მისი განცხადებები სხვაა, ჩანაფიქრი კი სხვა? პრეზიდენტის განცხადება აფხაზეთში შემაშფოთებელ მესიჯად მიიღეს და მას გამოეხმაურნენ კიდეც: “საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრობა სამუდამოდ მოუწევს..” - ეს განცხადება ხუთშაბათს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ გააკეთა.

ექსპერტების არაერთი შენიშვნის მიუხედავად, რომ ნებისმიერი აგრესიული მესიჯი კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთს ქართველებსა და აფხაზებს, სააკაშვილის ხელისუფლება არ ამბობს უარს ძალის დემონსტრირების პოლიტიკაზე. თუმცა დავუბრუნდეთ მოთხოვნებს, რომელსაც ქვეყნის პირველი პირი ძალისმიერ სრუქტურებს უყენებს.
პრეზიდენტის მოთხოვნით, ირაკლი ოქრუაშვილმა 3 თვეში უნდა განაახლოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ამას გარდა, უნდა შექმნას ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი 4 ახალი ბრიგადა და, რაც მთავარია, 2005 წლის ბოლოსთვის საქართველოს თავდაცვის სისტემა ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

რაც შეეხება მეორე ძალისმიერ სტრუქტურას, ის ჯერჯერობით ქაღალდზე, კერძოდ, იმ პროექტში არსებობს, რომლის ზუსტი შინაარსიც დეპუტატებისთვის ცნობილი არ არის.

[ნიკა რურუას ხმა] “ვიცი იდეის დონეზე და რაც ვიცი, ჩემთვის მისაღებია. დაზვერვა და კონტრდაზვერვა ერთმანეთს გაემიჯნება. დაზვერვა იქნება ცალკე ავტონომიური სამსახური, კონტრდაზვერვა კი ჩაჯდება მთლიან სისტემაში და, რაც მთავარია, პოლიციისა და უშიშროების ფუნქციები აღარ იქნება დუბლირებული. “


ეს იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა. პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ვანო მერაბიშვილი შეეცდება საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრადიციების შენარჩუნებას. ის აცხადებს, რომ არ აპირებს სერიოზული საკადრო ცვლილებების გატარებას, თანამშრომლების მასობრივად დათხოვნას. ასეთია დაპირება, თუმცა ამ დღეებში უშიშროების სამსახურის ბევრ თანამშრომელს უწევს ფიქრი იმაზე, ექნება თუ არა ადგილი პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის სამსახურში.
XS
SM
MD
LG