Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ კრწანისის მოსახლეობამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა შეაჩერა


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლებს პრობლემები არ ელევათ. პროექტის მთავარ ოპერატორ კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმს” ლამის ყოველდღიურად

უხდება უკმაყოფილო მოსახლეობასთან ურთიერთობა. ვინ მიწის კომპენსაციას ითხოვს, ვინ ნავთობსადენის დასახლებული პუნქტების მახლობლად გაყვანის წინააღმდეგია, ვინ კი მრავალწლიანი ნარგავების დათმობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. საპროტესტო აქციების გამართვის ინტენსივობით ყველაზე მეტად გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მოსახლეობა გამოირჩევა. მათ 16 დეკემბერს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მშენებლობის ბლოკირება შეძლეს. რას ითხოვენ კრწანისელები ინგლისური კომპანიის მესვეურებისგან?

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის მშენებლობა დიდი ხმაურის თანხლებით მიმდინარეობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ექსკავატორებსა და ზემძიმე სატვირტო მანქანებზე მეტად ის ადამიანები ხმაურობენ, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთების უშუალო სიახლოვეში მომავალი წლიდან კასპიის ფსკერიდან დაძრულმა ნედლმა ნავთობმა უნდა იდინოს. ყოფილა შემთხვევები, როცა ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლები და სამშენებლო უბნების ბლოკირება პოლიციასთან შეტაკებით დასრულებულა:

[პოლიციის ოფიცრის ხმა] “როცა გაიარა ტექნიკამ, ისინი ცდილობდნენ ქვები ესროლათ. დაგვიზიანდა სამი თანამშრომელი, მაგრამ მასშტაბური შეტაკება ავიცილეთ თავიდან…”

შემთხვევა, რომელსაც პოლიციის ოფიცერი აღწერს, ახალციხის რაიონში მოხდა ამ რამდენიმე თვის წინ. თუმცა ახალციხე რაიმე განსაკუთრებულ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მაგალითად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მოსახლეობა წელიწადზე მეტია ნავთობსადენის მშენებელი კომპანიის მესვეურებთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობს. როგორც ყველგან, გარდაბანშიც ყველაზე მწვავედ მიწისა და მრავალწლიანი ნარგავების კომპენსაციის საკითხი დგას. კრწანისელები ამჯერად “ბრიტიშ პეტროლიუმისაგან” მშენებლობის დროს სარწყავი მილის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

[ჯანო დადეშქელიანის ხმა] “მოსავალი განადგურდა, გახმა ხეები, ხალხმა მოსავალი ვერ მოიყვანა, ახალდარგული ნერგები გაუხმა და ხალხი ედავება ამას კომპანიას.”

ეს ჯანო დადეშქელიანია, გარდაბანში დაფუძნებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მისი თქმით, ნავთობსადენთან მიმავალი საავტომობილო გზა სოფლის მოსახლეობის მიერ მანამდე იქნება ბლოკირებული, ვიდრე “ბრიტიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლები არ დათანხმდებიან აანაზღაურონ ზარალი. თუმცა ბრიტანული კომპანია კრწანისელთა მოთხოვნების შესრულებას რომ არ აპირებს, ეს “ბი-პის” პრეს-ოფისის ხელმძღვანელის, რუსუდან მეძმარიაშვილის, შემდეგი განცხადებიდანაც კარგად ჩანს:

[რუსუდან მეძმარიაშვილის ხმა] “ჩვენ მოვიწვიეთ დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შეისწავლეს ეს საკითხი და, მათი დასკვნის მიხედვით, კრწანისელთა მოთხოვნები არის უსაფუძვლო. ჩვენ ვთვლით, რომ დამატებით კომპენსაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია.”(სტილი დაცულია)

რუსუდან მეძმარიაშვილი კრწანისის მოსახლეობას დავის სასამართლო დარბაზში გადატანას ურჩევს. კრწანისელებს, ალბათ, ამ წინადადების მიღება მოუწევთ, თუმცა ისინი ბრძოლის არც სხვა მეთოდებზე აპირებენ უარის თქმას.

[აქციის მონაწილე ქალბატონი] ”ჩვენ არ გავჩერდებით. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩავრთავთ. აქ უკვე მარტო მოსავლის ზარალზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არის ადამიანის უფლებების იგნორირება. ეს არის ძალადობა. ესე იგი მე ძლიერი ვარ, შენ არაფერი არ ხარ და მე, როცა მინდა, მაშინ გაგსრეს.”

იმას, რომ “ბრიტიშ პეტროლიუმს” მიწის კომპენსაციებთან დაკავშირებით პრობლემები, გარდაბნის გარდა, სხვა რაიონებშიც აქვს, ჩემთან საუბარში ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი ეკა გოგოლაძეც ადასტურებს. თუმცა ამ საკითხისადმი უპრინციპო დამოკიდებულებით უცხოურ კომპანიაზე მეტად საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ შესცოდა:

[ეკა გოგოლაძის ხმა] “მაშინ თვითონ ბატონი გიორგი ჭანტურიაც საუბრობდა აბსოლუტურად გაფართოებულ ზოლზე, ვიდრე შემდეგ მოხდა კომპენსაციების გაცემა იმ 44-მეტრიან ზოლში მხოლოდ. დამცავ ზოლზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ, ცალკეული დასახლებული პუნქტების წინააღმდეგობის მიუხედავად, “ბრიტიშ პეტროლიუმი” და მისი კონტრაქტორი კომპანიები, მართალია, გრაფიკის მცირედი ჩამორჩენით, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ. “ბი-პის” ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობა 2005 წლის თებერვალში დასრულდება, ნედლი ნავთობით შევსება კი მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. ამჟამად ნავთობსადენის საქართველოზე გამავალ 250 კილომეტრიან მონაკვეთზე მთლიანი სამუშაოს 90 პროცენტია შესრულებული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG