Accessibility links

logo-print

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას წინ აღარაფერი უდგას


ალბათ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული ადამიანების ყურადღების ცენტრში ამ დღეებში ბრიუსელი იდგა. იქ პარასკევს საღამოს დასრულდა ევროკავშირის სამიტი,

რომელზეც განიხილავდნენ აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობის გამომწვევ საკითხს - მიზანშეწონილია თუ არა თურქეთთან მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში მის მიღებაზე? რამდენად სადავოა ეს საკითხი, ჩანს მასზე მსჯელობის ისტორიით (თურქეთმა პირველად თითქმის 50 წლის წინ გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი) და ჩანს ბრიუსელიდან პარასკევს გავრცელებული ცნობებით - რამდენჯერმე იუწყებოდნენ მოლაპარაკებების დაყოვნების, გართულების, ბოლოს კი წარმატების შესახებ. ასე, რომ ბრიუსელიდან ინფორმაცია განუწყვეტლივ იცვლებოდა.

ევროკვაშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს, გვიან საღამოს მიაღწიეს ერთსულოვნებას (როგორც ცნობებშია ნათქვამი, პრინციპულ შეთანხმებას), რომ თურქეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება მომავალ წელს დაიწყება. ზუსტი თარიღიც კი დასახელდა განცხადებაში, რომელიც გააკეთა ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იან პეტერ ბალკენენდემ: [ბალკენენდეს ხმა] “ჩვენ, ევროკავშირის ლიდერებმა ვთქვით - და ეს იქნება გადაწყვეტილება - რომ შეგვიძლია, დავიწყოთ თურქეთთთან მოლაპარაკება ევროკომისიის მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე. ეს ანალიზი ეხება კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმების განხორციელებას. მოლაპარაკებას მომავალი წლის 3 ოქტომბერს დავიწყებთ”.

მოლაპარაკების გაისად დაწყება თურქეთისთვის ჯერ კიდევ არ ნიშნავს, ნანატრი გაწევრიანების განაღდებას (თუ სპორტის ენას დავესესხებით, "ფინიშის სწორზე" გასვლას): ჯერ ერთი, ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი 10-15 წელი გასტანს, და მეორეც - არავინ იძლევა გარანტიას, რომ ეს მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წევრად მიღებით დაგვირგვინდება.

როგორც ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: [ბალკენენდეს ხმა] “რა არის მოლაპარაკების მიზანი? მოლაპარაკების მიზანია ევროკავშირში თურქეთის მიღება. მაგრამ, როგორც უკვე მითითებული იყო ევროკომისიის საანგარიშო მოხსენებაში, მოლაპარაკების შედეგი გარანტირებული არ არის. და თუ მოლაპარაკებამ მიგვიყვანა ვითარებამდე, რომელიც გამორიცხავს გაწევრიანებას, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ კანდიდატი სახელმწიფო მჭიდროდ დაუკავშირდეს ევროპულ სტრუქტურებს”.

ასეა თუ ისე, პარასკევს საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ ევროკავშირმა და თურქეთმა ერთსულოვნებას მიაღწიეს პირობაზე, რომლის შესრულებაც აუცილებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად. კერძოდ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოთქვა მზადყოფნა, წერილობით დაადასტუროს, რომ ანკარა ხელს მოაწერს კვიპროსთან დაკავშირებულ დოკუმენტს. ეს არის შეთანხმება, რომ თურქეთის ამჟამად მოქმედი საბაჟო კავშირი ევროკავშირთან, ევროკავშირის 10 ახალ წევრზეც გავრცელდება. და რახან ამ წევრებს შორის კვიპროსიც არის, ახალ წევრებთან საბაჟო კავშირის დამყარება თურქეთის მიერ კვიპროსის (მისი ბერძნული ნაწილის) დე ფაქტო აღიარებას ნიშნავს.

აქამდე უთანხმოებას სწორედ კვიპროსის საკითხი იწვევდა. შეგახსენებთ, რომ კუნძული კვიპროსი 1974 წლიდან ორად არის გაყოფილი: სამხრეთში ბერძნულ და ჩრდილოეთში - თურქულ ნაწილებად. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ ბერძნულ კვიპროსს ცნობს და ევროკავშირი ანკარისაგანაც მოითხოვდა მის აღიარებას. ანკარა კი უარზე იდგა.

თურქეთის მხრივ კომპრომისს, რომელზეც ის ბრიუსელში წავიდა, ევროკავშირის არაერთი ლიდერის, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის დადებითი შეფასება მოჰყვა. [ტონი ბლერის ხმა] “ის ფაქტი, რომ თურქეთი მუსლიმანური ქვეყანაა, არ ნიშნავს, რომ მას უარი უნდა ეთქვას ევროკავშირის წევრობაზე. პირიქით, თუ თურქეთი დამოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს უერთგულებს, მაშინ მუსლიმანები და ქრისტიანები თანამშრომლობას შეძლებენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი - სწორედ დღევანდელ მსოფლიოში”.
XS
SM
MD
LG