Accessibility links

ახალგაზრდული პროგრამა

  • ნიკო ნერგაძე

დღეს საინფორმაციო გადაცემებზე ვისაუბრებთ.

გავიგებთ, რომელი არხის საინფორმაციო გამოშვება მიაჩნია ხალხს ყველაზე სანდოდ და ობიექტურად, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ქართული არხების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, გასართობი რა მოსწონთ და ბოლოს 5 სიმღერასაც მოვისმენთ, რომლის თემაც ტელევიზია და ახალი ამბებია.

არის ასეთი სტერეოტიპი, რომ ახალგაზრდებს დღეს არაფერი აინტერესებთ, მოდის უზრდელი და გაუნათლებელი თაობა, რომელსაც მხოლოდ უცნობი და ლექს-სენი იზიდავთ, წიგნი მაგათ არ წაუკითხავთ და არც ის აინტერესებთ, ქვეყანაში რა ხდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მართალი არ არის. ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, ამას ჩვენ ვერ დავთვლით, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რომ აინტერესებთ, ეს უდავოა. “კმარადან” დაწყებული, მოშიმშილე სტუდენტებით დამთავრებული, ახალგაზრდა თაობა აქტიურად - ზოგის აზრით, ზედმეტად აქტიურადაც - ებმება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საიდან ღებულობს ეს ხალხი ყოველდღიურ ინფორმაციას?. არჩევანი მრავლადაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაწყებამდე, ყველაზე დიდი საინფორმაციო არხებია: “რუსთავი-2”, “იმედი” და “მზე”. ასე ორიოდე წლის წინ რომ გეკითხა, ახალგაზრდების უმეტესობა, უდავოდ, “რუსთავი 2-ს” მიანიჭებდა უპირატესობას. დღეს, როგორც შევატყვეთ, სიტუაცია შეიცვალა, თან საკმაოდ მკვეთრად. ჩვენ მიერ გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტი პოპულარობით გიორგი თარგამაძის “დროება” სარგებლობს, რომელიც “იმედის” არხზე გადის.

[მაყურებლები აქებენ „დროებას“]

“დროება” მაინც ყოველკვირეული გადაცემაა. აი, ყოველდღიურ საინფორმაციოებთან დაკავშირებით კი აზრი მკვეთრად გაიყო. მაყურებლებს სერიოზული პრეტენზიები აქვთ ქართულ ტელეარხებთან. საინტერესოა, რომ მათი შეფასება ემთხვევა ექსპერტების აზრსაც. მათი აზრით, საინფორმაციო გადაცემები არის არაობიექტური და ზედმეტად მიმართული სკანდალებსა და ნეგატიურ ასპექტებზე. ალბათ, ამიტომაც მოსწონთ “დროება”, რომელიც, ყოველდღიურ გადაცემებთან შედარებით, მდორეა და უფრო ნელი ტემპი აქვს, თანაც მხოლოდ მოჭრილ თავებს და აჯანყებულ უშუქო ხალხს არ აჩვენებს, ხან გველეშაპის კვერცხს ეძებს ვიღაცა და ხან კი მანქანა ჩამოჰყავთ გერმანიიდან. თუმცა “დროებასაც” და მთლიანად “იმედსაც” ის პრობლემა აქვს, რაც “რუსთავი-2-სა” და “მზეს” - ხალხი მათ აღიქვამს არა თავის, არამედ ვიღაც მაგნატის ტელევიზიად და მისი ინტერესების გამტარებლად.

[მაყურებლები ჰყვებიან, თუ რა არ მოსწონთ საინფორმაციო გადაცემებში]

რა თქმა უნდა, ჩვენს გამოკითხვას სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნია - ოცდაათამდე ადამიანის აზრი, რომელიც ჩვენ შეგვხვდა, არ ასახავს ყველას აზრს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც გვაჩვენებს, თუ რას ფიქრობს ხალხი ქუჩაში.

და აი, რას ფიქრობს ხალხი ქუჩაში. მათ კვლავინდებურად მოსწონთ “კურიერი”, თუმცა გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ადრე. დღეს “კურიერს” პოპულარობაში “იმედის” საინფორმაციო გამოშვება წამოეწია. წამოეწია კი არადა, ჩვენს გამოკითხულებში გადაასწრო კიდევაც, თუმცა - სულ ოდნავ. “მზე” პოპულარობით მესამე ადგილზეა.

[მაყურებლები საყვარელ საინფორმაციო გადაცემებს ასახელებენ]

მხოლოდ საინფორმაციოთი ადამიანი იოლას ვერ გახვალ. პოლიტიკური ინტრიგების, გატანჯული ხალხისა და კულუარული ბრძოლის შემხედვარეს, ცოტა გართობაც გინდება. გასართობი კი, გადაცემების პროგრამაში რომ ჩაიხედო, მრავლადაა.

“რუსთავი 2-ს”, ძირითადად, დასავლური გადაცემების კლონები აქვს: “ვის უნდა 50 ათასი”, “ხალხის პირისპირ”, “ყველაზე ჭკვიანი” და “ღამის შოუ”. “იმედი” ქართულ ტელესერიალებს აჩვენებს და კიდევ “ათასიდან ერთ შანსს”, სადაც ძალიან დაბნეული ხალხი სულელურ კითხვებს სვამს და ცდილობს გულის სწორი იპოვოს. ტიპიური კითხვებია: “გაქვთ თუ არა იუმორის გრძნობა?” და “გიყვართ თუ არა ბავშვები?” - რას უპასუხებენ ამ კითხვაზე, გასაგებია, მგონი.

“მზეს” გასართობად უფრო ფილმები აქვს, რომლებიც ამაზრზენადაა ნათარგმნი, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ფილმებს კარგს აჩვენებენ ხოლმე, მაგრამ თარგმანის გამო შეხედვა არ მოგინდება. ჯეკს და დედამისს რომ თავი დავანებოთ, სხვა რაღაცას ამბობენ, საერთოდ. მახოვს, “მოკალი ბილის” პირველ ნაწილს ვუყურებდი, რომელიც მანამდე მქონდა ნანახი ინგლისურად და ბოლო ფრაზაა ფილმში “კარგი ისაა, რომ მან არ იცის, რომ მისი გოგო ცოცხალია”, დაახლოებით ასე. “მზის” თარმანში კი ასე ჟღერდა: “თუ მას გოგო ეყოლა, შენ ცოცხალი დარჩები.”

გართობის სფეროში სამ ლიდერ ტელევიზიას ეწევიან არასაინფორმაციო არხები: “მაესტრო”, “პირველი სტერეო” და “202”. ამათგან ჩვენმა გამოკითხულებმა უფრო ხშირად “პირველი სტერეო” დაასახელეს. “მაესტროზეო”, - ამბობენ, - მთელი დღე ეს-ემ-ესებს კითხულობენ და ეგ არ მოგვწონსო”. “202” კი თითქმის არავის გაახსენდა.

[მაყურებლები საყვარელ გასართობ გადაცემებს ასახელებენ]

მოკლედ, როგორც ჩანს, ტყუილად არ არის საქართველოში ამდენი არხი: ყველას თავისი მოსაწონი აქვს და მას უყურებს. თუმცა, საინფორმაციო გამოშვებებს რომ დავუბრუნდეთ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენმა გამოკითხულმა მაყურებლებმა აღნიშნეს, მარტო ქართულ ტელევიზიას არ ახასიათებს. დაახლოებით იგივე პრობლემებია დასავლეთსა და ამერიკაში. იქაც იმდენად აწუხებს ხალხს ეს პრობლემები, რომ ამაზე სიმღერებსაც წერენ. ახლაც სწორედ 5 ტელევიზიასა და ახალ ამბებთან დაკავშირებული სიმღერების ხუთეულს წარმოგიდგენთ. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს ხუთეული, ისევე როგორც ყველა სხვა ჩვენს გადაცემაში გასული ხუთეული, ჩემი გემოვნებითაა შედგენილი და არა გამოკითხვის შედეგად. ეს, ვისაც კითხვა გაუჩნდა, იმათთვის.

მაშ ასე, დავიწყოთ ჯეკ ჯონსონის სიმღერით “ნიუზ”, რაც ახალ ამბებს ნიშნავს. ჯეკ ჯონსონს აწუხებს, რომ ამდენი ცუდი რამ ხდება მსოფლიოში. ამ გულისტკივილით მან ჩვენთან მეხუთე ადგილი მოიპოვა.

Jack Johnson – The News

მეოთხეზეა ლარი ნორმანის სიმღერა “აი ემ ზი სიქს ო კლოკ ნიუზ”. მე ვარ ექვსაათიანი ახალი ამბების გამოშვებაო, ამბობს ლარი და ამით ორ რამეს ვიგებთ: პირველი, რომ იმათთან ყურადღება უფრო ექვსსაათიან გამოშვებას ეთმობა, ვიდრე, როგორც ჩვენთან, 8 ან 9 საათიანს და, მეორე, რომ ლარი ნორმანი არის მატყუარა - აბა, როგორ შეიძლება ერთი კაცი იყოს ახალი ამბების გამოშვება? შეუძლებელია ეს.

Larry Norman – I am the Six O’Clock news

მესამე ადგილზეა ბებერი ბლუზმენი მადი უოტერსი, სიმღერით “გუდ ნიუზ”, იმიტომ რომ კარგი ახალი ამბავი ბევრად სჯობია ცუდს. ეს ძალიან საკამათო აზრი გამოვთქვი, ვიცი.

Muddy Waters – Good News

მეორეზეა საიმონის და გარფანკელის “საილენთ ნაით/სევენ ო კლოკ ნიუზ”. აქ ისინი საშობაო სიმღერას მღერიან, რომელსაც ფონად საინფორმაციო გამოშვება გასდევს. სიმღერაა წყნარ ღამეზე, გამოშვება კი რაღაც უბედურებებს მოგვითხრობს.

Simon and Garfunkel – Silent Night/Seven O’Clock news

პირველზე გასულ სიმღერას ახალ ამბებთან კავშირი არა აქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი სერიალის მუსიკა კი გახლავთ. მალდერი და სკალი ახალ ამბებს არ დასდევდნენ, მაგრამ ჭეშმარიტების ძიებაში კი იყვნენ, თითქმის ისევე, როგორც ჟურნალისტები, ოღონდ, ჩვენი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მათ ჭეშმარიტებას ეგრევე ვერ მიაკვლიეს, არადა ასე ახლოს იყვნენ.

მოკლედ, გიტოვებთ ექს–ფაილების თემას, დასთ ბრაზერსის შესრულებით. ისიამოვნეთ და ხანდახან ტელევიზორი გამორთეთ. ამბობენ, ჯანმრთელობისათვის მავნებელიაო.

Dust Brothers – X-Files Theme
XS
SM
MD
LG