Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო-პატრიოტული ახალგაზრდული ორგანიზაცია თავშესაფრისა და დაფინანსების გარეშე


საქართველოში, სადაც ახალგაზრდობის

სამხედრო-პატრიოტული აღზრდის აუცილებლობის შესახებ ყველა ტრიბუნიდან ლაპარაკობენ, კვლავ მუდმივი ბაზისა და დაფინანსების გარეშეა დარჩენილი სამხედრო-პატრიოტული ახალგაზრდული ორგანიზაცია, აბრევიატურული სახელწოდებით - “სპა”. თუმცა, წელიწად-ნახევრის წინ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, სხვადასხვა თავშესაფარში მცხოვრებმა რამდენიმე უდედმამო და ზრუნვას მოკლებულმა ბავშვმა პირველად იგრძნო, რომ ისინი სჭირდება ქვეყანას. დღეს მინდა, სამხედრო-პატრიოტული ახალგაზრდული ორგანიზაციის პრობლემების გარდა, ამ ორგანიზაციის მიერ ცხოვრებისკენ შემობრუნებული ახალგაზრდა გოგონაც გაგაცნოთ.

20 წლის ქრისტინე ბოიკო ჯერ კიდევ ოჯახური ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის თავშესაფარში ცხოვრობს. მობინადრეთა ინტერესების გათვალისწინებით, თავშესაფრის ადგილმდებარეობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქრისტინეს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა მამისგან. თუმცა 20 წლის გოგონას არ უყვარს ამ თემაზე საუბარი. მით უფრო, რომ რესპონდენტთან დაკავშირებით ჩემთვის სხვა რამ იყო საინტერესო: ორი თვის წინ ქრისტინე იმ 150 ბავშვს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც კოჯრის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ორკვირიანი სამხედრო-პატრიოტული მომზადება გაიარეს. შეკითხვაზე, თუ როგორი იყო ერთ ბედქვეშ მყოფ თანატოლებთან გატარებული ორკვირიანი საველე შეკრება, ქრისტინეს ასეთი პასუხი აქვს:

[ქრისტინე ბოიკოს ხმა] “ძალიან კარგი! კარვებში ვცხოვრობდით და საძილე ტომრებში გვეძინა. ჩემ გარდა, კიდევ ოთხი გოგონა იყო - ორი ბათუმიდან და ორიც “ბეღურების” ბავშვთა სახლიდან. იმ ორ კვირაში გავიარეთ წვრთნა, გვასწავლეს იარაღთან მუშაობა, დისციპლინა და დაგვირიგეს სერტიფიკატები. თავიდან რომ მივდიოდით, არავინ იცოდა, თუ რა იქნებოდა. მაგრამ 24-ში, როცა უკან ვბრუნდებოდით, ბიჭი, გოგო - ყველა ტიროდა. არავის უკან წამოსვლა აღარ უნდოდა.”

კოჯრის საველე ბანაკში გატარებულმა ორმა კვირამ ქრისტინე ბოიკოს ცნობიერებაში გარდატეხა მოახდინა. სერტიფიკატის მიღების შემდეგ ოცი წლის გოგონამ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება სამხედრო საქმის შესწავლას მოანდომოს.

[ქრისტინე ბოიკოს ხმა] “დიახ, საბუთები შევიტანე აკადემიაში და უნდა დამირეკონ. 5 იანვარს უკვე მივდივარ.”

ქრისტინე ბოიკოს გარდა, სამხედრო საქმის შესწავლის სურვილი სამხედრო-პატრიოტული ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ თავშესაფრებიდან და ბავშვთა სახლებიდან აყვანილ კიდევ რამდენიმე მოზარდს გაუჩნდა. არადა, როგორც ორგანიზაციის სამხედრო ინსტრუქტორი გიორგი არუთინოვი ამბობს, თავდაპირველად ამ წამოწყების მესვეურები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ ჯგუფში ასეთი პატრიოტული სულისკვეთება გაიღვიძებდა. მით უფრო, რომ მათ შორის ზოგიერთს კრიმინალური წარსულიც ჰქონდა.

[გიორგი არუთინოვის ხმა] “კი არიან, მაგრამ ყოველთვის, როცა ცალკე ვრჩებოდით, ყველას ცალ-ცალკე ველაპარაკებოდით და ვარიგებდით. მერე უკვე თითონ ეუბნებოდენ სხვებს: რა გინდა, ქუჩაში რატომ უნდა იყო, ჩვენთან მოდითო. და ამის შემდეგ თითონ წავიდნენ ზოგიერთნი, თავის ფეხით, კადეტთა კორპუსში და სწავლობენ და, ალბათ, გააგრძელებენ სამხედრო საქმეს.”

სამხედრო-პატრიოტული ახალგაზრდობის ორგანიზაციამ ასეთი საველე შეკრება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური დახმარებით, ორჯერ მოახერხა და ორჯერვე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ თუმანიშვილმა, განათლების სამინისტროს დახმარებით, ისე მოაწყო საქმე, რომ თავშესაფრიდან აყვანილი ბავშვები იზოლირებულნი არ ყოფილიყვნენ. სამხედრო საქმეს, მშობელთა ზრუნვას მოკლებულ და თავშესაფრებიდან აყვანილ მოზარდებთან ერთად, თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეებიც გადიოდნენ.

[თეიმურაზ თუმანიშვილის ხმა] “ჩვენ ვერ მოვახდინეთ და არც გვაქვს მიზნად, რომ იზოლირება გავუკეთოთ ამ ბავშვებს. პირიქით, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით, ჩვეულებრივი საშუალო სკოლებიდანაც არიან ბავშვები, მათთან ერთად სწავლობდნენ და გაიარეს ეს შეკრება.”

მაგრამ ამ ორი შეკრების შემდეგ სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციის თაოსნობა ჰაერში გამოეკიდა. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც დიდ თანხებს ხარჯავს რეზერვისტების გადამზადების პროექტებზე, ვერ გამონახა თანხები სკოლის ასაკის მოზარდებისა და სარეაბილიტაციო თავშესაფრებში მყოფი მათი თანატოლების ორკვირიანი სამხედრო-პატრიოტული შეკრებების დასაფინანსებლად, ორგანიზაციისათვის მუდმივი ბაზის გამოსაყოფად. თეიმურაზ თუმანიშვილი კი უწყებიდან უწყების კარზე დადის და ცდილობს ძალიან მარტივი არგუმენტით დაარწმუნოს მაღალი რანგის მოხელეები, ვისაც ახალგაზრდობის სამხედრო პატრიოტული აღზრდა ეხება, თუ რატომ არის საჭირო ასეთი ღონისძიებების ორგანიზება ამ ასაკის ბავშვებისათვის:

[თეიმურაზ თუმანიშვილის ხმა] “ზუსტად დღეს გვაქვს ჩვენ იმის საშიშროება, რომ დროზე თუ არ მივაქციეთ ყურადღება ამ ბავშვებს, მათი ნაწილი ან სხვა ქვეყანაში გადავა, ან მერე არ გაუკვირდეს ჩვენი საზოგადოების ბევრ წევრს, თუ გავა წელიწადი, ორი წელი და დახვდებიან ჯგუფები, რომლებიც იარაღით დახვდებიან ბნელ სადარბაზოებში.” (სტილი დაცულია)

ამასობაში, 20 წლის ქრისტინე ბოიკო, რომელმაც სამხედრო-პატრიოტული ბანაკის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ ქვეყანას მისი მსგავსი ადამიანები სჭირდება, ოცნებობს იმ დროზე, როცა თავის პატარა ძმასაც გაგზავნის სამხედრო საქმის შესასწავლად საველე შეკრებაზე:

[ქრისტინე ბოიკოს ხმა] “აი, ბატონი თემური რომ გახსნის რაღაც ცენტრს, ჩემს ძმას დიდი სიამოვნებით ჩავწერ იქ. დები კი პატარები არიან.”

ქრისტინე ბოიკოს ამ იმედის ახდენა ახლა მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მონდომებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლებას კი მთავარი ყურადღება ადმინისტრაციული რესურსის სამხედრო შეკრებებზე აქვს გადატანილი და ნაკლებად ფიქრობს მომავალი თაობის - მით უფრო, ქუჩაში დარჩენილი თაობის - სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG