Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ყველაზე არაორდინარული წევრი


საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტიდან კახა ბენდუქიძის გათავისუფლებამ და სახელმწიფო მინისტრად მისმა დანიშვნამ

არაერთგვაროვანი რეაქცია და სხვადასხვა ვერსიები წარმოშვა.
ლიბერალი მილიონერი ბენდუქიძისთვის მხოლოდ სიმბოლური თანამდებობის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ისინი აცხადებენ, რომ კახა ბენდუქიძემ საქართველოს ხელისუფლებისგან ახალი, საკმაოდ სერიოზული, მანდატი მიიღო.

საქართველოს მთავრობაში ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული რევოლუციის შემდეგ კახა ბენდუქიძე მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩა - ამის თაობაზე, საქართველოს მსგავსად, რუსეთშიც საუბრობენ. იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო მინისტრად დანიშნულ კახა ბენდუქიძეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ქართული ეკონომიკის რეფორმირების კოორდინირება დაევალა, ბევრი ,,დამამშვიდებელ პრიზს” უწოდებს.
ამ ტიპის ჯილდოების განაწილებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ის, რომ კახა ბენდუქიძე არის სახელმწიფო მინისტრი ზოგადად ეკონომიკური რეფორმების დარგში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გააგდეს. გასაგდები ხალხი ამ მთავრობის მაგიდასთან არ ზის. აქ ხალხი ზის ზოგიერთი, რომელიც კომუნისტურ პარტიაში იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ავაშენოთ.............. ბატონო კახა, თქვენ იყავით კომუნისტურ პარტიაში? ხანდახან გეტყობათ.” (სტილი დაცულია)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კახა ბენდუქიძე კომპარტიაში 1979 წელს გაწევრიანდა, ერთი წლის შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა, შემდეგ 9 თვის განმავლობაში უმუშევარი იყო და, როგორც თავად ამბობს, არისტოტელესა და ფროიდს კითხულობდა და ეძინა.
კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობას კომუნისტურ იდეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს, ტერმინს “მემარცხენეობა” კი, როგორც წესი, ოპონენტების მიმართ იყენებს. რუსეთში მეცნიერიდან ცნობილ ბიზნესმენად გარდაქმნილი კახა ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად ზაფხულში დაინიშნა. თბილისში მისი ჩამოსვლის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ჟვანია იყო, მინისტრად ბენდუქიძის დანიშვნასთან დაკავშირებით კი საქართველოს პრეზიდენტმა რჩევა რუს კოლეგას ჰკითხა.
მე არ ვარ ,,კრემლის ხელი” - აცხადებდა თავად კახა ბენდუქიძე, რომელმაც ულტრალიბერალური ეკონომიკური რეფორმებისა და საყოველთაო პრივატიზაციის კურსი აირჩია.
,,არც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე და არც დამოუკიდებელი საქართველოს სხვა ჩინოვნიკთა მსგავსი, პირადი ინტერესებისგან დაცლილი, გამოცდილი, თავისუფალი და ჭეშმარიტად განათლებული ადამიანი” - კახა ბენდუქიძეს ამ ეპითეტებით მოიხსენიებს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ის არასდროს არ არის რუხი, უსახური და შეუმჩნეველი. ის არის ყველაზე ელვარე წარმომადგენელი ჩვენს ხელისუფლებაში, დღიდან ამ ხელისუფლების არსებობისა.”

6 თვის წინ ეკონომიკური განვითარების ახლად დანიშნულ მინისტრს ,,მსოფლიო მასშტაბის ეკონომისტს” უწოდებდა პრემიერ-მინისტრი ჟვანია, რომელსაც, უნდა ვიფიქროთ, აზრი არ შეუცვლია, თუმცა ბენდუქიძეს პოსტი გამოუცვალა. ამ ფაქტს მთავრობაში ნახევარი წლის წინ ,,დარღვეული კონტექსტის აღდგენად” მიიჩნევს პარლამენტის წევრი ირაკლი იაშვილი:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ,,ბენდუქიძე მიდიოდა სრული ლიბერალიზმის გზით, მაგრამ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი მიდიოდა რეპრესიების მექანიზმებით. ამ ორი ჯგუფის შეთანხმებული მუშაობა არ გამოდიოდა. ლიბერალური ეკონომიკა და რეპრესიები შეუთავსებელი ცნებებია.”

ექსტრავაგანტულობით და საკმაოდ თავისუფალი ლექსიკით გამორჩეული კახა ბენდუქიძისადმი საქართველოში, როგორც წესი, მკვეთრად უარყოფითი ან დადებითი განწყობა არსებობს.
მისთვის პოსტის შეცვლას ლევან ბერძენიშვილი იმით ასაბუთებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქვეყანა არ არიან მზად საიმისოდ, რომ კახა ბენდუქიძე ერთ-ერთი მთავარი მინისტრი იყოს. ახალი მოვალეობის შესრულება მას ჯერჯერობით არ დაუწყია, თუმცა უკვე ვარაუდობენ, რომ
გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფო მინისტრის პოსტს ბენდუქიძე საკუთარი სურვილით დატოვებს.
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ჩვენგან განსხვავებით, მან იცის მილიონების კეთება და თუკი რამე სასარგებლო საქმე არ გაკეთდა, ის მიხედავს თავის მილიონებს.”

2004 წლის მარტში კახა ბენდუქიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ბიზნესის დაწყებას აპირებდა; ივნისში ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნეს, დეკემბერში კი - სახელმწიფო მინისტრად. ერთი თვის წინ კახა ბენდუქიძემ გაიხსენა ლეშეკ ბალცეროვიჩი და მისი რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. თუ მასაც მსგავსი ხვედრი ეწია, არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG