Accessibility links

logo-print

ევროპას საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კანონი არ მოსწონს

  • ნინო როდონაია

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა დაასრულა მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე, რომელსაც სტრასბურგში ზამთრის სესიაზე განიხილავს ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა.

დოკუმენტის პროექტის ავტორები მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, განახორციელოს პოლიტიკური, იურიდიული და ეკონომიკური რეფორმები, თუმცა მიუთითებენ, რომ პოსტრევოლუციური მდგომარეობა არ უნდა იყოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისა და ადამიანის უფლებების იგნორირების საბაბი.

მინდა მოგითხროთ იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რას უკავშირდება ევროსაბჭოს რამდენიმე ახალი რეკომენდაცია.

ბერლინის შემდეგ სწორედ სტრასბურგი იყო ის ქალაქი, სადაც 2004 წლის იანვრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი პირველად ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა ისიც შეახსენა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ,,თაფლობის თვე” მუდმივი არ იქნებოდა.
ევროპიდან იანვრის ბოლოს დაბრუნებულმა პრეზიდენტმა თებერვლის დასაწყისში საქართველოს კონსტიტუცია შეცვალა და ძალაუფლება საგრძნობლად გაიფართოვა.
თითქმის ერთი წლის შემდეგ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის ცვლილებების გადახედვას ითხოვს.
თებერვალში, როდესაც 1999 წლის მოწვევის პარლამენტის უფლებააღდგენილი შემადგენლობა, რევოლუციური აუცილებლობის მოტივით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოამზადა განცხადება, სახელწოდებით ,,დემოკრატია საფრთხეშია,” რომელსაც ხელი მხოლოდ 15-მა კანონმდებელმა მოაწერა:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] ,,ჩვენ მაშინაც და ახლაც დარწმუნებულნი ვართ, რომ, სამართლებრივი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ამ პრინციპების დარღვევით, ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი, განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი მთავრობა და დაკნინებული უფლებამოსილების საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, არამედ დავარღვიეთ ის ძალთა ბალანსი, რომელიც დემოკრატიას და სამართლიანობას განაპირობებს.”

იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის მსგავსად, კონსტიტუციური მართლწესრიგის დარღვევაზე საუბრობდა ჯერ კიდევ თებერვალში, ცვლილებების განხილვისას, საკონსტიტუციო საკითხთა ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე. მისი განმარტებით, ცვლილებები სრულიად არღვევს არა მხოლოდ კონსტიტუციონალიზმის, არამედ თავად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ,,შეიქმნა ახალი კონსტიტუციური სუბიექტი - საქართველოს მთავრობა, მაგრამ მისი უფლებამოსილება, როგორც ცალკე აღმასრულებელი განშტოებისა, ფაქტობრივად, განულებულია. მას შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს მანამ, სანამ ამას პრეზიდენტი მოინდომებს და რა ფარგლებშიც მოინდომებს. ეს აუცილებლად გასასწორებელია.”

შეცვლილი კონსტიტუციის შესწორებასა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების უფლებამოსილების მკვეთრად გამიჯვნას თითქმის ერთი წელია მოითხოვენ ქართველი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსთა ნაწილი. თუმცა მხოლოდ მათი მოთხოვნის შესრულება ვახტანგ ხმალაძეს არარეალურად მიაჩნია და გარკვეულ იმედს ევროსაბჭოს ახალ რეკომენდაციაზე ამყარებს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ,,მოგეხსენებათ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და ჩვენთან ეს ძალიან კარგად მოქმედებს. ევროსაბჭოს რეკომენდაციები, რეკომენდაციები კი ჰქვია, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან გაუთვალისწინებლობას მოაქვს უარყოფითი შედეგები თავად სახელმწიფოსთვის.”


ევროსაბჭოს კიდევ ერთი ახალი რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს კანონის იმ მუხლებს, რომელიც, გარიგებითი მართლმსაჯულებისა და თანხის გადახდის წყალობით, დამნაშავეებს პატიმრობიდან ათავისუფლებს. მონიტორინგის კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოში ამ ტიპის კანონის მოქმედება თვითნებური და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების აღსრულების საფრთხეს ჰქმნის. იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ,,გარიგებითი მართლმსაჯულება ქართულ პრაქტიკაში მახინჯი ფორმით” დამკვიდრდა:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] ,, საქმე ისაა, რომ ქართული პრაქტიკა სამართალწარმოებისა გასცდა ასევე ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებს. იმას, რასაც ამერიკელები გარიგებით მართლმსაჯულებას უწოდებენ, ჩვენ საპროცესო შეთანხმება დავარქვით. მოქმედი საპროცესო შეთანხმების თანახმად, შეუძლებელი იყო მაღალი თანამდებობის პირი გათავისუფლებულიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, თუ ამის თაობაზე საჯარო სასამართლო პროცესზე არ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. ასიდან 99 საქმე არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი და წინასწარი გამოძიების სტადიაზევე მოხდა საპროცესო შეთანხმება.”

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას შეიცავს. მათ შორისაა ევროპის ახალი სოციალური ქარტიისა და ეთნიკური უმცირესობების დაცვის კონვენციის რატიფიცირება და აჭარის ავტონომიური მოდელის სრულყოფა.
პროექტში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოში სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, პრაქტიკულად არ არსებობს რეალური თვითმმართველობა და შეზღუდულია მედია. ევროსაბჭოს ახალი რეკომენდაციების შესრულება საქართველოს ხელისუფლებამ მომავალი წლის სექტემბრამდე უნდა დაიწყოს. ამჯერად პროცესის გადავადებას ევროპის საბჭო არ აპირებს.
XS
SM
MD
LG