Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი ძალისმიერ მოწოდებებს უარყოფს და აფხაზეთსა და ოსებს სერიოზული სამშვიდობო ინიციატივის შეთავაზებას ჰპირდება


მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანით მოდის,

სეპარატისტულ რეგიონებში სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. 2 დღეა საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და აფხაზთა ყველაზე გავლენიანი ფიგურები ერთმანეთს ირიბად, პრესის შუამავლობით ეპაექრებიან. ამ პროცესის ინსპირირება მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა და მანვე მოუწოდა აფხაზებს, ვნებები ჩაიცხრონ. საქართველოს პრეზიდენტი თუ 16 დეკემბერს ერთგვარი ძალისმიერი მოწოდებით გამოვიდა, 17 დეკემბერს პირობა დადო, რომ აფხაზებსა და ოსებს სერიოზულ სამშვიდობო ინიციატივას შესთავაზებს.

სანამ საქართველოს ხელისუფლებაში აფხაზებისა და ოსებისთვის შესათავაზებელ ახალ სამშვიდობო ინიციატივას ამუშავებენ ( მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასეთი ინიციატივით საქართველო უახლოეს მომავალში გამოვა), აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელები, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების პირველი პირისა არ იყოს, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზებს ეძებენ. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერ- მინისტრი ნოდარ ხაშბა მოსკოვშია. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს ის იმ პროგრამის ირგვლივ მართავს, რომელიც, თავად ხაშბას თქმით, აფხაზეთის ეკონომიკის აღმავლობის საფუძველი უნდა გახდეს, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს საქმეებში გარეშე ძალების ჩარევას აპროტესტებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის პოლიტიკური პროცესი. ეს გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც საცოდავი ბაღაფში დააშინა, დიდხანს ვეღარ იბოგინებს. ეს ხალხი მალე მოშორდება აქედან. კარგად აეწვათ კუჭი უკრაინაში და საქართველოდანაც ამოიძუებენ კუდს. ჩვენ აფხაზ ხალხთან ყოველთვის ვიპოვით საერთო ენას და ხელების ფათურს საქართველოს საქმეებში არავის არ ვურჩევთ, რადგან იმ ხელებს დავუმოკლებთ. “

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს გააკეთა. როგორც დავინახეთ, ის ხელების დამოკლებით სწორედ იმ ძალებს დაემუქრა, რომლებთან კონსულტაციებსაც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი მართავს, მანამდე კი მუქარის შემცველი განცხადება აფხაზების მიმართულებითაც გაკეთდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე იქნება, სერგეი ბაღაფშმა უპასუხა : “ ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციაში 100 წელს ვერ შევაო. “ ბაღაფშს ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა და თქვა : “მე მინისტრობას მხოლოდ 5 წელს ვაპირებ და ამ ხნის განმავლობაში ბაღაფშს შეუძლია ან მშობლიურ რუსეთში გაემგზავროს, ან იმქვეყნადო. “ პაექრობა ამით არ დასრულებულა. აფხაზთა პრეზიდენტობის კანდიდატმა ოქრუაშვილის ნათქვამთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას აღზრდა აკლია და იქვე დასძინა:“ აფხაზმა ხალხმა უკვე განსაზღვრა თავისი რესპუბლიკის სტატუსი და ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება. ჩვენ არ გადავუხვევთ რუსეთთან დაახლოების კურსს და მზად ვართ საქართველოსთან დიალოგისთვის ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს შორის მოლაპარაკების ფორმატში.”

სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნა, რაც ბაღაფშის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარასკევს მიიღო. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა აფხაზეთში 29 დეკემბერს ამოიწურება, ამის შემდეგ კი იქნება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებაც ახალ სამშვიდობო ინიციატივას აფხაზებს, ალბათ, ამის შემდეგ შესთავაზებს. თუმცა საეჭვოა, ამ ინიციატივისა ირწმუნონ, მით უფრო, აქამდე გაკეთებული ძალისმიერი მოწოდებების ფონზე.
XS
SM
MD
LG