Accessibility links

logo-print

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აქილევსის ქუსლი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 დეკემბერს ცხინვალის ხელისუფლებამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული კომისიის თანათავმჯდომარეებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის

ზურაბ ჟვანიას შეხვედრა მოითხოვა. შერეულ კომისიაში ცხინვალის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ოსურ მხარეს აშფოთებს ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის სოჭის შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების დარღვევის გახშირებული ფაქტები.

როგორც გახსოვთ, სოჭის შეხვედრის მთავარი შედეგი იყო შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცეცხლის განუახლებლობისა და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია 20 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს შეთანხმება შესრულებული ნამდვილად არ არის. მეტიც - თუ 20 ნოემბრამდე კონფლიქტში მონაწილე მხარეები ფორმალურად მაინც ცდილობდნენ განიარაღების პროცესის დაწყებას, ბოლო დღეების მანძილზე ამ თემაზე საუბარიც კი აღარ მიმდინარეობს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სფეროში გოგა ხაინდრავა უარყოფს ოსური მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ შეხვედრა ზურაბ ჟვანიასა და კონფლიქტის მოგვარების შერეულ კომისიას შორის 22 დეკემბერს გაიმართება. ამ ეტაპზე ქართული მხარე ინტერესს უფრო აფხაზეთის კონფლიქტის თემის მიმართ იჩენს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის აფხაზეთს ყველაზე ფართო ავტონომია შესთავაზოს. პრეზიდენტი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს კონფლიქტების მოგვარების გზების მოძიების საკითხში. პარალელურად ქართულ პოლიტიკურ წრეებში, როგორც ჩანს, უახლოეს დროში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის თემა - პრეზიდენტმა პარლამენტს მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით მიმართა, რაც პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. როგორც იცით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გამართულ რეფერენდუმზე პარლამენტართა რაოდენობის შეცვლას ამომრჩეველთა უმრავლეობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, მომავალი არჩევნებისთვის საქართველოს ორპალატიანი პარლამენტი ეყოლება. ქვედა პალატაში პროპორციული წესით არჩეული პარლამენტარები იმუშავებენ, ზედა პალატაში კი - რეგიონების წარმომადგენლები. შესაბამისად, 2007 წლამდე - სწორედ 2007 წელს გაიმართება მომავალი საპარლამენტო არჩევნები - ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპები განსაზღვრული უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG